ბიძინა ივანიშვილმა ლაბორატორია დაათვალიერა და მის ტექნოლოგიებს გაეცნო. პრემიერმა უშუალოდ ლაბორატორიის თანამშრომლებისგან მიიღო ინფორმაცია უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
ლაბორატორაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც იმყოფებოდნენ.
ეს შეხვედრა პრესისთვის წინასწარ დაანონსებული არ იყო. “ნეტგაზეთს” ლაბორატორიაში ამ მოვლენის გაშუქების შეაძლებლობა არ ჰქონდა.
აღნიშნული ლაბორატორია აშშ-ის მთავრობამ 100 მილიონი დოლარით დააფინანსა. ის 2011 წელს გაიხსნა და კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს.
ლაბორატორიას რიჩარდ ლუგარის სახელი მიენიჭა იმ ღვაწლისთვის, რომელიც ამერიკელ სენატორს მსოფლიოში ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხის შემცირების საქმეში მიუძღვის. ლუგარი საქართველოში 2011 წელს იმყოფებოდა და აღნიშნულ ლაბორატორიასაც ეწვია. მისი ვიზიტის დროს გავრცელებულ პრეს – რელიზში აშშ–ის საელჩომ თბილისში განაცხადა, რომ ლაბორატორია მიზნად ისახავს „გააძლიეროს და განავითაროს საზოგადოებრივი და ცხოველთა ჯანდაცვა ინფექციურ დაავადებათა აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და კვლევის გზით და ამით სარგებელი მოუტანოს საქართველოს, კავკასიის მთელ რეგიონსა და მსოფლიო საზოგადოებას“.