საზოგადოება

საჩუქარი პედაგოგებს- დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კანონი

6 ივნისი, 2012 • 1671
საჩუქარი პედაგოგებს- დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კანონი

“ჩნდება ეჭვი, რომ ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვის დახვეწილი ხერხი”, –  ასე აფასებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი ბათუმის სკოლებისა და ბაღების პედაგოგებისათვის საახალწლოდ პრეზიდენტის სახელით საჩუქრის გადაცემას. განათლების მინისტრი აცხადებს, რომ არც საჩუქრების და არც მისი დაფინანსების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

“პრეზიდენტის საახალწლო საჩუქრის სახით ერთი ბოთლი შამპანური, ღვინო და ტკბილეული მივიღეთ. ეს საჩუქარი ბაღის ყველა პედაგოგმა მიიღო, სააღდგომოდ კი ფულადი პრემიები მოგვცეს”, –  ამბობს მე-4 საბავშვო ბაღის მეთოდისტი ნანა ინწკირველი. პრეზიდენტის საჩუქარი ბათუმის ყველა საბავშვო ბაღისა და სკოლის პედაგოგს დაურიგდა. “საჩუქრები იყო მასწავლებლებისთვის, პრეზიდენტის საჩუქარი იყო ბანბანერკები და შამპანური”, – იხსენებს #1 ბაღის მეთოდისტი ციური შავიშვილიც.  

 

“ეგ საჩუქრები პრეზიდენტის სახელით მოვიდა. ეს იყო ერთი ბოთლი შამპანური და ერთი ბოთლი ღვინო პედაგოგებისთვის. ბაღის სხვა თანამშრომლები რომ არ დაგვჩაგვროდა, მერიამ პრემიების თანხა გამოგვიყო. 100-პროცენტიანი პრემიები საახალწლოდ გავეცით, სააღდგომოდ კი ყველა თანამშრომელზე – 70-პროცენტიანი”, _ ამბობს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი დალი ფუტკარაძე.

 

“ძალიან მაგარი ღვინო იყო, შამპანურიც მოგვეწონა, შოკოლადიც იყო, ბარამბოს შავი და თეთრი მარგალიტი”, _ იხსენებს პრეზიდენტისგან მიღებულ საჩუქრის გემოს სხვა სკოლის პედაგოგიც.   

 

ბათუმში 26 საბავშვო ბაღია და 300 პედაგოგი მუშაობს, ბათუმის სკოლებში კი –  2205, აქედან 1602 პედაგოგი საჯარო სკოლებშია დასაქმებული. რამდენი თანხა დაიხარჯა საპრეზიდენტო საჩუქრებზე და კონკრეტულად რომელი ბიუჯეტიდან, ამის თაობაზე  აჭარის განათლების სამინისტროში ინფორმაცია არ აქვთ. “ვერ დავადგინეთ, დარიგდა თუ არა ეგ საჩუქრები. ჩვენი პროექტი არ ყოფილა, დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს”, –  აცხადებს მინისტრი გია აბულაძე.  

 

მინისტრისგან განსხვავებით დაზუსტებულ ინფორმაციას ფლობს მერიის ადმინისტრაციის უფროსი გელა მახარაძე: “კი ბატონო, ნამდვილად პრეზიდენტის საჩუქრები იყო. მერიამ ტრანსპორტირება უზრუნველყო და ამაში განათლების სამინისტროც იყო ჩართული. რომელი ბიუჯეტიდან დაიხარჯა თანხა, ეგ ნამდვილად არ ვიცი”.  

 

 

ერთი ბოთლი იაფფასიანი ღვინისა და შამპანურის საბაზრო ღირებულება სავაჭრო ქსელებში 10 ლარია,  “ბარამბოს”  “შავი მარგალიტის” (ე.წ. “ბანბანერკა”) ფასი კი – 12 ლარი. თუკი ამ თანხას ბათუმის ბაღებსა და საჯარო სკოლებში დასაქმებული პედაგოგების რიცხვზე გადავამრავლებთ, გამოდის, საპრეზიდენტო საჩუქრისთვის მარტო ბათუმში სულ ცოტა, 60 ათასი ლარია დახარჯული. რაც შეეხება აჭარის მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ პედაგოგებს, “ბათუმელების”  ინფორმაციით “საპრეზიდენტო საჩუქარი” მათ არ მიუღიათ.  

 

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა საარჩევნო კანონი და ნიშნავს თუ არა მისი საახალწლო საჩუქარი პედაგოგების მოსყიდვას? ამის თაობაზე განმარტებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ბათუმის ხელმძღვანელი ირინა ურუშაძე აკეთებს: “მაგ დროისთვის არ მოქმედებდა სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს საჩუქრის გადამცემს და მიმღებსაც, მაგრამ პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი, რომელიც 29 დეკემბერს შევიდა ძალაში, კრძალავს საჩუქრის გადაცემას, როგორც პოლიტიკური პარტიის მხრიდან, ასევე ნებისმიერი პირისგან, რომელიც პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირდება. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი არის ნაციონალური მოძრაობის წარდგენილი და ასოცირდება ამ პარტიასთან. მით უფრო, რომ ის პოლიტიკური თანამდებობის პირია”.  

 

როგორც ირინა ურუშაძე ამბობს, პრეზიდენტის მიერ გადაცემული ნებისმიერი საჩუქარი შეიძლება ასოცირდებოდეს პოლიტიკურ საჩუქართან, მიუხედავად იმისა, დღესასწაულია თუ არა. “მით უმეტეს, რომ ეს საჩუქარი გაიცემა საარჩევნო წელს და არა  რომელი სხვა წელს, ამიტომ ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები აქ უფრო მეტია”.

 

პარტიებისთვის სადღესასწაულო საჩუქრების გაცემაზე კანონში დაწესებულია ზედა ზღვარი. მათი წლიური ლიმიტი 5 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ირინა ურუშაძე: “თბილისშიც იყო შემთხვევა, როცა საჩუქრები გაიცა საბიუჯეტო სახსრებით, ამ შემთხვევაში ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება პოლიტიკური პირის მხრიდან. ჯერ ერთი, ბიუჯეტიდან საჩუქრების დარიგება რამდენად ეთიკურია ცალკე თემაა, მით უმეტეს პრეზიდენტის მიერ. პრეზიდენტს საჩუქარი არც ერთ ახალ წელს არ დაურიგებია, რატომღაც საარჩევნო წელს დაარიგა და რატომღაც ბიუჯეტის ხარჯზე. ეჭვი ჩნდება, რომ ეს არის დადგენილი პოლიტიკური რეგულაციებისთვის გვერდის ავლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ამომრჩევლის მოსყიდვის დახვეწილი ხერხი”.   

 

საქართველოში, 2010-20011 წლის მონაცემებით, 62 ათასზე მეტი პედაგოგი ასწავლის. “სამართლიანი არჩევნების” რეგიონალური ხელმძღვანელის მადონა ბერიძის თქმით, პედაგოგები თითქმის ყველა არჩევნებზე დასაქმებულნი იყვნენ მმართველი პარტიის საარჩევნო კომისიებში და “ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება”.

სამოქალაქო განვითარების  ინსტიტუტის, განათლების პროგრამების მენეჯერის თამარ მოსიაშვილის აზრით, ხელისუფლება პედაგოგებს როგორც თავის ელექტორატს, ისე აღიქვამს და მასზე კონტროლსაც აძლიერებს. “ეს კონტროლი განსაკუთრებით ბოლო წლებში გაძლიერდა. ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ელექტორატი შეინარჩუნონ. შეზღუდეს თავისუფალი სიტყვა, როცა მასწავლებელი და თუნდაც სხვა განათლების სფეროში დასაქმებული ნებისმიერი ადამიანი პრობლემაზე გესაუბრება, თან გეუბნება, რომ ეს არ გაახმაუროო.  ახლახან გვქონდა ერთი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ერთ-ერთი გათავისუფლებული მასწავლებელი და როცა სხვა სკოლის დირექტორები მოვიდნენ და დაინახეს, ისე შეშინდნენ, რომ ბოდიში მოიხადეს და შეხვედრა დატოვეს”.

პრეზიდენტის შეხვედრა პედაგოგებთან - ganatleba.ge-ს ფოტო
პრეზიდენტის შეხვედრა პედაგოგებთან – ganatleba.ge-ს ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი