საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები, რომლებმაც 17 მაისის მოვლენების ობიექტური გამოძიების მოთხოვნით პეტიცია შეიმუშავეს, აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მოვლენებს ხელისუფლებისგან ადეკვატური რეაქცია არ მოჰყოლია და აუცილებელია დაისაჯოს ყველა პირი, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი სასულიერო პირები:
“სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის ინდივიდუალური, კოლექტიურად ადამიანები პასუხს ვერ აგებენ და ამის მოთხოვნა იქნებოდა არაცივილიზებული, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ არა მართლმადიდებლური ეკლესიის გასამართლებას, არამედ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას. ხოლო დასჯაში ჩვენ ვგულისხმობთ ობიექტურ გამოძიებას და ობიექტური მართლმსაჯულების აღსრულებას. ანუ არა ლინჩის წესით უნდა გავასამართლოთ ეს ხალხი, არამედ შსს–ს კომპეტენტური ორგანოების და სასამართლოს მეშვეობით”, – აცხადებს მოძრაობის ერთ–ერთი წევრი, იურისტი თამარ გურჩიანი.
გურჩიანის თქმით, თითოეული იმ ადამიანის იდენტიფიცირება, ვინც ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდა, მარტივად შეიძლება მოხდეს:
“მეორე დღეს, როდესაც გაიმართა აქცია მთავრობის კანცელარიასთან, სადაც მოსახლეობამ დაგმო 17 მაისის მოვლენები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა მობილიზებული დაახლოებით 20 კამერა და ისინი ახდენდნენ იმ ხალხის იდენტიფიცირებას, ვინც გმობდა ძალადობას. თუ შსს–ს ამის რესურსი აქვს და ამაზე ხარჯავს დროს, რომ ჩვენი იდენტიფიცირება მოახდინოს, რატომ არ შეუძლია თვითონ მოძალადეების იდენტიფიცირება მოახდინოს? მით უმეტეს, რომ ეს ხდებოდა ქალაქის ცენტრში და ბევრი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ამ დარღვევების დოკუმენტირება მოხდეს”, – აცხადებს თამარ გურჩიანი.
ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბაქრაძის თქმით, თუკი ხელისუფლების მხრიდან სასწრაფოდ არ იქნება ზომები გატარებული, შესაძლოა ქვეყანა გაცილებით მძიმე შედეგებამდე მივიდეს:
“თუკი ხელისუფლება ახლა არ გამოიჩენს კეთილგონიერებას, შეიძლება ქვეყანაში დაიწყოს სრული ანარქია. არის საზოგადოება, რომელსაც ეს მუშტმოღერებული ბრბო ვერ შეაშინებს”, – აცხადებს ლაშა ბაქრაძე. მისი თქმით, 17 მაისის მოვლენებს სათავეში კონკრეტული პირები ედგნენ და აუცილებელია, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ლაშა ბაქრაძემ ჟურნალისტებს მოუწოდა, გამოიძიონ როგორც საპატრიარქოს ფინანსური საკითხები, ასევე თითოეული სასულიერო პირის ბიოგრაფია, რადგან “ზოგიერთი მათგანის ბიოგრაფიაში ათწლიანი, თორმეტწლიანი ხვრელებია”
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თათა ცოფურაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან 4 პირის დაკავება და 100–100 ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ მათი გათავისუფლება სათანადო რეაქცია არაა:
“დღეს ჩვენი მოქალაქეების ნაწილი არის დაუცველი. ამაზე კარგად მეტყველებს პრეცედენტი, რომელიც გუშინ მოხდა მარჯანიშვილის ქუჩაზე, როდესაც ახალგაზრდა ბიჭს თავს დაესხა მისივე ასაკის ადამიანი და სასტიკად სცემა ის მხოლოდ იმის გამო, რომ თავდამსხმელის გემოვნებაში არ ჯდებოდა მავანის გარეგნობა და მან ჩათვალა, რომ ის იყო სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი”, – აცხადებს თათა ცოფურაშვილი. მისი თქმით, ეს ინციდენტი დაუსჯელობის სინდრომმა გამოიწვია.
შედგენილ პეტიციას, რომელიც 17 მაისის მოვლენების ობიექტურ გამოძიებას ეხება, ამ დროისთვის 12 000–ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
17 მაისთან დაკავშირებით დაგეგმილია ორი აქციის გამართვა. ერთი აქცია 24 მაისს, 19:00 საათზე, დედაენის ბაღში გაიმართება, აქციის დევიზია “არა თეოკრატიას”. მეორე აქციის გამართვა კი 25 მაისს, პროკურატურის შენობასთან 15:00 საათზეა დაგეგმილი დევიზით- “კანონი უზენაესია და მოითხოვს ყველას დასჯას, მიუხედავად იმისა სასულიერო პირია დამნაშავე თუ არა”. მათთვის, ვისაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდება, პეტიციის ხელმოწერა შესაძლებელი იქნება როგორც დაგეგმილ აქციებზე, ასევე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც თბილისში 23–დან 26 მაისის ჩათვლით გაიმართება.