საზოგადოება

როცა სახელმძღვანელოში „ზანგი“ წერია

15 ივნისი, 2012 •
როცა სახელმძღვანელოში „ზანგი“ წერია

ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ირმა დიმიტრაძე ამბობს, რომ ტერმინი „ზანგი“ თვითონაც წაიკითხა: „მე პირადად ვნახე ეგეთი ტერმინი სახელმძღვანელოში თუ სხვა წიგნში, ზუსტად არ მახსოვს. მე ამის გამო მაქვს პრეტენზია, ხალხი ძალიან დიდ ხანს იბრძოდა იმისთვის, რომ ეს ტერმინი არ დამკვიდრებულიყო. ჩემთვის მიუღებელია მსგავსი ტერმინები. ეს დისკრიმინაციული ჩანაწერია“. 

ნინო მსხალაძე, რომელიც ბათუმის მე-16 სკოლის მე-12 კლასში სწავლობს, ფიქრობს, რომ ცუდი არ არის, თუ სახელმძღვანელოში წერია ზანგი, „მაგრამ უკეთესი იქნებოდა, თუ სახელმძღვანელოებში ჩაწერენ ფერადკანიანს. მე პირადად ზანგს უფრო სალაპარაკო ენაში ვხმარობ. ეს ჩემთვის მხოლოდ განსხვავებული კანის ფერს ნიშნავს და არა რაიმე ნიშნით შეურაცხყოფას“.

არის თუ არა მე-10 კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოში, ფოტოზე მინაწერი -„ზანგი“ სიძულვილის ენა? –  ეს კითხვა „ბათუმელებმა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს გიორგი ჩახნაშვილს დაუსვა.  „განათლების სამინისტროს ჰყავს განათლების ხარისხის მართვის ცენტრი, ასევე ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სახელმძღვანელოების გრიფირებაზე მუშაობს. შეგიძლიათ მიმართოთ ხარისხის მართვის ცენტრს და იმათთან გაარკვიოთ, ზანგი უნდა ეწეროს თუ არა, მე მაგის სპეციალისტი არ ვარ“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი, ლალი რეზონაშვილი დაგვპირდა, რომ სამინისტროს თვალსაზრისს ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად გაგვაცნობდა, მაგრამ „ბათუმელებს“ მისგან შეტყობინება არ მიუღია. 

განათლების პოლიტიკის სპეციალისტი ნათია ანდღულაძე ამბობს, რომ მისთვის „სიტყვა ზანგი ცალსახად არ არის შეურაცხმყოფელი. ზანგი ჩემთვის შავკანიანის სინონიმია. თუ იტყვი, რომ ზანგი ხომ არ ხარ, როგორ მუშაობ, ამ შემთხვევაში შეურაცხყოფაა… ისე ერთიც არის, არ ვიცი, საზოგადოება როგორ აღიქვამს ამ გამონათქვამს. 
მე არ მგონია, რომ, მაგალითად, ლიტერატურის სახელმძღვანელოში სიტყვა ზანგი უნდა ავკრძალოთ, მაგრამ ბიოლოგიის სახელმძღვანელოში ზანგს არ გამოვიყენებდი, გამოვიყენებდი შავკანიანს. ამერიკაში სიტყვა ნეგრი რასობრივად სენსიტიურია, თუმცა ამ სიტყვამ ამერიკაშიც მერე შეიძინა უარყოფითი დატვირთვა“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პარმენ ჯალაღონია ბიოლოგიის სახელმძღვანელოში „გაპარულ“ ტერმინს ასე აფასებს: „საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ყველა ადამიანი არის თანასწორი, მიუხედავად კანის ფერის, წარმოშობისა და ასე შემდეგ. შავკანიანების მიმართ სიტყვა „ზანგის“ გამოყენება, კონტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება აღვიქვათ სიძულვილის ენადაც. მოცემულ შემთხვევაში კი, ის არაკორექტული ტერმინია და შესაბამისი სამსახური ვალდებულია, გაასწოროს ხარვეზი. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში სიტყვა „ზანგის“ ნაცვლად უნდა გამოეყენებინათ შავკანიანი“.  

მასალების გადაბეჭდვის წესი