საზოგადოება

“მამა ტაბუს” პერფორმანსი ეკლესიის ძალადობრივ -სტალინისტური დისკურსის წინააღმდეგ [Video]

24 აგვისტო, 2013 • • 4456
“მამა ტაბუს” პერფორმანსი ეკლესიის ძალადობრივ -სტალინისტური დისკურსის წინააღმდეგ [Video]

პერფორმანსი ორგანიზაციის „Transkaukazja“ მიერ ორგანიზებული ღონისძიების „stories of existence and resistence from caucasus“ ფარგლებში 2013 წლის 9 აგვისტოს გაიმართა. 

 

ხელოვანის განცხადებით, პერფორმანსის ძირითადი შთაგონების  მიზეზი  2013 წლის 17 მაისს საქართველოში განვითარებული  მოვლენები  და საქართველოს პატრიარქის მოსკოვში ჩასვლა, პუტინთან შეხვედრა და სტალინის ქება-დიდება გახდა.

 

“ამ მოვლენებმა სრული სახით წარმოაჩინა საქართველოს ეკლესიაში არსებული ის მდგომარეობა, რომელიც მანამდე მხოლოდ ფრაგმენტულად იყო ცნობილი. იაფფასიანი სასწაულების მოდა, რომელიც უფრო კერპთაყვანისმცემლობაა, აუფასურებს ქრისტიანობის მაცხოვნებელ ძალმოსილებას. ხდება ელემენტარული ფოტოს, თუ სხვა ტექნიკური ეფექტების, გასაღება ღვთიურ სასწაულად.  ჩვეულებრივი მოქალქეებისთვისაც კი ადვილი შესამჩნევია, რომ საქართველოს ეკლესია ძველ აღთქმისეულ რელიგიურ ორგანიზაციად იქცა, სადაც უფლის მიერ მოვლენილი სასჯელის თეორიაზე კონცენტრირებით, ეგზისტენციალური შიშის დანერგვით მთლიანად გამოიდევნა ახალაღთქმისეული, ქრისტიანული აზროვნება, რომლის სიმბოლოსაც ჩემთვის იოანეს პირველი ეპისტოლის (418) ეს სიტყვები წარმოადგენს: „შიში არ არის სიყვარულში, არამედ სრულყოფილი სიყვარული გარეთ სდევნის შიშს, რადგან შიშს სასჯელთან აქვს საქმე, ხოლო შეშინებული არ არის სიყვარულში სრულყოფილი“.

 

მისივე თქმით, იგივე სიტუაციაა ქალებთან დამოკიდებულებაშიც:

 

“ეს საშინელი ქალთმოძულეობა სრულიად არაქრისტიანულია. სახარების მონაკვეთი (მარკოზი 143-9 ), სადაც  ქალმა იესო ქრისტეს ნელსაცხებელი ცხო, ხოლო იესომ იგი იქ მყოფი მამაკაცების პატრიარქალური შემოტევისაგან დაიცვა, ჩემთვის პარადიგმულია ამ კუთხით”.

 

იგი ასევე განმარტებას აკეთებს პერფორმანსში გარეგნობასთან დაკავშირებულ ეპიზოდზეც. მისი თქმით, იგი ადამიანთა გარეგნობის მიხედვით განსჯას და ამგვარი სტერეოტიპების დამკვიდრებას ეწინააღმდეგება და აღნიშნავს, რომ ეპიზოდს სიმბოლური დატვირთვა აქვს:

 

“სასულიერო პირთა უაღრესად მიწიერი იმიჯი – ღიპი მათი გაზულუქებულობის სიმბოლოდ იქცა. ვისურვებდი, რომ სასულიერო პირებს, მაგალითად, ევარჯიშათ, მიეღოთ უფრო ჯანსაღი და, ამავე დროს, სულიერი იმიჯი. საშინელებაა, როდესაც მდიდრულ ჯიპებზე ამხედრებული, “გაფუებული“ მღვდლები ზემოდან ჩასჩიჩინებენ და უქადაგებენ ადამიანებს  იმას, რასაც თავად ვერ ასრულებენ. პერფორმანსში გარეგნობასთან დაკავშირებულ ამ შტრიხს სწორედ ეს სიმბოლური დატვირთვა აქვს”.

 

ხელოვანის განცხადებით, გაუკუღმართებულ ქმედებათა ამგვარ მსვლელობას ლოგიკურად მივყავართ ძალადობის კულტსა და მორწმუნე სტალინის ხატებასთან, რომელიც  თავის მხრივ  უტოპიაა, რომლის ასახვასაც წარმოადგენს პერფორმანსის ფინალი:

 

“ცალკე აღნიშვნის ღირსია ფსიქოზამდე მისული აპოკლიპტიკური შიზოფრენია საქრთველოში, რომელიც ასევე წარმოადგენს სინამდვილეში ადამიანების ფსიქოლოგიური დაშინების მექანიზმს. სახარებაში  ანტიქრისტე არ არის აღწერილი რქებიან მონსტრად, რომლის ამოცნობაც გარეგნულად უმალვე შეიძლება. პირიქით  შეიძლება იგი გარეგნულად უაღრესად სულიერ მდგომარეობად წარმოგვიდგეს, მაგრამ არსობრივად ანტიქრისტიანობას წარმოადგენდეს (მარკოზი 1321-23). ადამიანთა განსხვავებულობის გამო დევნა-შევიწროვება, სოციალურად დაუცველ ოჯახთა ბავშვების სასიკვდილოდ გაწირვა, ამის გამართლება იმით, რომ ისინი მუსლიმები არიან, სადაური ქრისტიანობაა? ხე ნაყოფით იცნობა (მათე 1233-37). “

 

პერფორმანსის ავტორს იმედი აქვს, რომ  საქართველოს საპატრიარქო ყველა ადამიანის მიმართ ერთნაირად იქნება სიყვარულით განწყობილი, მიუხედავათ მათი რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა კუთვნილებისა, რომ საპატრიარქოს ეყოფა ძალა, “ცოდვილს“ ცოდვით არ ებრძოლოს. იგი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ  საპატრიარქო “ერთმორწმუნეობის“ გამო არ დასახავს “ჩრდილოეთს“ ქვეყნის მომავლის ერთადერთ გზად:

 

“ბინძურ პოლიტიკაში ჩარევა, პირველ რიგში, ქრისტეს ეკლესიის სახელს ლახავს.  ამ მხატვრულ პერფორმანსს ვუძღვნი ჩემს დიდ ბაბუას, დახვრეტილს 1937 წელს, ჩემს დიდ ბებიას, რომელმაც 8 წელი გულაგში გაატარა და ყველას, ვისაც სტალინის რეპრესიები შეეხო!“

 

 

“ოოო წმინდა სტალინო, პუტინმა თქვა რომ ღმერთი ხარ!

ოოო წმინდა სტალინო, ილიას ნაკურთხო ცრემლითა!

ოოო წმინდა სტალინო, ღვთის მშობლის ხატითა და წმინდა გიორგის მადლითა, დამმარცხებელო  ფაშიზმის ავი ძალისა!

ოოო წმინდა სტალინო, მღვდელთა და ბერთა კერპი ხარ!

ოოო წმინდა სტალინო, მამათმავლების მტერი ხარ!

ოოო წმინდა სტალინო, განმანათებელო ერისა, აღმშენებელო  ქვეყნისა!

ოოო წმინდა სტალინო, 60მილიონი სულის ჩამბარებელო ღმერთისთვის!

ოოო წმინდა სტალინო, განმწმენდო ქართლის ერისა საღი ტვინ-მქონე ბერისგან!

ოოო წმინდა სტალინო, მადლობა გოლოდომორის და გულაგის შექმნისთვის!

ოოო წმინდა სტალინო, მადლობა ბაბუის დახვრეტისათვის და ქონების წართმევისათვის!

ოოო წმინდა სტალინო, შენი დადგმული ძეგლითა, კვლავ გაბრწყინდება საქართველო, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა!!!“

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი