ეს ტესტები ამერიკულიდან ქართულად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ახალი სტრატეგიის (2013-2016) ფარგლებში ითარგმნა და მომზადდა. აღნიშნული ტესტების პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერებს სამინისტროში დღეს, 27 მარტს გაიმართა. 

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის კონსულტანტი თამარ გაგოშიძე, რომელიც პროგრამაშია ჩართული, ამბობს, რომ ბავშვის ინდივიდუალური საჭიროება, რომელიც თვალით არ იზომება, ტესტებით უნდა შეფასდეს. 

 

“ეს ტესტები არის ინსტრუმენტები, რომელიც აფასებს რამდენიმე კომპონენტს, მათ შორის ბავშვის ემოციურ და შემეცნებით უნარებს, რომლის მიხედვით ბავშვის განსაკუთრებული საჭიროებები შეფასდება. დღეს პრობლემური ქცევების მქონე ბავშვების რიცხვი დიდია. ეს შეიძლება იყვნენ დაუმორჩილებელი ბავშვები, ჰიპერაქტიური და ა.შ. მთავარია ამ ტესტების საგანმანათლებლო და კლინიკური ინტერპრეტაცია, რომ სწორად შეფასდეს ბავშვის ქცევის მიზეზი. ეს შეფასება კი კვალიფიციურმა სპეციალისტებმა უნდა გააკეთონ,”- ამბობს გაგოშიძე.

 

სტრატეგიის მიხედვით, სკოლაში რთული ქცევის ბავშვის იდენტიფიცირების შემდეგ მასწავლებელი და სკოლის დირექტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინურ გუნდს მიმართავს. გუნდი სკოლის მასწავლებელთან ერთად ბავშვის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას ადგენს.

 

აქვე სპეციალისტები ამბობენ, რომ მხოლოდ სკოლა ბავშვის ქცევას ვერ გამოასწორებს, თუკი პროცესში ოჯახი, როგორც ერთ-ერთი მთავარი რგოლი, არ ჩაერთო.

 

ნათი ჯოხაძე, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ 2013-2016 წლების აღნიშნული სტრატეგია არის ხედვა, როგორ უყურებს სახელმწიფო ამ საკითხს.

 

“ეს სტრატეგია ჯერ დამტკიცებული არ არის. რამდენიმე თვეა ვამუშავებთ ექსპერტებთან ერთად. აუცილებელია, რომ სამოქმედო გეგმა გაიწეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სტრატეგია უბრალოდ საინტერესო ქაღალდი იქნება,”- აცხადებს ნათია ჯოხაძე.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *