საზოგადოება

რატომ მოხვდნენ ძაღლები ქუჩაში ღია ჭრილობით

27 მარტი, 2013 •
რატომ მოხვდნენ ძაღლები ქუჩაში ღია ჭრილობით

“ახლა გვაქვს შეხვედრები ექიმებთან, პროფესორებთან, ვიკვლევთ რისი ბრალი შეიძლება ყოფილიყო, რამდენიმე ვერსია მუშავდება, შეიძლება ძაფი იყო ცუდი გაკერვისას. ძაღლები გაუშვეს მაშინ როცა უკვე ხორცდებოდა ჭრილობა, თუმცა შემდგომში ჭრილობას მაინც პატრონობა ჭირდება და ძაღლმა შეიძლება ან კბილით დაიზიანოს ან მოიფხანოს და ჭრილობა გაიხსნას. ამ ეტაპზე დასკვნა არ გვაქვს, რამოდენიმე დღეში იქნება და თუ ვინმეზე შენიშვნა იქნება ან ვინმე იქნება დასასჯელი აუცილებლად მივიღებთ ზომებს რაც საჭიროა”, – განაცხადა თემურ ფხალაძემ, მისი თქმით ეს საქმე მას პირად კონტროლზე აქვს აყვანილი.


თემურ ფხალაძე აცხადებს, რომ როგორც კი ინფორმაცია შემოვიდა ამ პრობლემის შესახებ სამსახურის თანამშრომლები მაშინვე გავიდნენ და ძაღლები აიყვანეს, რომელთაც მოგვიანებით საზოგადოების თხოვნის გამო ოპერაცია თემურ წიქორიძის კერძო თავშესაფარში ჩაუტარდათ.


“სამოქალაქო საზოგადოება ცხოველთა უფლებებისთვის” ერთ–ერთი წარმომადგენლის თამარ აქუბარდიას თქმით ღია ჭრილობებით ცხოველები საზოგადოების წევრებმა შენიშნეს:


“ჩვენ არ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია, უბრალოდ მოხალისეების დონეზე ვმუშაობთ და ჩვენმა ერთ–ერთმა წევრმა შენიშნა, რომ ხილიანზე ძაღლს, რომელსაც სტერილიზაცია ჩაუტარდა ჭრილობა ღია ჰქონდა. ამ ოპერაციის შემდეგ რომელიც ძაღლებს უტარდებათ მათი ქუჩაში გამოშვება არ შეიძლება, ჩვენი ინფორმაციით კი ისინი ოპერაციიდან უკვე მერვე დღეს ქუჩაში იყვნენ რასაც გართულებები მოჰყვა. ჩვენ არ ვადანაშაულებთ არავის, უბრალოდ ვითხოვთ, რომ დროულად გამოიძიონ ეს საკითხი და შეიქმნას ისეთი პირობები, რომ ძაღლების უფლებები იყოს დაცული”, – აცხადებს თამარ აქუბარდია.

“სამოქალაქო საზოგადოება ცხოველთა უფლებებისთვის” წევრები აცხადებენ, რომ ცხოველთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველო ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნების გვერდით იმყოფება და აუცილებელია ამ სფეროში ძირეული ცვლილებების განხორციელება,  მათ სორის უნდა გაუმჯობესდეს საკანონმდებლო ბაზია, შეიქმნას ცხოველთა პოლიცია და დაინერგოს ევროპული ჰუმანური და ეფექტური გამოცდილება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი