საზოგადოება

„ჩვენ გვახსოვს აგვისტო” – აქცია ნიუ იორკში

13 აგვისტო, 2013 • 1444
„ჩვენ გვახსოვს აგვისტო” – აქცია ნიუ იორკში

 

 

აქცია ორგანიზებეული გახლდათ „საქართველო–ამერიკის ფონდის“  წარმომადგენლის, გიორგი შენგელაიას მიერ და მას, ტრადიციულად, აშშ–ში არსებული პოლონური და ჩერქეზული დიასპორის ლიდერები ესწრებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი მხარდაჭერა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლაში  და გაიხსენეს რუსეთის იმპერიის მხრიდან არაერთი ერისა თუ ქვეყნის მიმართ დაუფარავად გაცხადებული დამპყრობლური ამბიციების შესახებ.

 

გაეროს წინ ქართველების მიტინგს ამერიკელებიც შეუერთდნენ, რომლებმაც იციან არა მარტო ხუთი წლის წინანადელი ომის, არამედ ზოგადად საქართველოს არაერთი მცდელობის შესახებ, იყოს სუვერენული სახელმწიფო. აქციაზე საჩხერის ყოფილმა გამგებელმა, ზურა ცერცვაძემ შეგვახსენა აგვისტოს ომის  ის ეპიზოდი, თუ როგორ  აპირებდა სამხედრო ბატალიონ „ვოსტოკის“ ხელმძღვანელი სულიმ იამადაევი საქართველოს ამ რეგიონში შეჭრას, როგორ გაბრუნდა იგი ქართულ მხარესთან ოცწუთიანი საუბრის შემდეგ,  არ შეიჭრა საჩეხერეში, 7 თვის თავზე კი იგი დაქირავებულმა მკვლელებმა მოკლეს.  მან ასევე გიახსენა საქართველოს გმირები, მათ შორის – გიორგი ანწუხელიძე და სხვა ქართველი მეომრები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპნენ ანდა ტყვედ ჩავარდნილები წამებით მოკლეს. გაიხსენა საჩხერელი, წარმოშობით სოფელ მახათაურიდან, მეოთხე ბატალიანის 19 წლის რიგითი ირაკლი ბაზაძე, რომელიც 10 აგვისტოს დაიღუპა.  

 

 აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნის გაჟღერების შემდეგ წუთიერი დუმილით პატივი სცეს დაღუპულთა ხსოვნას.

           

 

   აქციაზე  ქართველი ემიგრანტების მიერ შექმნილი ორგანიზაციის „ჩვენ გვახსოვს აგვისტო“ (“We Remember August”) წარმომადგენელმა ნინო ჩოგოვაძემ გვაცნობა  ორგანიზაციის მისიისა და ვებპორტალის www.august2008.org -ის შექმნის შესახებ, რომლის მაისურები და საინფომაციო ბუკლეტები აქციის მონაწილეებსაც დაურიგდათ.  საიტზე მკითხველს ასევე შეუძლია ბრძოლის ველზე დაღუპული გმირების ბიოგრაფიულ ცნობებსა და მათი ცხოვრების ეპიზოდებს გაეცნოს. „ჩვენ გვახსოვს აგვისტოს“ მიზანია  რუსეთის ფედერაციასთან ბრძოლაში ხუთი წლის წინ სამამულო ომში დაღუპული ქართველი სამხედრობის ოჯახების  თანადგომა, პატივისცემა, მადლიერების გრძნობის გამოხატვა და მატერიალური დახმარება. ორგანიზაციაში გაწევრიანება და თანხის გადარიცხვა ყველა მსურველს შეუძლია საიტზე მითითებული საკონტაქტო ინფომაციის მეშვეობით.

 

 

       აქცია დასრულდა  გაეროში რუსეთის ფედერაციის მისიის შენობის წინ საპროტესტო პიკეტირებითა და მსვლელობით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი