საზოგადოება

თურქეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში

27 მაისი, 2013 • 12602
თურქეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში

საქართველოს უცხოელი მოქალაქეები

სტატისტიკის თანახმად, ბოლო ორ წელში თურქეთის 83 მოქალაქეს აქვს მიღებული საქართველოს მოქალაქეობა. რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა საბერძნეთი – 393 მოქალაქით, შემდეგ მოდის ისრაელი – 315 და ამერიკის შეერთებული შტატები – 274 მოქალაქით. საქართველოს მოქალაქეობა ბოლო ორი წლის მანძილზე სომხეთის 209 მოქალაქესაც მიუღია. სხვა ქვეყნები მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილნი.

2004-2011 წლებში საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის 25 314 მოქალაქისთვის მიუნიჭებია ქვეყნის პრეზიდენტს, ანუ ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა სულ 33 772-მა პირმა მიიღო.

გადამოწმებული ინფორმაციით, 2009 წლიდან დღემდე რუსეთიდან საქართველოში 14 913 ეთნიკური ქართველი დაბრუნდა და დაიბრუნა მოქალაქეობა. ასევე გადამოწმებული ინფორმაციით, 2005 წლიდან დღემდე თურქეთის 606 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქის სტატუსი.

`ბათუმელებს~ ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია, 2004-2008 წლებში რამდენი ეთნიკური ქართველი დაბრუნდა რუსეთიდან საქართველოში. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი გაბრიელაშვილის განმარტებით, რომელიც მან “ბათუმელებს” 2011 წელს მისცა, 25 314 მოქალაქიდან აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ყოფილი მოქალაქეა. „საქართველოს მოქალაქეები გასული საუკუნის 90-იან წლებში წავიდნენ ქვეყნიდან და იძულებულები გახდნენ მიეღოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანუ ამის საფუძველზე შეუწყდათ პირვანდელი მოქალაქეობა. 2004 წლის შემდეგ კი კვლავ გაუჩნდათ სურვილი საცხოვრებლად დაბრუნებულიყვნენ თავიანთ ქვეყანაში და საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს“, – განაცხადა გაბრიელაშვილმა.

უცხოელები მუდმივი ბინადრობის უფლებით საქართველოში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ორ წელში 97 ქვეყნიდან საქართველოში 18 384 ადამიანი ჩამოვიდა და სხვადასხვა სტატუსით ცხოვრობს. აქედან მუდმივი მობინადრის სტატუსი მხოლოდ 1683 მოქალაქეს მიუღია. მათ შორის ლიდერი კვლავაც რუსეთია – ეს ქვეყანა 968 ადამიანით არის წარმოდგენილი, სომხეთი – 220-ით, უკრაინა – 196 მოქალაქით. მუდმივი ბინადრობის უფლება თურქეთის 30 მოქალაქეს მიუღია.

2009-2011 წლებში მუდმივი ბინადრობის ნებართვა უცხო ქვეყნის 4512 მოქალაქეს მიენიჭა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც ლიდერი რუსეთია. 2004-2009 წლების სტატისტიკური მონაცემები დროებით ბინადრობასთან დაკავშირებით “ბათუმელებს” არ გააჩნია.

უცხოელები დროებითი ბინადრობის უფლებით საქართველოში

ბოლო ორ წელიწადში ქვეყანაში შემოსული 18 384 პირიდან 8243 პირი საქართველოში დროებით მობინადრის სტატუსით სარგებლობს. ამ შემთხვევაში ლიდერი ჩინეთია – 2262 პირს აქვს დროებით ცხოვრების უფლება საქართველოში, მეორე ადგილზე მოდის თურქეთი – 1274; ირანი – 1217 პირით მესამე ადგილს იკავებს.

2009-2011 წლებში საქართველოში დროებით ბინადრობის უფლება 9107 პირს მიუღია. 2004-2008 წლის მონაცემები დროებით ბინადრობასთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ არ მოეპოვება.

ქვეყნის ტერიტორიაზე ბოლო ორ წელიწადში აზერბაიჯანიდან 295 პირია შემოსული. ისინი საქართველოში დროებითი და მუდმივი ბინადრობის უფლებით სარგებლობენ. საქართველოს მოქალაქის სტატუსი არც ერთ მათგანს არ აქვს.

ეგვიპტიდან  662 პირია საქართველოში შემოსული. სამი ეგვიპტელი საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლებით სარგებლობს, მოქალაქის სტატუსი მხოლოდ ოთხ პირს აქვს, დანარჩენი კი – დროებითი ბინადრობის ნებართვით სარგებლობს.

ინდოეთიდან საქართველოს მოქალაქის სტატუსით მხოლოდ ერთი პირი სარგებლობს, დროებითი და მუდმივი ცხოვრების უფლება კი 983 პირს აქვს.

ნიგერიიდან მხოლოდ ერთი პირი სარგებლობს საქართველოს მოქალაქის სტატუსით,  188 პირს კი დროებითი ბინადრობის უფლება აქვს.

საქართველოში მცხოვრები 1223 ირანის მოქალაქიდან საქართველოს მოქალაქის სტატუსით 33 პირი სარგებლობს, თითქმის ყველა ფერეიდნელი ქართველია. უმრავლესობას კი აქვს დროებითი ბინადრობის უფლება.

ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოს მოქალაქეობა 109 უკრაინელს და  ყაზახეთის 78 მოქალაქეს მიენიჭა.

საქართველოს მოქალაქეობიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში 1918 პირი გავიდა. ეს მნიშვნელოვნად ცოტაა 2009-2011 წლების მონაცემებთან შედარებით. იმ წლებში საქართველოს მოქალაქეობაზე უარი 2479 ადამიანმა თქვა.

„ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ ამჟამად ბათუმში დასაქმებულია და ცხოვრობს 30 ათასამდე თურქეთის მოქალაქე. ამათგან უმრავლესობას საქართველოს მოქალაქეობაც აქვს მინიჭებულიო. თუ ეს ასე არ არის, შესაბამისმა ორგანოებმა გასცენ სწორი პასუხი ამ ფაქტით შეშფოთებულ ხალხს“,- ვკითხულობთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მისამართით გაგზავნილ წერილში. წერილის ავტორები აჭარის მწერალთა კავშირის წევრები არიან და ეს წერილიც  რამდენიმე კვირის წინ დაიწერა.

რატომ არ აქვთ ადამიანებს, მათ შორის მწერლების გარკვეულ ჯგუფს, ზუსტი ინფორმაცია? ვინ ზარალდება და ვინ სარგებლობს არაზუსტი ინფორმაციის საგანგებო რეჟიმში გავრცელებით?

როგორც ფსიქოლოგიის აკადემიური დოქტორი, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის თანამშრომელი გაგა ნიჟარაძე ამბობს, საქართველოში არსებული შიში უცხოელების ჭარბი რაოდენობის შესახებ, რეალობის შესაბამისი რომ არ არის, ამას თავისი მიზეზები აქვს: „უცხოელი, ვისიც არ გესმის, არც ენა და არც კულტურა, მეტ-ნაკლები სიძლიერით ყოველთვის იწვევს შიშს და ეჭვს. ხშირ შემთხვევაში ეს შიში გადაჭარბებულია. „გვართმევენ სამუშაოს“, „გამრავლდებიან, ჩვენი ადგილი არ იქნება“ და ა.შ. – ეს გავრცელებული მოვლენაა. საზოგადოებას ხშირად ისედაც არ უნდა რეალობის დანახვა, რადგან მოსწონს, როცა არსებობს „განტევების ვაცი“. ქსენოფობია შეიძლება კიდევ უფრო გამძაფრდეს, როგორც მოხდა ნაცისტურ გერმანიაში ან შემცირდეს, როგორც მოხდა აშშ-ი“.  – ამბობს გაგა ნიჟარაძე.

ფსიქოლოგის აზრით, ჩინელებისა და ინდოელების მიმართ შიში მათი რაოდენობრივი მონაცემებით არის განპირობებული: „მათი მიგრაციისა და გამრავლების  ტემპების გადაჭარბებულად წარმოდგენა ხდება. საკმაოდ ქსენოფობიური ხალხი ვართ ქართველები. ტრადიციულად ვინც ცხოვრობს საქართველოში, მათთან მეტ-ნაკლებად ურთიერთობა მოგვარებულია, ოღონდ იქამდე, სანამ ისინი მოითხოვენ რაღაც პოლიტიკურ უფლებებს“.

ვის ინტერესებში შედის ქსენოფობიური განწყობის გაღვივება და როგორ უნდა დაიცვას ამისგან თავი საზოგადოებამ? გაგა ნიჟარაძის აზრით, საფრთხეებით გაუცნობიერებელი ხალხის დაშინება შეიძლება შედიოდეს როგორც პოლიტიკური ჯგუფების, ასევე, სხვა დაჯგუფებების ინტერესებშიც. გაგა ნიჟარაძე ამბობს, რომ სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება განათლებაა: „ასევე, პირდაპირი კონტაქტები. კარგი იქნება, თუ ისინი ერთ ეზოში იცხოვრებენ, ან რაიმე საერთო ინტერესი ექნებათ, რადგან, როგორც ფსიქოლოგებმა დაადგინეს, ამის ერთადერთი წამალი არის საერთო მიზნების ქონა. ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის გაუცხოება მაშინ ქრება, თუ ისინი ექსტრემალურ სიტუაციაში ერთად აღმოჩნდებიან. ზოგ შემთხვევაში მიგრაცია სასარგებლოცაა“.

გაგა ნიჟარაძის თქმით, ქსენოფობიის მოსაგვარებლად სახელმწიფოებრივი მიდგომა ჯერ არ არსებობს, რადგან საფრთხე არ არის სერიოზულად აღქმული.

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეთნოლოგი ინეზა ზოიძე  ამბობს, რომ „ქსენოფობიის პრობლემა თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესის შედეგია. ხშირად, გლობალიზაციას აქვს განსხვავებული შედეგები სხვადასხვა სოციალური ჯგუფისა და სახელმწიფოსთვის, როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი. უარყოფითად აისახება ლოკალურ კულტურებზე, რადგან ისინი მატერიალურად უზრუნველყოფილნი არ არიან და დგებიან დილემის წინაშე – მატერიალური უზრუნველყოფა თუ კულტურის პირვანდელი სახის შენარჩუნება. ეფექტებიც იქედან გამომდინარეა, რამდენად შესწევთ მათ უნარი გლობალიზაციის დადებითი მხარეები მათთვის სასარგებლოდ გამოიყენონ“.

ინეზა ზოიძის აზრით, ამისთვის გარდაუვალია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და უცხოელი მოქალაქეებისთვის მიმზიდველი და სტაბილური გარემოს შექმნა, მაგრამ თუ ეს ყველაფერი მოხდება ადგილობრივი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე, ეს აუცილებლად გამოიწვევს დაპირისპირებას.

ეთნოლოგის მოსაზრებით, აჭარაში და, ზოგადად, ქვეყანაში არსებული ქსენოფობიის მიზეზი არის ის, რომ საქართველოს  მოქალაქეები ვერ მიიჩნევენ საკუთარ უფლებებს დაცულად: „ამიტომაც არსებობს ამდენი არარეალური ინფორმაცია და შიში. ამ საკითხს სიღრმისეული კვლევა სჭირდება და არა ხისტი კომენტარები, რომლითაც დღეს შემოიფარგლებიან“.

ბათუმი

ბათუმი

მასალების გადაბეჭდვის წესი