საზოგადოება

საჩუქარი მასწავლებლებს – მოისყიდა თუ არა ამომრჩეველი ხელისუფლებამ?

12 ივნისი, 2012 •
საჩუქარი მასწავლებლებს – მოისყიდა თუ არა ამომრჩეველი ხელისუფლებამ?

თბილისის საჯარო სკოლებს დედაქალაქის მერიისგან „თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლების მიზნით“ 5 -დან 10 ათას ლარამდე ჩაერიცხათ.

თბილისის სკოლების ნაწილმა აღნიშნული თანხა მაისის, ნაწილმა კი მიმდინარე თვეში, ივნისში მიიღო.

 
თბილისის 131-ე საჯარო სკოლის პედაგოგის თქმით, მისმა სკოლამ მერიისგან 10 ათასი ლარი მიიღო, საიდანაც თითოეულს პედაგოგს პრემიის სახით 50 ლარი დაერიცხა.

50 ლარი აიღო მაისის თვეში 32 -ე საჯარო სკოლის პედაგოგმაც. მისივე განმარტებით, მასწავლებლების გარდა პრემია სკოლის სხვა თანამშრომლებმაც მიიღეს.

„დამლაგებლებს და სხვა პერსონალს მასწავლებლებზე ნაკლები დაურიცხეს,“- ამბობს  “ნეტგაზეთთან”  საუბარში 32-ე საჯარო სკოლის პედაგოგი.

ნეტგაზეთისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიიდან ფულადი რესურსი თბილისის ყველა საჯარო სკოლამ მიიღო.

ერთადერთი სკოლა ილია ვეკუას სახელობის  ფიზიკა-მათემატიკის სკოლაა, რომელმაც ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მერიამ „თანამშრომლების მოტივაციის ამაღლების მიზნით“ სკოლას ფული ჩაურიცხა, საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა.

„2012 წლის 16 მაისს ქალაქ თბილისის მერიამ  აკადემიკოს ილია  ვეკუას სახელობის  ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლის თანამშრომლების მოტივაციის ამაღლების მიზნით სკოლას ჩაურიცხა 5000 ლარი,“- ნათქვამია სკოლის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

 

თბილისის მერია ნეტგაზეთთან ადასტურებს აღნიშნული თანხის გაცემის ფაქტს და აცხადებს, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების რეფორმის ხელშეწყობის მიზნით,  თბილისის მერია ბიუჯეტიდან ყოველწლიურად  ასიგნებების სახით აფინანსებს როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, ასევე  ქალაქში არსებულ საჯარო სკოლებს.

 

„აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს: მოზარდთა შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლებას, სკოლამდელი აღზრდის  დაწესებულებებსა და საჯარო სკოლებში აღზრდის  თანამედროვე სისტემების  დანერგვას, საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებას, შემეცნებითი  პროექტების განხორციელებასა და მოზარდთა ინტელექტუალური დონის ზრდას. პროექტის ფარგლებში, ასევე სკოლამდელი აღზრდისა და ზოგასაგანმანათლებოლო დაწესებულებებში აქტიურად მიმდინარეობს აღზრდის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა,“- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილში.  

 

თუმცა დედაქალაქის 2012 წლის ბიუჯეტში საჯარო სკოლების თანამშრომლებისთვის ფულადი სახსრები გათვალისწინებული არ არის.

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით დედაქალაქის მერიას უნდა მივმართოთ.

ლელა ტალიური, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ დედაქალაქის თვითმმართველმა ორგანომ საჯარო უნდა გახადოს და წარმოადგინოს ანგარიში, კონკრეტულად რომელ წლებში ახორციელებდა მსგავს ქმედებას და სად უწერია მერიას, რომ მას აქვს უფლება, საჯარო სკოლის პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების მიზნით თანხა განკარგოს.

„სხვა შემთხვევაში კი, ვინაიდან არის წინაასაარჩევნო პერიოდი და საარჩევნო პროცესში ვიმყოფებით, ისმება ლოგიკური კითხვა, ხომ არ ხმარდება ეს თანხები პედაგოგთა კმაყოფილების ამაღლებას. მინიმუმ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა საარჩევნო მიზნებისთვის,“- მიიჩნევს ტალიური.

იურისტის განმარტებით, სასურველია დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილით  თბილისის  საკრებულოც დაინტერესდეს.

ნინო ლომჯარია, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ თუ აღნიშნული დახმარება წლის დასაწყისში მერიის სოციალურ პროგრამებით არ იყო გათვალისწინებული და ერთჯერად ხასიათს ატარებს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს. მისივე განამარტებით, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებიც იკვეთება.

საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის თბილისის მერიის მიერ გადარიცხულ პრემიებში ახალს ვერაფერს ხედავს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი შოთა მურღულია, რომელიც ამჟამად დედაქალაქის სარეზერვო ბიუჯეტის კვლევაზე მუშაობს.

„ზოგადად, თითქმის ყველა არჩევნების დროს, თვითმმართველობა იქნება ეს თუ სხვა სახელმწიფო ინსტიტუცია, წახალისების პროგრამებს ახორციელებს. სკოლებს თანხას ურიცხავს, რომ მერე ეს ფული მასწავლებლებს დაურიგონ, ეს არ არის ახალი აღმოჩენა, ასეთი ფაქტები წინა წლებიც იყო,“ -ამბობს მურღულია.

მისივე თქმით, შესაძლოა თანხა, რომელიც ამ მიზნითვის გამოიყო, მერიის სარეზერვო ფონდიდან იყოს.

„შესაძლოა ეს თანხები სარეზერვო ფონდიდან არის გამოყოფილი, რომელიც ასევე არ არის საჯარო და არ ვიცით, სად, რისთვის და რამდენი იხარჯება. თუმცა მაინც ძალიან რთულია, მერიას ეს აქტივობა ადმინისტრაციული რესურსის ხარჯვაში ჩაუთვალო, ვინაიდან ისინი ამბობენ, რომ არჩევნების გამო ვერ შეაჩერებენ სხვადასხვა სახის დახმარების გაცემას, თუკი ეს ბიუჯეტით ჰქონდათ გათვალისწინებული,“-ამბობს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, კვლევისა და რეფორმების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი.

იმ შემთხვევაში, თუ მერიას 2012 წლის ბიუჯეტში საჯარო სკოლების თანამშრომელთა დახმარება გაწერილი აქვს, დარღვევას ვერ ხედავს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ წარმომადგენელი მიხეილ კუკავა.

თბილისის ბიუჯეტის სოციალური პროგრამების მონიტორინგის ფარგლებში, მიხეილ კუკავამ თბილისის ბიუჯეტის 2007-2012 წლების დინამიკა შეისწავლა.

ცენტრის წარმომადგენელი ამბობს, რომ ვინაიდან დედაქალაქის ბიუჯეტის განათლების ხარჯები ჩაშლილი არ არის და კონკრეტულად რაში რამდენი იხარჯება, ფართოდ არ საჯაროვდება, ერთმნიშვნელოვნად ვერ იტყვის, დახარჯა თუ არა მერიამ ადმინისტრაციული რესურსი წინასაარჩევნოდ.  

„თბილისის მერიას შეუძლია დამატებითი ანაზღაურება მისცეს საჯარო მოხელეს, ისევე როგორც მას შეუძლია გასცეს საპენსიო დანამატი. ეს არ ეწინააღმდეგება საბიუჯეტო კოდექსს, იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტში ეს ყველაფერი გაწერილია. ამ შემთხვევაში კი პრობლემა იმაშია, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი გამჭვირვალე არ არის და თვითნებური ხარჯების რისკები მაღალია,“- ამბობს მიხეილ კუკავა.

კითხვაზე, რა დაუჯდა დედაქალაქის ბიუჯეტს წელს სკოლის თანამშრომელთა „მოტივიაციის ამაღლება“, მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული ინფორმაციის მისაღებადაც დედაქალაქის მერიას საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით უნდა მივმართოთ.

იქიდან გამომდინარე, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში სულ 98 საჯარო სკოლაა და თითოეულმა სკოლამ თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლების მიზნით 5 დან 10 000 ლარამდე მიიღო, დედაქალაქის ბიუჯეტს აღნიშნული ინიციატივა ნახევარ მილიონზე მეტი დაუჯდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი