შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, დღის 3 საათზე დაიწყო და დაახლოებით ერთი საათის მანძილზე გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში და შეხვედრის დასრულების შემდეგაც რესტორანი ყველა მსურველისთვის დახურული იყო.
რესტორნიდან გამოსული მედიკოსების უმეტესობა კითხვებზე პასუხს თავს არიდებდა ან შეხვედრაზე დასწრებას საერთოდ უარყოფდა, ექიმების ნაწილის განცხადებით კი, შეხვედრა მონოლოგის რეჟიმში მიმდინარეობდა და შინაგან საქმეთა მინისტრმა და ქალაქის მერმა ქვეყნის წარმატებებზე და განვითარებაზე, ასევე, მომავალ პერსპექტივებზე ისაუბრეს:
“ქალაქის და ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე ისაუბრეს, ჩვენი მოსაზრებები არ მოუსმენიათ, უფრო სწორად, კითხვებს თუ დასვამდა ხალხი, ალბათ, უპასუხებდნენ, მაგრამ კითხვები ძირითადად არ დასმულა”, – აცხადებს ერთ-ერთი დამსწრე ირმა კირვალიძე.

