საუკუნის პრობლემას უწოდებენ ექიმი-კარდიოლოგები თრომბოემბოლიას, რომელიც სხვადასხვა სისხლძარღვოვანი პრობლემისა და კარდიოლოგიური დაავადების გართულებას წარმოადგენს.
“ეს არ არის დაავადება, ეს არის შედეგი იმ მრავალი პრობლემისა, რომელიც ჩვენს ორგანიზმში წლების განმავლობაში ყალიბდება. გართულების მკურნალობა კი ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე მისი გამომწვევი მიზეზების პრევენცია,”- ამბობს ხათუნა ჯალაბაძე, კარდიოლოგი, კარდიოლოგიური კლინიკა “გულის” დირექტორის მოადგილე.
თრომბოემბოლია ხშირად საოპერაციო მაგიდაზე იჩენს თავს, როდესაც სისხლძარღვში ან გულის ღრუში განვითარებული თრომბი მიოკარდიუმის ინფარქტს, იშემიურ ინსულტს ან სხვა პათოლოგიას იწვევს.
გულის მკვებავ სისხლძარღვში მოხვედრილი თრომბი მის დახშობას იწვევს. შესაბამისად, ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტი. თრომბოემბოლიური პრობლემაა ინსულტის ერთ-ერთი ტიპიც – იშემიური ინსულტი, რომლის დროსაც თრომბი სისხლძარღვის სანათურის დახშობას იწვევს და ტვინის სისხლმომარაგებას არღვევს. ამ დროს ტვინის ქსოვილის გარკვეულ ნაწილში ჟანგბადის შიმშილი იწყება და იღუპება.
„თრომბებს უკავშირებენ უეცარ სიკვდილსაც, რომელიც ნამდვილად არ არის თრომბოემბოლიური. ეს უფრო კარდიული სიკვდილია და უკავშირდება არითმიულ სიკვდილს, გულის გახეთქვას ან მის გაჩერებას,“- ამბობს ხათუნა ჯალაბაძე.
რაც შეეხება ქვედა კიდურების თრომბოემბოლიურ პრობლემას, ის ვარიკოზული დაავადების სახელითაა ცნობილი.
„ფეხებზე ვენური პრობლემები მეც მაქვს. თრომბის მეშინია ძალიან. ამიტომ ლიმონს ვიღებ ხოლმე ხშირად, გამიგია, რომ შველის,“- ამბობს 48 წლის ნანა ჩეკურიშვილი.
რაც შეეხება ლიმონის მიღებას ვენური ვარიკოზის დროს, ექიმი -კარდიოლოგი ამბობს, რომ ლიმონი მართლაც უშლის ხელს სისხლის შედედებას და პროთრომბინზეც მოქმედებს.
„თუმცა, ასეთი თვისება მხოლოდ ლიმონს არ აქვს. ხალხში პოპულარულია წურბელებით მკურნალობაც. სახალხო მედიცინის მიმართ პრობლემაა ამ შემთხვევაში, – როდესაც მე სისხლის გამათხელებელ პრეპარატს ვაძლევ პაციენტს, ვიცი, რა დოზით შემიძლია ვაკონტროლო ეს პრეპარატი, თუმცა მე არ შემიძლია ვაკონტროლო წურბელა ან ლიმონის დოზა.“
შესაბამისად, სპეციალისტები გამოკვლევისთვის პირველ რიგში თერაპევტთან ვიზიტს ურჩევენ, რათა მან გამოკვლევის ფორმა დაუგეგმოს და დაავადების რისკები შეაფასოს.
ექიმის თქმით, კიდევ ერთი დაუძლეველი პრობლემა არსებობს პაციენტებში.
„ისინი მუდმივად ისინჯავენ პროთრომბინს. ამ ანალიზის განსაზღვრით ისინი ფიქრობენ, რომ თავიდან აიცილებენ თრომბოემბოლიას და ნახავენ, რამდენად დგანან თრომბოემბოლიის რისკის წინაშე. ეს აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებაა. სინამდვილეში პროთრომბინი არის სისხლის შედედების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი. შესაბამისად, მისი ცვალებადობა, აწევა ან დაწევა, რეალურად არ აფასებს თრომბოემბოლიური დაავადებების განვითარების რისკს.“
იმისთვის, რომ ეს რისკი შეფასდეს, ჯალაბაძის განმარტებით, პირველ რიგში, პაციენტმა უნდა გამორიცხოს გულის ორგანული პრობლემები, მოციმციმე არითმია, უმკურნალოს ვენურ დაავადებებს, ქვედა კიდურების ვარიკოზულ დაავადებებს, თვალყური ადევნოს საკუთარ აქტივობას.
„არააქტიური, მჯდომარე ცხოვრების წესი დიდი დროის განმავლობაში არის პირველი რისკფაქტორი მისი განვითარების. კუნთის დატვირთვას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, იყო შემთხვევები, როდესაც ხანგრძლივი ფრენების დროს მგზავრებს სთხოვნენ თრომბოემბოლიური დაავადების პროფილაქტიკა ჩაეტარებინათ.”
თრომბოემბოლიის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევა სწორი კვება, რომელიც მოიცავს მცენარეულ საკვებს, უჯრედისს, ბოსტნეულს, ხილს, ცხოველურ საკვებს კი გამორიცხავს.
„თუკი მაინც ხდება ხშირად ცხოველური საკვების მიღება, მაშინ მის დაწვაზეც უნდა ვიფიქროთ.“
თრომბოემბოლიურ გართულებას წარმოადგენს ფილტვის ინფარქტიც, რომელიც თანამედროვე ეპოქაში ხშირად დიაგნოსტირდება და როგორც ექიმი -კარდიოლოგები ამბობენ, ხშირ პათოლოგიად იქცა.
თრომბებზე საუბრის დროს სპეციალისტები გვერდს ვერ უვლიან დაავადების კიდევ ერთი დიდი ჯგუფს – კოაგულოპათიებს, რომელიც ყოველგვარი სისხლძარღვოვანი ან გულის დაავადებებისგან დამოუკიდებლად არსებობს და სისხლის შედედების პრობლემას უკავშირდება. ამ დროს შეიძლება მიდრეკილება არსებობდეს სისხლდენებისკენ, ან პირიქით, შედედებისკენ.
თრომბი სისხლის შენადედია, რომელიც სისხლძარღვების კედლებზე ემაგრება და სისხლძარღვის სანათურს მთლიანად ან ნაწილობრივ ახშობს. თრომბს შეუძლია მოწყდეს და თავისუფალი არტერიებისკენ მიემართოს. ვიწრო ადგილას მოხვედრის დროს კი მთლიანად შეუძლია დაახშოს არტერია. სპეციალისტები ამბობენ, რომ არტერიალური თრომბოზები, რომელიც უფრო საშიშია, გაცილებით უფრო იშვიათია, ვიდრე ვენური თრომბოზები. საქმე იმაშია, რომ არტერიებში სისხლის ნაკადი უფრო სწრაფია, ვიდრე სხვა სისხლძარღვებში და რისკები, რომ თრომბი მოწყდეს, უფრო დიდი.
