საზოგადოება

კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში მოწინააღმდეგე არ ჰყავს

8 ივნისი, 2012 •
კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში მოწინააღმდეგე არ ჰყავს

 

“კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტს, რომლის შესაბამისად, კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიიდან 842. 4 ჰექტარი დაცულ ტერიტორიად აღარ ჩაითვლება, მხარი ყველა დამსწრე დეპუტატმა დაუჭირა.

 

კანონპროექტის განხილვას არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ დასწრებია, შესაბამისად, განხილვა რამდენიმე წუთში საწინააღმდეგო არგუმენტების მოსმენის გარეშე დასრულდა და კანონპროექტის ავტორმა, ზაზა გამცემლიძემ  “საინტერესო დისკუსიისთვის” დეპუტატებს მაინც მადლობა გადაუხადა. 

 

 

კანონპროექტის პირველ მოსმენას, რომელიც 31 მაისს ჩატარდა, საპარლამენტო ოპოზიციის ერთადერთი დეპუტატი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ესწრებოდა, რომელიც ერთდაერთი იყო, ვინც ცვლილებას მხარი არ დაუჭირა.

 

“ეს არის ქმედება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის რამსარის კონვენციასთან. საერთაშორისო კანონმდებლობა კი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ეროვნული. ამ ქმედებით კოლხეთის დაბლობის უნიკალური ეკოსისტემის, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს, ხელყოფა მოხდება,”- განაცხადა ლორთქიფანიძემ. 

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გოჩა მამაცაშვილი აღნიშნული ქმედებისთვის სამართლებრივი საფუძვლის მინიჭებას იმით ხსნის, რომ ინვესტორები უფრო თამამად შეძლებენ ინვესტირების განხორცილებას აღნიშნულ ადგილას, რაც ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო განავითარებს. 

 

საუბარი ჯერჯერობით ფოთი – ანაკლიის შემაერთებელ მაგისტრალზეა, რომელიც, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განმარტებით, საქართველოს საზღვაო აკვატორიას ერთ მთლიან საკურორტო ინფრასტრუქტურად აქცევს.

 

არც საპარლამენტო უმრავლესობის წევრსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი ბობოხიძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ქმედებით ქვეყანა იმ  საერთაშორისო კანონმდებლობას დაარღვევს, რომელსაც 1996 წელს შეუერთდა. 

 

“ბუნებრივია, არ ვარღვევთ იმიტომ, რომ არსად არ წერია, რომ შეთანხმებები არის დროში უცვლელი, დინამიკას არ ითვალისიწინებს და რომ ერთხელ მიღებული გადაწყვეტილება მუდმივად ურყევი უნდა დარჩეს. არ შეიძლება მსოფლიოში ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არ იქნება მომავალში შეცვლილი. და თუ მაინც მიიჩნევენ, რომ დაირღვა, მაშინ გამოგვრიცხავენ და ეგ იქნება. რომც გვემუქრებოდეს რაიმე სანქცია, ეს იქნება ერთჯერადი,”- განაცხადა ბობოხიძემ.

 

“ჩვეულებრივი დინამიური მოვლენაა, რომ დაცული ტერიტორიების ფართობები იცვლება,  არანაირი პრობელმა არ არის,”- აღნიშნა კანონპროექტის მეორე მოსმენის დროს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, გოჩა მამაცაშვილმა. 

 

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის, “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენლის, ირაკლი მაჭარაშვილის განამარტებით, ეს ცვლილება “პრაქტიკულად ნიშნავს კოლხეთის ეროვნული პარკის შუაგულის დეგრადაციას.”

 

“კანონის მიღებით ნამდვილად დაირღვევა საქართველოს მიერ დადებული მრავალმხრივი ხელშეკრულებები (რამსარის, ბერნის და ორჰუსის კონვენციები), ასევე კანონპროექტი ეწინააღმდეგბა ევროკავშირის დირექტივებს: “ჰაბიტატების დაცვის შესახებ”; “ფრინველების შესახებ. ამ გზის დაფინანსებაზე, გარემოსდაცვითი მოსაზრებების გამო, უარი თქვეს საერთაშორისო დონორებმა – ევროპის საინვესტიციო ბანკმა, მსოფლიო ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში მაჭარაშვილი. 

 

მისივე განმარტებით, მთავრობა, რომელიც კანონპროექტის ინიციატორია, ორჰუსის კონვენციის მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად, ვალდებული იყო, პარლამენტში შეტანამდე მოეწყო საჯარო განხილვები.

 

გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მხრიდან პროტესტს ბუნებრივად მიიჩნევს უმრავლესობის წევრი აკაკი ბობოხიძე.  

 

“ბუნებრივია, რომ მათი და საერთაშოროსო ორგანიზაციების მხრიდან უკმაყოფილება იქნება. მათთვის ეს მტკივნეული თემაა. სხვას რომ თავი დავანებოთ, ისინი დაფინანსებას სწორდ იმაში იღებენ, რომ ბუნება დაიცვან, მათთვის ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები მეორეხარისხოვანია. ჩვენ არ ვართ გარემოსდაცვითი ორგანიზაცია და კომპლექსურად ვითვალისწინებთ ბუნებისა და მოქალაქეების ინტერესებს,”- ამბობს ბობოხიძე.

 

 საერთაშორისო კონვენციებზე საუბრის დროს ბობოხიძე ევროპასაც ადანაშაულებს.

 

 “ევროპას უნდა, საქართველო მგლების საარსებო არეალად იქცეს. ევროპას, რომელსაც მგელი არ ჰყავს, იცავს მგელს საქრთველოში. არაერთხელ მითქვამს, გავუგზავნით, თუ ასე ძალიან უნდათ. ჩვენ კი საქართველო, პირველ რიგში, ადამიანებისთვის გვინდა, რომ ბუნება და ადამიანი ჰარმონიულად თანაარსებობდეს. საქართველოში ნებისმიერ ხელისუფლებას, იმის მიუხედავად, ვინ იქნება, აუცილებლად მოუწევს, გადახედოს არა მხოლოდ დაცულ ტერიტორებს, არამედ სხვა პროექტებსაც,”- ამბობს ბობოხიძე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი