საზოგადოება

უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლის ფონდს ტელეკომპანია ‘საქართველოს’ ლიცენზია გადაეცა

12 ოქტომბერი, 2012 • 1777
უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლის ფონდს ტელეკომპანია ‘საქართველოს’ ლიცენზია გადაეცა

აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ კომისიის მხოლოდ ერთი წევრი – აკაკი სიხარულიძე წავიდა:

 

“ვინაიდან ტელეკომპანია “საქართველო” ფლობს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას, მას უნდა ჰქონოდა საინფომაციო გამოშვება და ასევე, პოლიტიკური თოქ-შოუ, რასაც არ ასრულებდა. მიუხედავად ამისა, სულ ცოტა ხნის წინ მათ 10 წლით გაუგრძელეს მაუწყებლობის უფლება, რაც, მგონია, რომ არასწორია, ამიტომ მე არ მივცემ ლიცენზიის გადაცემას ხმას”, – განაცხადა სიხარულიძემ.

 

ლიცენზიის გადაცემა ტელეკომპანია “საქართველოსა” და “სამოქალაქო განათლების ფონდის” საერთო განცხადების საფუძველზე მოხდა.

 

ტელეკომპანია “საქართველო” 2007 წლის 1 სექტემბერს გავიდა ეთერში და მისი 100%-იანი წილის მფლობელი გახლავთ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის ძმა, ბიზნესმენი იაგო ჩოჩელი. ტელეკომპანია საქართველო მაუწყებლობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, სენაკში, საჩხერეში, ასევე გადის სატელიტზე. აღნიშნული ტელეარხი გახსნის დღიდან თანამშრომლობდა თავდაცვის სამინისტროსთან. იმ პერიოდში, როდესაც თავდაცვის მინისტრი იყო დავით კეზერაშვილი, ტელეკომპანია “საქართველოსა” და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ტელეკომპანიის სამაუწყებლო ბადის ძირითადი ნაწილი თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით დამზადებულ სამხედრო და ისტორიულ გადაცემებს ეთმობოდა.

 

დავით კეზერაშვილმა რამდენიმე დღის წინ იყიდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისა და “მზის” წილები, რომლებიც მოგვიანებით ისევ გადაყიდა.

 

რაც შეეხება “სამოქალაქო განათლების ფონდს”, რომელიც არის ჟურნალ “ტაბულას” გამომცემელი, 2012 წლის 9 ოქტომბერს ამ ფონდის დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ახალი წევრები მიიღო ფიზიკური პირების სახით, ესენი არიან: გია ნოდია, გიგა ზედანია, ბაადურ მალაზონია, ლევან რამიშვილი, ალექსი მაჭავარიანი, ბექა მინდიაშვილი, დავით პაიჭაძე, კახა ბენდუქიძე, გიორგი ფრუიძე, ნინო გოგიბერიძე, დავით კოვზირიძე, ირაკლი საღინაძე, ქეთევან დევდარიანი, გიორგი ლიფონავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი