საზოგადოება

“შეხვედრაზე შაშკინმა ბევრჯერ თქვა – ნუ მაწყვეტინებთ!”

28 მაისი, 2012 •
“შეხვედრაზე შაშკინმა ბევრჯერ თქვა – ნუ მაწყვეტინებთ!”

“იყო ძალიან მწვავე გამოსვლები ცენტრის თანამშრომელთა მხრიდან. მინისტრს ბევრჯერ მოუწია თქმა– “ნუ მაწყვეტინებთ!” ვფიქრობ, ასეთი მწვავე შეხვედრა მას არავისთან ჰქონია ჯერ. რისი იმედი ჰქონდა, რომ მოდიოდა, არ ვიცი,”-  გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ია კუტალაძე მინისტრთან, დიმიტრი შაშკინთან, შეხვედრის დეტალებზე ნეტგაზეთთან საუბრობს.

 

როგორც ცენტრის წარმომადგენელი ამბობს, დიმიტრი შაშკინს თან ახლდნენ მოადგილეები და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.

 

“ძალიან ბევრნი იყვნენ, თუმცა არ ვიცი, რატომ. მინისტრი შეეცდა აეხსნა არგუმენტები, რატომ გაათავისუფლა მაია მიმინოშვილი. ვერაფერი არგუმენტირებული პასუხი ვერ მოვისმინეთ მისგან. ისიც თქვა, რომ უმცირესობათა განათლებასათნ დაკავშირებით მიმინოშვილი პროექტს ეწინააღმდეგებოდა, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მიმინოშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვისი ინიციატივითაც უმცირესობათა ენებზე საგამოცდო ტესტები ითარგმნა,”-ამბობს ია კუტალაძე, ცენტრის წარმომადგენელი. 

 

კუტალაძის განმარტებით, შეხვედრის დროს დიმიტრი შაშკინმა თქვა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად კოკა სეფერთელაძე დანიშნა და არც ერთ თანამშრომელს სამსახურიდან დათხივნა არ დაემუქრებოდა. 

 

თუმცა, კუტალიძის თქმით, ყველა თანამშრომელი შეხვედრის დროს საკუთარ პოზიციაზე მყარად იდგა. 

 

“მაიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არასდროს მიუღია. ეს გადაწყვეტილება ყველა ჩვენგანის ღირსების შელახვაა,”- განაცხადა ცენტრის თანამშრომელმა.  

 

შეგახსენებთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა მაია მიმინოშვილის სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ სამუშაო ადგილები უკვე დატოვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი