“ეს პროცესები, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს სკოლის დირექტორების არჩევაზე. ზოგადად თუ ვისაუბრებთ სამეურვეო საბჭოების არჩევნების პროცესზე, ასეთი სურათი იყო: კანდიდატებს ხშირად თავად სკოლის დირექტორები ასახელებდნენ და არა მშობლები ან მასწავლებლები. ბუნებრივია, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საბჭო შემდგომში მისთვის სასურველ სკოლის დირექტორს აირჩევს,”- აცხადებს ლომჯარია.
ლომჯარიას განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ სამეურვეო საბჭო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არის ორგანო, რომელიც ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სკოლის დირექტორს, ამტკიცებს ბიუჯეტსა და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებს, „სამართლიან არჩევნებს“ მიაჩნია, რომ საბჭოს არჩევნების სამართლიან, თანასწორ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება სკოლის თვითმმართველობისა და, ზოგადად, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო.
“მნიშნველოვანია, რომ ის დარღვევები, რაც წარსულშიც იყო, დღესაც წამოიწიოს წინ და ყურადღება გამახვილდეს მათზე. სკოლები არის ის რგოლი და მნიშვნელოვანი დასაყრდენი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის, რომელსაც რესურსის სახით იყენებენ. ისინი დიდ როლს თამაშობენ რეგიონში ან რაიონში განვითარებულ მოვლენებზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რამდენად დამოუკიდებელი იქნება სამეურვეო საბჭო და დირექტორი.”
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” დღეს, 19 ივნისს, სკოლის სამეურვეო საბჭოების არჩევნების მონიტორიგის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, “წინასაარჩევნო პროცესები სკოლების უმრავლესობაში არ იყო გამჭვირვალე, ხოლო სკოლის დირექციამ ვერ უზრუნველყო დაინტერესებულ პირთა სათანადო ინფორმირება და ჩართულობა. მთელ რიგ შემთხვევებში დირექციის მიერ მათთვის მისაღები კანდიდატების დასახელება მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობისა და ინფორმირებულობის გარეშე ხდებოდა, რის შესახებაც ამომრჩევლები – მშობლები და მასწავლებლები რეგისტრაციის პროცედურის დასრულების შემდგომ, ხშირად კი უშუალოდ არჩევნების დღეს იგებდნენ.”