საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული.
ამის შესახებ ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათთვის შემაშფოთებელია დიდი ბრიტანეთის მიერ გემის SILVAR (IMO 9291262) დასანქცირების საკითხზე საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოზე გაკეთებული აქცენტი.
როგორც საგარეო უწყება აცხადებს, მიუღებელია ბრიტანეთის საელჩოს განცხადების სულისკვეთება.
„საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრაზე იქნა მოწვეული.
აღინიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ არსებობს და საქართველოს ხელისუფლება შეუფერხებლად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, გაუგებარია მუდმივი სპეკულაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ამ კონტექსტში შემაშფოთებელია დიდი ბრიტანეთის მიერ გემის SILVAR (IMO 9291262) დასანქცირების საკითხზე საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოზე გაკეთებული აქცენტი, რომელიც მიზანმიმართულად ემსახურება არასწორი აღქმების განმტკიცებას და საქართველოს ინტერესების დაზიანებას.
მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს ხსენება მიუღებელია მაშინ, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს, მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია, ის ფლობდა Lloyd’s Register-ის (გაერთიანებული სამეფო) მოქმედ კლასს, ოპერირებდა საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის მრავალრიცხოვან მარშრუტებზე და სტუმრობდა როგორც ევროპულ, ისე აზიურ და აფრიკულ პორტებს, მათ შორის მალტას, დანიას (სკაგენი), ეგვიპტეს, მალაიზიას, ინდოეთს, ჩინეთსა და სხვა. ამასთან, საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით.
ბრიტანული მხარისთვის ასევე კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოში შემოსვლამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე აღნიშნულ გემს დანიის სამეფოში ჩაუტარდა ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც გემი არ დაკავებულა, რაც ადასტურებს მის შესაბამისობას საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების და ტექნიკური ზედამხედველობის მოთხოვნებთან.
გიორგი ზურაბაშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიუღებელია საელჩოს განცხადების სულისკვეთება და ამგვარი მანიპულაციური ქმედებები ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებს. შეხვედრის დასასრულს ხაზი გაესვა კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
16 ივნისს ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ დაასანქცირეს ხომალდი SILVAR, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ პორტში იმყოფებოდა.
„დღეს დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. სანქციები მოიცავს რუსეთის მოძველებულ „ჩრდილოვან ფლოტს“, სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებს და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებიც გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. პაკეტში ასევე შევიდა ხომალდი SILVAR, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ პორტში იმყოფებოდა. დიდმა ბრიტანეთმა 2026 წლის განმავლობაში, მხოლოდ რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში, თითქმის 500 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა სანქციები“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.
