ექიმი-რეპროდუქტოლოგები ამბობენ, რომ თუ წლების წინ უშვილობის პრობლებით მათ ძირითადად ქალები აკითხავდნენ, მამაკაცები კი მათ პარტნიორებს გარკვეული დროის შემდეგ ახსენდებოდათ, დღეს სიტუაცია შეცვლილია. სამედიცინო დაწესებულებებში რეპროდუქტოლოგებთან პირველივე ჯერზე წყვილი ერთად მიდის.

სპერმის ლაბორატორიულ შემოწმებაზე 33 წლის ირაკლი ერთ-ერთ რეპროდუქციულ ცენტრში თავის რიგს ელოდება. სწორედ ამ ანალიზის პასუხით გაირვევა, არის თუ არა რამდენიმეწლიანი უშვილობა გამოწვეული მისი რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიზეზით.

 

მამაკაცის უშვილობის მიზეზებს სპეციალისტები სპერმის პათოლოგიებში ეძებენ. ეს შეიძლება იყოს სპერმაში სპერმატოზოიდების არასაკმარისი რაოდენობა, ანტისხეულები, დაბალი აქტივობა და ა.შ. სპერმის ხარისხის დაქვეითების მიზეზები კი, სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებში, ანთებებში და ტრავმებშია. კონკრეტული მიზეზის დადგენა ხშირად შეუძლებელი ხდება.

 

წყვილებში უშვილობის დაახლოებით 45% -50% სწორედ მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ორგანოთა დაავადებებითაა გამოწვეული. დანარჩენი ქალის დაავადებებზე მოდის.

 

ირაკლის პარტნიორი ამბობს, რომ გამოკვლევებს პარალელურ რეჟიმში ისიც იტარებს. მათ შორის, ჰორმონებზე.

 

ენდოკრინული დაავადებები ერთ-ერთი მიზეზია, რომელსაც უშვილობის გამოწვევა შეუძლია. ის იწვევს სტრესსაც და დაძაბულობასაც, რომელიც თავის მხრივ დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევა დაორსულებისთვის.

 

ენდოკრინული დაავადებების გარდა, ქალის უშვილობის მიზეზი, შესაძლოა, ინფექციური დაავადებები, ენდომეტრიოზი (როდესაც ენდომეტრიუმის ქსოვილი  საშვილოსნოს ღრუს გარდა განლაგებულია სხვა ორგანოში), საშვილოსნოს პათოლოგიები, საშვილოსნოს მილების გაუმტარობა იყოს.

 

მსოფლიოში, სადაც მთელი მოსახლეობის 15%-ს უშვილობა აწუხებს, უშვილობის ზრდის მიზეზებად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სწორედ ინფექციური დაავადებების გავრცელების, ჰორმონული დარღვევების, ონკოლოგიური დაავადებების ზრდასა და სტრესულ გარემოს განიხილავს.

 

უშვილობის რიცხვის ზრდის შესახებ არ არსებობს სტატისტიკა საქართველოში. ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში უშვილობის საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, ქალთა რეპროდუქციული საკითხების კვლევაა, რომელიც ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება.

 

აღნიშნული (2010 წლის, ბოლო კვლევა) კვლევის შესაბამისად, დღეს საქართველოში უფრო ხშირად მიმართავენ სამედიცინო დახმარებას უშვილობისგან განკურნებისთვის, ვიდრე ადრე.

 

“ამის მიზეზი შეიძლება იყოს მენჯის ღრუს ინფექციები, აბორტის ან მშობიარობის გართულებები ან ძლიერი ტრადიციული ზეწოლა, რომ ქორწინებიდან, სულ მალე ბავშვი უნდა გაჩნდეს,” – წერია კვლევაში.

 

ზოგადად ქალის უშვილობის რამდენიმე ფორმას ანსხვავებენ – პირველადს, მეორადს და აბსოლუტურს. მეორადი უშვილობისგან განსხვავებით, პირველადის შემთხვევაში ორსულობა ქალს არასდროს ჰქონია. მეორადის დროს ქალის დაორსულება ხდება, თუმცა ნაყოფის შენარჩუნება სხვადასხვა მიზეზის გამო არ არის შესაძლებელი.

 

რაც შეეხება აბსოლუტურ უშვილობას, ის მაშინ არსებობს, როდესაც ქალს ან საკვერხეები აქვს ამოკვეთილი, ან მისი სასქესო ორგანოების განლაგება ანომალურად მიიჩნევა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, უშვილობის მიზეზი 40 %-ში დაუდგენელი რჩება, მას იდიოპათიურ უშვილობას უწოდებენ.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, წყვილი უშვილოდ მიიჩნევა, თუ კონტრაცეფციის გამოყენების გარეშე, რეგულარული სქესობრივი ცხოვრების მიუხედავად, ორსულობა 12 თვის განმავლობაში არ დგება.

 

რეპროდუქციის სკანდინავიური ცენტრი (Neo-Est) ერთ-ერთი სამედიცინო კლინიკაა, სადაც უშვილო წყვილები კონსულტაციას, გამოკვლევებსა და საჭიროების შემთხვევაში უკვე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის in-vitro განაყოფიერების პროცედურას იტარებენ.

 

კლინიკის გინეკოლოგი-რეპროდუქტოლოგი ნანა კვერნაძის თქმით, ნომერ პირველი პრობლემა უშვილობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობაა.

 

“წყვილები ხშირად დაგვიანებით მოგვმართავენ. საზოგადოებაში ნაკლები ინფორმაციაა იმასთან დაკავშირებით, რომ 40 წლის ზევით ინ-ვიტროს შემთხვევაშიც მცირდება დაორსულების შანსები. ისინი ფიქრობენ, რომ ინ-ვიტრო ყოველთვის, ნებისმიერ ასაკში შედეგიანია. ეს მცდარი აზრია.”

 

რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, ინ-ვიტროს (ხელოვნული განაყოფიერების სახელითაა ცნობილი) შედეგების თვალსაზრისით, შანსები 25-30 წლებში – 55-80%; 30-40 – 20-25%, 40-44- 10-15%, 44 წელს ზევით კი, – 2-3%-მდე კლებულობს.

 

რეპროდუქტოლოგების განმარტებით, უახლესი ტექნოლოგიების წყალობით შესაძლებელი გახდა, ინ- ვიტრო განაყოფიერების შემთხვევების 50%-ზე მეტი დადებითად, ანუ დაორსულებით დასრულდეს. თუმცა აღნიშნული პროცედურის ფასის (რომელიც რამდენიმე ათას ლარს შეადგენს) გამო მისგან ხშირად თავს იკავებენ.  

 

ის რეპროდუქტოლოგები, ვისაც პაციენტები აკითხავენ, ამბობენ, რომ ინ-ვიტროსთვის 100%-იანი გარანტიის არარსებობის მიუხედავად, ყოფილა შემთხვევები, წყვილს უძრავი ქონებაც გაუყდია.

 

დღესდღეობით საქართველო არ არის იმ ქვეყნებს შორის, სადაც ამ პროცედურისთვის საჭირო თანხას წყვილებს სახელმწიფო უნაზღაურებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *