“ჩვენ გვაქვს კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, ფრანგებთან ერთად წელს დავიწყებთ და უახლოესი სამი წლის განმავლობაში თეთნულდზე ავაშენებთ ყველაზე დიდ სათხილამურო კურორტს აღმოსავლეთ ევროპაში”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 9 მაისს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციაზე.
მიუხედავად პრეზიდენტის განცხადებისა სვანეთის გამგებელი, შმაგი ნაკანი აცხადებს, რომ თეთნულდის სათხილამურო ტრასის მშენებლობის სამუშაოები ჯერჯერობით არ დაწყებულა, და არც ინვესტორის ვინაობაა ცნობილი:
“ჯერ არ არის გარკვეული რომელ კომპანიასთან თანამშრომლობით აშენდება კურორტი, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე ფრანგულ კომპანიასთან.”, – განაცხადა შმაგი ნაკანმა, მისივე თქმით გზის გაყვანის გარდა ჯერჯერობით სხვა სამუშაოები არ დაწყებულა და დაგეგმარების ეტაპზეა – “ამ ეტაპზე სათხილამურო ტრასისა და გადასაადგილებელი ბაგირ–გზების მშენებლობაა დაგეგმილი, შემდეგ კი გაკეთდება დიდი კურორტი, სასტუმროებით, დასასვენებელი სახლებით, რესტორნებით და ა.შ.”, – აცხადებს შმაგი ნაკანი.
სვანეთის გამგებლის თქმით ინვესტორის ვინაობა სულ მალე გაირკვევა და სამშენებლო სამუშაოები შემდეგ დაიწყება:
“ჯერ თეთნულდზე თოვლია და ამის გამო არანაირი სამუშაო დაწყებული არ არის, იქამდე მისასვლელი გზა გავაკეთეთ და ახლა თოვლის დნობას ველოდებით. ამითაც არის მიმზიდველი ეს ადგილი, ახლა თოვლი ყველგან დამდნარია და ტრასები სათხილამუროდ არ არის, იქ კი ჯერ კიდევ თოვლია”, – აცხადებს გამგებელი, მისივე ინფორმაციით ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ თეთნულდზე სათხილამურო სეზონი სხვა კურორტებთან შედარებით თვენახევრით ადრე გაიხსნება და ორი თვით გვიან დასრულდება.
გამგებლის განცხადებით სვანეთში ზამთრის პერიოდში წინა წლებთან შედარებით ტურისტების რაოდენობა გასამმაგებულია, ეს კი უკვე აშენებული მესტიის სათხილამურო ტრასის დამსახურებაა.
ტურისტების მატებაზე სასტუმროების წარმომადგენლებიც საუბრობენ, თუმცა მათი თქმით ზამთარში სვანეთში მაინც გაცილებით ნაკლები ტურისტი ჩადის ვიდრე ზაფხულში:
“ტრასა ახალი გახსნილია და სათხილამუროდ წელს მაინცდამაინც ბევრი ხალხი არ გვყოლია, ზოგადად სასტუმრო 30%–იანი დატვირთვით მუშაობდა მაშინ როცა ზაფხულში 100%–იანი დატვირთვა გვაქვს” – ამბობს სასტუმრო “თეთნულდის” თანამშრომელი გვანცა ფალიანი.
ჰოსტელ “სეტის” დირექტორის, დავით ნავერიანის თქმით ბოლო დროინდელმა განახლებამ ტურისტების რაოდენობა ნაწილობრივ გაზარდა:
“რაც კეთდება იმან ტურისტები მოიზიდა, ზაფხული უფრო დატვირთულია რა თქმა უნდა და სათხილამურო ტრასაც იმიტომ კეთდება, რომ ზამთარიც დატვირთული იყოს”
გამგებლის თქმით თუკი სასტუმროები ზამთარში კლიენტების ნაკლებობას უჩივიან ეს მათი ინფრასტრუქტურის ბრალია:
“სასტუმროებს უფრო მეტი ტურისტი ეყოლებოდათ პრობლემები რომ არ ჰქონოდათ, მათ უმეტესობას გათბობის პრობლემა აქვს”, – აცხადებს შმაგი ნაკანი.
გამგებლისა და სასტუმროების წარმომადგენლების ინფორმაციით მესტიას ძირითადად რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოსული ტურისტები სტუმრობენ.
შმაგი ნაკანი აცხადებს, რომ მომავალ წელს გაცილებით დიდი სარეკლამო კამპანია დაიგეგმება რაც ტურისტების რაოდენობას გაზრდის. თეთნულდის კურორტის დასრულების ვადები კი ჯერჯერობით უცნობია.