საზოგადოება

როგორ იცავს საქართველო ლგბტ პირთა უფლებებს

18 იანვარი, 2013 •
როგორ იცავს საქართველო ლგბტ პირთა უფლებებს

ანგარიშზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მუშაობს. როგორც სამინისტროში განაცხადეს, მოხსენება უკვე მზადაა, თუმცა იუსტიციის სამინისტროს ევროსაბჭოსგან ანგარიშის წარდგენის სპეციალური ფორმა ჯერ არ მიუღია:

 

“მონაცემები დამუშავებულია, თუმცა ჩვენ უნდა მიგვეღო ევროსაბჭოსგან სპეციალური ფორმა, რომელიც უნდა შეივსოს. ჩვენი წარმომადგენელი, ვინც ამ თემაზე მუშაობს, სტრასბურგში მიემგზავრება და ის შეეცდება გაარკვიოს, თუ რატომ არ მიგვიღია ეს ფორმა. რაც შეეხება პროკურატურის მიერ გავრცელებულ მასალას, ამას გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ეს რამდენიმე დღის წინ მოხდა, ხოლო ეს მოხსენება 2012 წელს შეეხება”, – განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში.

ვიდეომასალა, რომელზეც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები იყვნენ ასახული, პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. პროკურატურის ცნობით, წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ხდებოდა სექსუალური უმცირესობების ფარულად გადაღება მათი შანტაჟის მიზნით.  ვიდეომასალის გავრცელებას  საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის  ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. როგორც “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ხელმძღვანელი, გენდერის სპეციალისტი ეკა აღდგომელაშვილი აცხადებს, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, რომელიც 2012 წელს არაერთხელ დაფიქსირდა, ამ ვიდეოს გავრცელებისასაც დაირღვა ლგბტ ადამიანთა უფლებები:

“არანაირი აუცილებლობა ამის გავრცელებისა ნამდვილად არ იყო. მე არ ვიტყვი, რომ ერთი მეორეზე ნაკლები დანაშაულია, იგივენაირად არღვევს ამ შემთხვევაში პროკურატურა ამ ადამიანების უფლებებს, როგორც დაირღვა თავის დროზე, ამ მონაცმემების შეგროვების დროს. მე ვერ ვიტყვი, რომ ადამიანები ნაკლებად შეიძლება იყვნენ ტრამვირებული, ვიდრე უშუალოდ შანტაჟის პერიოდში, ეს არის წარმოუდგენელი ბარბაროსობა, პოლიტიკურ თამაშებს და პოლიტიკურ ინტრიგებს ეწირება ხოლმე კონკრეტული ადამიანის ინტერესები”, – აცხადებს ეკა აღდგომელაშვილი. მისი თქმით, მსგავსი მეთოდებით ადამიანების დაშანტაჟებას ადგილი ადრეც ჰქონდა, თუმცა ამის დოკუმენტურად დადასტურება იშვიათად ხერხდებოდა.

ლგბტ ადამიანთა უფლებებზე რამდენიმე წელია მუშაობს რეჟისორი ლია ჯაყელი. მისი დოკუმენტური ფილმები “მედ ყოფნის ფასი” და  “დედა, მამა, მე გეი ვარ” სწორედ ჰომოსექსუალი ადამიანების ცხოვრების ისტორიებს შეეხება. როგორც ლია ჯაყელი ამბობს, წლების განმავლობაში საზოგადოების დამოკიდებულება ლგბტ ადამიანთა მიმართ შედარებით გამოუჯობესდა, თუმცა ხელისუფლების მხრიდან სტიგმის გაძლიერება არ უნდა ხდებოდეს:

“დამოკიდებულებები ძალიან მძიმედ და ნელა იცვლება, თუმცა, თუ შარშანდელ ფილმში ღიად ვერავინ გაბედა გამოსვლა, ახალ ფილმში სამმა ადამიანმა ისურვა ღიად გადამეღო. გარდა ამისა, სულ მცირედ, მაგრამ საზოგადოებრივ სივრცეში მაინც გაიზარდა მათი ხილვადობა, სოლიდარობაც გამოვლინდა. ჰომოფობიურ გარემოში ლგბტ ადამიენების ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიებაც კი აძლიერებს სტიგმას. ამ ჯგუფის ადამიანების ხარჯზე პოლიტიკური მიზნების მიღწევა ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია. საგანგაშო ისევ ისაა, რომ ადამიანების ღირსება არც წინა ხელისუფლებას უღირდა ჩირად და არც ახალს ანაღვლებს”, – აცხადებს ლია ჯაყელი.

 

ეკა აღდგომელაშვილის თქმით,  მსგავსი მეთოდებით ადამიანების დაშანტაჟება საბჭოთა კავშირის პერიოდში უცხოელი დიპლომატების და დისიდენტების წინააღმდეგ გამოიყენებოდა. მისი თქმით, საქართველოში ლგბტ პირთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ არსებული კოდექსები და კანონები თაროზეა შემოდებული და პრაქტიკაში ნაკლებად გამოიყენება:

“კანონს, რომელსაც არ ახლავს აღსრულების ეფექტური მექანიზმი, აზრი არ აქვს. მაგალითად, პოლიციის ეთიკის კოდექსი არსებობს, მაგრამ თქვენ რომ გააჩეროთ პოლიციელები და ჰკითხოთ, იციან თუ არა ასეთი კოდექსის არსებობის შესახებ, ძალიან საინტერესო შედეგს მიიღებთ. პირდაპირ სასაცილო სიტუაცია იყო, რომ სამინისტრომ დაგვიდასტურა ასეთი კოდექსის არსებობა, მაგრამ ვერ მოგვაწოდა ამ ეთიკის კოდექსის ტექსტი. რაც შეეხება პარლამენტართა და პოლიტიკოსთა მიერ ჰომოფობიური სიძულვილის ენის გამოყენებას, პარლამენტის ეთიკის კოდექსი, რომელიც ფორმალურად არ ცნობს, უნდა განახლდეს, რადგან თაროზე შემოდებული ქაღალდივით არის”, – აცხადებს ეკა აღდგომელაშვილი.

მინისტრთა საბჭოს რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგი საქართველოში “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” ჩაატარა, მონიტორინგის ფარგლებში ასევე განხორციელდა კვლევა საქართველოში ლგბტ ადამიანთა დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა ლგბტ ჯგუფის 150–მა წარმომადგენელმა მიიღო. როგორც ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, არ არსებობს სახელმწიფო გეგმა მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციების შესასრულებლად.

მონიტორინგისას დადგინდა, რომ საქართველოში კანონმდებლობაზე მეტად პრობლემები პრაქტიკაში და ამ კანონების შესრულებისას იქმნება. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ:

 

“პრაქტიკაში ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლებიც ლგბტ პირებს უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს და ზოგიერთ შემთხვევაში მათი დისკრიმინაციის, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის მიზეზი ხდება.

ყველაზე ხშირად ლგბტ პირების მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები ვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ ჰომოსექსუალობა ოფიციალურად დაავადებად აღარ ითვლება, ის ხშირად მაინც განიხილება მოვლენად, რომელიც სამედიცინო ან სულიერი/რელიგიური ლიდერის ჩარევას მოითხოვს.

თითქმის არ არსებობს ინფორმაცია ლგბტ პირების მდგომარეობის შესახებ დახურულ დაწესებულებებში (ციხე, ჯარი და ა.შ.)”, – აღნიშნულიდან გამომდინარე, მომზადდა რეკომენდაციები რომლებიც საჭიროა სახელმწიფომ გაითვალისწინოს.


დოკუმენტში “ლგბტ ადამიანთა მდგომარეობა საქართველოში 2012” დარღვევის ის ფაქტებია თავმოყრილი, რომელსაც წინა წელს ჰქონდა ადგილი.


2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორგანიზაცია “იდენტობამ” თბილისში მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყო. მსვლელობაში მონაწილეებს საქართველოს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები დაუპირისპირდნენ. საქმეში პოლიცია მხოლოდ მას შემდეგ ჩაერია, რაც ლგბტ პირებს რამდენიმე აქტივისტი ფიზიკურად შეეხო. ორგანიზაცია იდენტობამ ფაქტთან დაკავშირებით გენერალურ პროკურორს გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა, თუმცა განცხადებაზე პასუხი არ მიუღია.

2012 წლის 22 მაისს პარტია “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის” მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე მიმართა ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის თაობაზე. თარგამაძის გამოსვლა გააკრიტიკეს პარლამენტში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, სახალხო დამცველმა და უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა.

სიძულვილის ენის გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიის დროს, 2012 წლის აგვისტოში სოციალურ ქსელებში გავრცელდა პარტია “თავისუფალი საქართველოს” წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც ლგბტ პირთა მისამართით დისკრიმინაციულ მოწოდებებს შეიცავდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტიას ფულადი ჯარიმა დააკისრა.

2012 წელს დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი უნივერსიტეტში ლექტორების მხრიდან ჰომოფობიური განცხადებების გაკეთების შესახებაც.

“ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფის” მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში, ლგბტ თემის წევრებს ჰკითხეს, თუ როგორია საზოგადოების მხრიდან ლგბტ პირების მიმართ ზოგადი დამოკიდებულება. გამოკითხულთა 86,67% თვლის, რომ გეი/ბისექსუალ კაცების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ნეგატიურია.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია “სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის ზომების შესახებ” წევრი სახელმწიფოებისთვის 2010 წლის 31 მარტს მიიღო. რეკომენდაცია ერთხმად იქნა მიღებული ევროსაბჭოს წევრი 47 სახელმწიფოს მიერ, მათ შორისაა საქართველოც.

 

ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის რეკომენდაცია სამ ასპექტს ეხება:

1. ხაზს უსვამს ძირითად პრინციპს, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალურია და ყველა ინდივიდს, მათ შორის ლგბტ პირებსაც, ერთნაირად ეხება

2. აღიარებს, რომ საუკუნეთა მანძილზე ხდებოდა ლგბტ პირების დისკრიმინაცია მათი სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე.

3. აღიარებს, რომ აუცილებელია კონკრეტული ქმედებების განხორციელება, რათა ლგბტ პირებმა შეძლონ თავიანთი უფლებების დაცვა და განსაზღვრავს ზომებს, რომელიც წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ.

 

2013 წლის მარტში საბჭო თავად განახორციელებს იმის შემოწმებას, თუ რამდენად ასრულებენ ქვეყნები მის მოთხოვნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი