საზოგადოება

მიკროავტობუსები რადიოს გარეშე

8 ივნისი, 2012 •
მიკროავტობუსები რადიოს გარეშე

“დილით მოვედი და რადიო გათიშული დამხვდა, ჩემთვის არაფერი უკითხავთ. საპატრიარქოს რადიოს ვუსმენდი ხოლმე. ეს ქცევა ნორმალურია? მართლა ყველაფერის პოლიტიზება ხომ არ შეიძლება?! ვის რას უშლის მუსიკა,  ხანდახან ვმხიარულდებით ხოლმე” – აცხადებს სამარშრუტო ტაქისის მძღოლი მიხეილ ჯანჯღავა.

რადიომიმღების გათიშვის მიზეზი უცნობია 77 ნომერი სამარშრუტო ნომრის მძღოლ ნიკოლოზ მეტრეველისათვისაც. “ნეტგაზეტთან” საუბარში იგი ამბობს, რომ რადიოს გათიშვის მიზეზად ადმინისტრაციამ ნინო ჩხეიძის მუსიკის მოსმენა დაასახელა.

“ნინო ჩხეიძეს რომ უსმენ, მგზავრები ღიზიანდებიან და ამიტომ უნდა გავთიშოთო – ეს გვითხრეს მიზეზად. მონიტორების დამონტაჟებაზე არაფერი უთქვამთ ჩვენთვის, ჩემს მანქანაში არანაირი მონიტორი არ დგას”, – ამბობობს მძღოლი ნიკოლოზ მეტრაველი. 

რადიოს გათიშვაში კოლეგისაგან განსხვავებულ მიზეზს ხედავს მძღლი გია გოგელიძე. მისი თქმით, რადიოს გათიშვის მიზეზი პოლიტიკურია.

“მაესტროს რომ არ მოვუსმინოთ, მაგიტომ გვითიშავენ, ყველამ იცის, რომ მძოლების უმეტესობა მაესტროს უსმენდა, ხოდა, ადგნენ და გაგვითოშეს “,– ამბობს მძღოლი გია გოგელიძე.

შ.პ.ს “მიკროავტობუსმა”  ინფორმაცია რადიომიმღებების გათიშვის თაობაზე გუშინ ოფიციალური წერილით გაავრცელა.  განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქ თბილისში მგზავრების გადაყვანას, გაფორმებული აქვს ხელშეკრულება დამოუკიდებელ იურიდიულ პირთან სარეკლამო მომსახურების თაობაზე. ხელშეკრულების მიხედვით, სარეკლამო კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს მიკროავტობუსებზე გარე რეკლამის განთავსება, ხოლო სამარშრუტო ტაქსების სალონში მონიტორების დამონტაჟება, სადაც განთავსდება სხვადასხვა ხმოვანი სარეკლამო რგოლები.

“თავის მხრივ, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელმა სატრანსპორტო კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ სარეკლამო რგოლების მომხმარებლისთვის შეუფერხებლად მიწოდება, მათი გარჩევადობა და სმენადობა”, _ ნათქვამია განცხადებაში.

რადიომიმღებების გათიშვის პოლიტიკურ მიზეზებზე საუბრობს რადიო “მაესტროს” დირექტორი მამუკა ღლონტიც. მისი თქმით რადიმიღებების გათიშვას შესაძლოა ინტერნეტის შეზღუდვაც მოჰყვეს.

“რადიო მაესტრო საქართველოში ყველაზე რეიტინგული რადიოსაშუალებაა, რომელიც თითქმის ყოველ მეორე სამარშრუტო ტაქსიში იყო ჩართული, ეს არის პირდაპირი ზეწოლა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს მედიაზე. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ხელისუფლებას ეშინია თავისუფალი ინფორმაციის. უმჯობესია დავსვათ ის კითხვა, თუ რისი დამალვა სურს ხელისუფლებას?! “– ამბობს რადიო “მესტროს” დირექტორი მამუკა ღლონტი.

მისივე თქმით, ეს შეზღუდვა რადიოსადგურებს ეკონომიკურ ზარალსაც მიაყენებს, ვინიადან რადიოსადგურების უმრავლესობა შემოსავალს რეკლამიდან იღებს, რომელიც უმეტესწილად სწორედ სატრანსპორტო საშუალებების მომხმარებლებზეა გათვლილი.

რადიომიმღებების გათიშვაში პრობლემას ვერ ხედავს რადიოების: “ფორტუნა” “ფორტუნა+” “არდაიდაროს” და “ავტორადიოს” წარმოამდგენელი მაია მეზონიშვილი, მისი განმარტებით სამარშრუტო ტაქსები რადიომსმენელების ძალიან მცირე სეგმენტს წარმოადგენდა.

“ამ ცვლილებას დიდი გავლენა არ ექნება ჩვენი რადიოების მუშაობაზე, ვინაიდან სამარშრუტო ტაქსები ძალიან მცირე სეგმენტს წარმოადგენდა ჩვენი მსმენელების. ეს გავლენას არც რეკმალამზე იმოქმედებს, სარეკლამო მონიტორების დადგმით სამარშრტო კომპანია დამატებითი შემოსავლების წყაროს გაიჩენს” – ამბობს ნეტგაზეთან კომეტარში რადიოების: “ფორტუნას”, “ფორტნა+” “ავტორადიოს” და “არდაიდარდოს” წარმოამდგენელი მაია მეზონიშვილი.

რადიომომღებების გათიშვით მიყენებულ უარყოფით გავლენზე საუბრობს ერთ–ერთი ყევლაზე დიდი რადიოსაშუალების, “რადიო პალიტრის” წარმომადგენელი დაჩი გრძელიშვილიც, რომლის მოსაზრებით, რადიომიმღებების გათიშვა რადიოებს არა მხოლოდ მსმენელების სეგმენტს დააკარგვინებს, არამედ რეკლამასაც, რომელიც რადიოებისთვის შემოსავლის წყაროა.

საქართველოს პარლამენტში მიაჩნიათ, რომ კერძო კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაპოლიტიკურება არ უნდა მოხდეს, შესაბამისად, ამ საკითხში პოლიტიკური ქვეტექსტის ძიება არარეალურია.   

“ეს არის კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც უკავშირდება სამარშრუტო ტაქსებში რეკლამის განთავსებას და, შესაბამისად, სხვა არანაირ  სიმულაციას არ ჰქონია ადგილი” – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პალიკო კუბლაშვილი.

გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურია, რომელიც მომხდარს პოლიტიკური შეზღუდვას უწოდებს და ამბობს, რომ რადიომიმღებების გათიშვით ოპოზიციას ამომრჩევლებამდე ინფორმაციის მიწოდების წყარო შეეზღუდა.

რადიომიმღებების გათიშვის პროცესი სამარშრუტო ტაქსებში ჯერ არ დასრულებულა. ასევე არ არის დასრულებული სარეკლამო მონიტორების დამონტაჟებაც.  უცნობია ისიც , თუ რა ტიპის რეკლამის განთავსება იქნება შესაძებელი “მარშუტკებში” და იარსებებს თუ არა შეზღუდვები პოლიტიკურ რეკლამაზე.  


მასალების გადაბეჭდვის წესი