საზოგადოება

მიმინოშვილის გათავისუფლების მიზეზს ჯგუფი “შინის” ხელმძღვანელი ასახელებს

28 მაისი, 2012 •
მიმინოშვილის გათავისუფლების მიზეზს ჯგუფი “შინის” ხელმძღვანელი ასახელებს

მაია მიმინოშვილის ძმა, ზაზა მიმინოშვილი, ჯგუფ “შინის” ხელმძღვანელი, დის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად საკუთარ თავს ასახელებს. კომენტარი ამის შესახებ მან ტელეკომპანია მაესტროსთან ჩართვაში გააკეთა. 

 

“დამნაშავე ვარ მე. ჩემი ზარი 26 მაისს ჩემს ბავშვობის მეგობართან მაია ფანჯიკიძესთან. ჩვენი სატელეფონო საუბარი 26 მაისის დღის მილოცვით დაიწყო. მე 27 მაისს ჩემი სურვილის შესახებ ვუთხარი, რომ ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც საქართველოს სჭირდება, მოხდეს ისე, როგორც საჭიროა, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდეს  აქციაზე და ამასთან, ძალიან დიდი წუხილი გამოვხატე ჩემი იქ არყოფნის გამო. თუმცა მე მათ გვერდით ვარ და ყოველთვის ვიყავი კიდეც. მე, რასაკვრიველია, ვიცოდი, რომ ღია ეთერში ვლაპარაკობდი,”- აცხადებს ტელეკომპანიასთან საუბარში გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ძმა. 

 

შეგახსენებთ, რომ 28 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება:

“საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 28 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარეობს არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

სამწუხაროდ, რეფორმების განხორციელების პროცესში შეიქმნა პრინციპული შეუთავსებლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის.

გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში და უზრუნველყოფს საატესტატო გამოცდების შეუფერხებლად მიმდინარეობასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას.”

 

დღესვე ირკვევა, რომ მაია მიმინოშვილის შვილი, 27 მაისს “ქართული ოცნების” აქციაზე იმყოფებოდა. 

 

“ეს არის კატასტროფა, თუ ეს გახდა ჩემი გათავისუფლების მიზეზი. ვადასტურებ, რომ ჩემი შვილი ნამდვილად იყო აქციაზე. მე მას დავურეკე და ვკითხე, სად იყო. მან მითხრა, რომ იმყოფებოდა თავისუფლების მოედანზე, აქციაზე. ის არის დამოუკიდებელი ადამიანი და აქვს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი სიმპათია-ანტიპათიების შესაბამისად.

მასალების გადაბეჭდვის წესი