საზოგადოება

განქორწინებები და საქორწინო კონტრაქტები საქართველოში

6 ივნისი, 2012 • 3202
განქორწინებები და საქორწინო კონტრაქტები საქართველოში

2011 წელს საქართველოში 5850 წყვილი განქორწინდა. ეს თითქმის 3-ჯერ მეტია 2004 წელთან შედარებით. საია-ს აჭარის ფილიალში წელს უკვე 40 მოქალაქეს დაუწერეს განქორწინებაზე სარჩელი. ამ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ განქორწინების ინიციატივა, ძირითადად, ქალებიდან მოდის.

 

განქორწინების დროს წყვილმა უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. ცოლ-ქმარს, რომელიც აღარ აპირებს ერთად ცხოვრებას, შეუძლია მოითხოვოს ქონების გაყოფა. წყვილს მხოლოდ იმ ქონების გაყოფაზე შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია, რომელიც თანაცხოვრების ანუ ცოლქმრობის პერიოდში შეიძინეს. ქორწინების პერიოდში ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონება არ იყოფა.

 

არ იყოფა ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, გარდა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ძვირფასეულობისა. ჩუქებით მიღებული სამკაულები ინდივიდუალური საკუთრებაა, მაგალითად, ქალს შეუძლია ტრადიციული ნიშნობის დროს ნაჩუქარი ძვირფასი სამკაულები არ გაუყოს ყოფილ ქმარს.

 

განქორწინებიდან სამი წლის გასვლის შემდეგ ქონებაზე პრეტენზიას რომელიმე მხარე ვეღარ განაცხადებს.
თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებას მხოლოდ ის წყვილი იყოფს, ვისაც მეუღლესთან სამოქალაქო ქორწინება აქვს გაფორმებული. შესაბამისად, ჯვარდაწერილი წყვილის განქორწინების შემთხვევაში, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე დავა აზრს კარგავს.

ტელესერიალის გავლენა


როგორც წესი, განქორწინების შემდეგ საქართველოში შვილებთან ერთად ქალი რჩება, თანაც ძირითადად საცხოვრებლის გარეშე, ხოლო მამაკაცი მშობლების სახლში აგრძელებს ცხოვრებას.

 

საია-ს აჭარის ფილიალის იურისტების თქმით, მათ მიერ შედგენილი სარჩელის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წყვილი, ძირითადად, ალიმენტისთვის დავობს. განქორწინების შემდეგ მამა ხდება იძულებული, შვილებს ალიმენტი გადაუხადოს.
იურისტი გია ქარცივაძე განსაქორწინებელ წყვილებში არც თუ იშვიათად ამჩნევს ტელესერიალების გავლენას: არის შემთხვევა, როცა სერიალის ენაზე ლაპარაკობენ. ეს რას ნიშნავს? –  მაგალითად, ამბობენ, რომ არ მისცემენ თანხმობას განქორწინებაზე და ამით შექმნიან პრობლემას. კანონის მიხედვით კი, თუ ერთ წყვილს უნდა განქორწინება, მას მეორე ვერაფრით შეაფერხებს.

 

იურისტი მაია ქათამაძე კი ამბობს, რომ ძალადობა წყვილებს შორის იშვიათია: “შეიძლება უჭირთ მაგაზე საუბარი… განქორწინების დროს, ძირითადად, სტრესულ მდგომარეობაში არიან… სარჩელის ფორმა არ მოითხოვს თანაცხოვრებაში წარმოქმნილი დეტალების აღწერას, ამიტომაც მაგ საკითხით არ ვინტერესდები. ისე გვქონდა შემთხვევა, როდესაც ქმარი იყო ნაცემი. იყო შემთხვევა, როდესაც მამამ შვილს მისი ნების წინააღმდეგ შეჭრა თმა და ქალმა დამცავი ორდერი მოითხოვა, ანუ მამისთვის შვილის ნახვის აკრძალვა უნდოდა.

 

საია პრაქტიკა განქორწინებებეზე


საიას ბათუმის ფილიალში განქორწინების მსურველებს, ძირითადად, იურისტი მაია ქათამაძე უწევს კონსულტაციას. მისი დაკვირვებით განქორწინებას დიდწილად ქალები ითხოვენ. განქორწინების მოსურნე წყვილებს კონსულტაციაზე ძალიან ხშირად მშობლები მიყვებიან.

 

კიდევ ერთი იურისტი საიას აჭარის ფილიალიდან, გია ქარცივაძე ამბობს, რომ ყველა წყვილი, რომელიც განქორწინებას ითხოვს, ან ქალის მშობელთან ცხოვრობს, ან მამაკაცის. ის არ შეხვედრია განქორწინების მოსურნე ისეთ წყვილს, ვინც მარტო ცხოვრობდა.
მაია ქათამაძის თქმით, მათთან მისულ წყვილებს შორის განქორწინების გადაწყვეტილებას, ძირითადად, 28-დან 35 წლამდე ასაკის მოქალაქეები იღებენ. არის შემთხვევები, როცა ქორწინებიდან სამ თვეში წყვეტს წყვილი ურთიერთობას. საია წყვილებს უფასოდ ემსახურება. ამ სერვისში საქორწინო ხელშეკრულების მომზადებაც შედის.

 

საქორწინო ხელშეკრულება


იურისტ გია ქარცივაძეს მხოლოდ ერთხელ აქვს საქორწინო ხელშეკრულება მომზადებული. მან ხელშეკრულების მონაწილე მხარეების იდენტიფიცირების დაცვით “ბათუმელებს”  ქალის ინიციატივით გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსი გააცნო.
ქორწინების ხელშეკრულებაში წყვილი წერს:

 

`…. ურთიერთანადგომითა და დიდი სიყვარულით ვთანხმდებით შემდეგზე:
გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ შექმნილი გვაქვს ოჯახი, გვსურს ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების ურთიერთობის სიმყარე და სტაბილურობა დამოკიდებული არ იყოს ქონებრივ დაინტერესებაზე და თავიდანვე ყველასათვის ყველაფერი ნათელი იყოს, ჩვენ ვდებთ საქორწინო ხელშეკრულებას.

 

მიუხედავად იმისა, თუ რომელი მხარის მიერ იქნება შეძენილი ქონება, ქორწინების პერიოდში ის (ქონება) წარმოადგენს იმ მხარის ინდივიდუალურ საკუთრებას, რომლის სახელზეც შესაბამის ორგანოებში აღირიცხება ეს ქონება”.

განქორწინების სტატისტიკა


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, განქორწინების მსურველთა რაოდენობა 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, 1124-ით გაიზარდა. გასულ წელს ყველაზე მეტი განქორწინება დაფიქსირდა თბილისში _ 2525-მა წყვილმა თქვა უარი ერთად ცხოვრებაზე, იმერეთში _ 825-მა, ქვემო ქართლში _ 591-მა, აჭარაში _ 405-მა, ხოლო კახეთში _ 402 წყვილი დაშორდა ერთმანეთს.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მეტ-ნაკლებად მუშაობენ ამ საკითხზე, ამბობენ, რომ განქორწინებათა მატება გამოწვეულია ორი გარემოებით: 1. განქორწინება აღარ არის სირცხვილი და 2. ფინანსური თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქალების რაოდენობა გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი