განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კვალიფიკაციის ასამაღლებლად საქართველოში სულ 22 ქვეყნის ემიგრანტი მასწავლებელი ჩამოვიდა.
როგორც სამინისტრო იუწყება, ქართველი მასწავლებლები დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან და უკრაინიდან ჩამოვიდნენ. სატრენინგო პროგრამები თითოეული მათგანის საჭიროებების მიხედვით ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად მომზადდა.
“საკვირაო სკოლების მასწავლებლებს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია და სამინისტროს მასწაველბელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი შეხვდნენ. მინისტრებმა თითოეულ მათგანს საჩუქრად ნეთბუქები გადასცეს. შეხვედრაზე საუბარი იყო საკვირაო სკოლების მუშაობასა და მათ საჭიროებებზე. დიმიტრი შაშკინმა მასწავლებლებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
დიასპორის დღეების ფარგლებში საქართველოში სულ 55 ემიგრანტი მასწავლებელი ჩამოვიდა. მასწავლებლის სახლი საკვირაო სკოლებთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს და ტრენინგების ჩატარებას საზღვარგარეთაც გეგმავს,”- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.