საზოგადოება

რატომ არ სარგებლობენ მგზავრები აეროპორტის რკინიგზით [Video]

16 აგვისტო, 2012 •
რატომ არ სარგებლობენ მგზავრები აეროპორტის რკინიგზით [Video]

აეროპორტიდან მატარებელი პირველ რეისს დილის 4 საათზე ასრულებს. ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხორციელდება ავიარეისები მიუნხენიდან, სტამბულიდან და მინსკიდან. თუმცა აეროპორტის მატარებლის გამცილებელი ამბობს, რომ მათ პირველ რეისს, როგორც წესი, ძირითადად, მხოლოდ თვითონ და მემანქანე დაჰყვებიან ხოლმე:


“ძალიან იშვიათად შეიძლება ისარგებლონ უცხოელმა ტურისტებმა, თუმცა იმის გამო, რომ, ძირითადად, 100-დოლარიანები აქვთ ხოლმე, უფასოდ უწევთ მგზავრობა“.


აეროპორტის რკინიგზა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2007 წელს გახსნა და მას ნამდვილი სენსაცია უწოდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს სადგური ჟენევის აეროპორტთან მდებარე რკინიგზის სადგურს გაცილებით ჯობია, თუმცა მატარებელი აეროპორტიდან სადგურის მოედნამდე და პირიქით, თითქმის მუდმივად ცარიელი მოძრაობს.


მგზავრების უმრავლესობა ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ მატარებლის განრიგი არ ემთხვევა აეროპორტში ავიარეისების განრიგს.


აეროპორტიდან მატარებლის რეისები 08:40სთ, 13.50სთ და 18:05 საათზე სრულდება. დროის ამ მონაკვეთებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისები თითქმის არც ერთი ქვეყნიდან არ სრულდება.


სადგურის მოედნიდან აეროპორტის დასახლებამდე მატარებელი ასევე ოთხ რეისს ასრულებს: 03:15 სთ-ზე,  07:55 სთ-ზე,  13:05 სთ-ზე და 17:20 საათზე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისები, ძირითადად, დილის 3-დან 5 საათამდე პერიოდში სრულდება. ამასთან, მგზავრი გამგზავრების დრომდე მინიმუმ 1.5 საათით ადრე უნდა მივიდეს აეროპორტში საპასპორტო შემოწმებისა და სხვა საჭირო პროცედურების გასავლელად. შესაბამისად, მატარებლის განრიგი თითქმის საერთოდ არ შეესაბამება აეროპორტში მიმავალი მგზავრების საჭიროებას.


აეროპორტის მატარებლის მგზავრებით დატვირთვის მიზნით, 2009 წლიდან რკინიგზამ გაჩერება დაამატა აეროპორტის დასახლებაში, თუმცა მატარებლის განრიგი ამ დასახლების მაცხოვრებლებისთვისაც მოუხერხებელია.


აეროპორტის მატარებელი სადგურის მოედნამდე მანძილის დაფარვას ნახევარ საათს ანდომებს. მატარებელი, რომელიც 08:40სთ-ზე გადის აეროპორტიდან, სამუშაო საათების დაწყებამდე, ანუ დილის 9 საათამდე ვერ ასწრებს სადგურის მოედნამდე მისვლას.


სადგურის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით ბოლო რეისს მატარებელი 17:20 საათზე ასრულებს, რაც ასევე ხელმიუწვდომელს ხდის ამ ტრანსპორტს აეროპორტის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რადგან სამუშაო საათები 18:00 საათზე სრულდება.


ცირა ქევხიშვილი, რომელიც აეროპორტის დასახლებაში ცხოვრობს, ამბობს, რომ მატარებლის რეისები მის სამუშაო გრაფიკს არ ემთხვევა, მაგრამ ხელმძღვანელობასთან შეთანხმება მოახერხა სამუშაო დროის გრაფიკის კორექტირებასთან დაკავშირებით და ამიტომ, ძირითადად, მატარებლით გადაადგილდება.


“მატარებლით მგზავრობა გაცილებით იაფი მიჯდება, მაგრამ დროის გრაფიკის გამო მოსახლეობის უმრავლესობა ამ მატარებლით ვერ სარგებლობს. ამიტომაა მატარებელი თითქმის სულ ცარიელი,“ – ამბობს ცირა ქევხიშვილი.


“საქართველოს რკინიგზის” პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ აეროპორტის მატარებლის რეისები ხალხის მოთხოვნის მიხედვითაა დანიშნული:


“ამიტომ ჯერჯერობით არაფრის შეცვლა არ იგეგმება. თუ მოსახლეობის მხრიდან რაიმე მოთხოვნა იქნება, მაშინ მატარებლის მოძრაობის გრაფიკიც შეიცვლება,” – განაცხადა რკინიგზის პრესსამსახურის უფროსმა ირმა სტეფნაძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში.


2013 წელს „საქართველოს რკინიგზამ“ შემოვლითი გზის პროექტი უნდა დაასრულოს, რომელიც ნავთლუღი-დიდუბის დამაკავშირებელი ზოლის გაუქმებას გულისხმობს. პროექტის განხორციელების შემდეგ აეროპორტის რკინიგზის მარშრუტი შემცირდება და აეროპორტიდან გამოსული მატარებლის ბოლო გაჩერება სადგურის მოედნის ნაცვლად ნავთლუღის სადგური იქნება. შესაბამისად, აეროპორტის დასახლებაში მცხოვრები ადამიანები მხოლოდ ნავთლუღის სადგურამდე შეძლებენ გადაადგილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი