დღეს, 23 მაისს, 2012 წლის გამოსაშვებს გამოცდებს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ისტორიაში ჩააბარებენ;
24 მაისს – გეოგრაფიაში, 25 მაისს – ფიზიკაში; 28 მაისს – ქიმიაში; 29 მაისს – ბიოლოგიაში, ხოლო 30 მაისს კი– მათემატიკაში.
2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს საქართველოს ყველა სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. მეორე გამოცდა მოსწავლეებს უცხო ენაში ჰქონდათ.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, სკოლები ტექნიკურად გამართულია და მზად არის გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად.
“საატესტატო გამოცდები ცენტრალიზებულად, ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში მიმდინარეობს. გამოცდების ტექნიკურ უზრუნველყოფას სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ახორციელებს. გამოცდების მიმდინარეობა სახლიდან გაუსვლელად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ facebook-ის გვერდზე, www.facebook.com/emis.ge, online რეჟიმშიცაა შესაძლებელი.
2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდება. საგამოცდო ოთახებში ჩართულია ვიდეოკამერები და ხმის ჩამწერი აპარატურა. პროცესს 2000-ზე მეტი მეთვალყურე აკვირდება. სამინისტროს ძალისხმევით, საჯარო სკოლები 11 ათასი ახალი კომპიუტერით აღიჭურვა, წელს პირველად გამოცდები 1500 ახალი School Box-ის თანამედროვე სისტემის გამოყენებით ტარდება, რომელიც სტაბილურ, უსაფრთხო ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს და სკოლებს დამატებითი ელექტრონული სერვისების განხორციელებაში ეხმარება,” -ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროში შექმნილია გამოცდების საორგანიზაციო შტაბი, რომელშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ჩართულნი არიან: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები.