ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული ტელეკომპანია “მეცხრე არხი” უკვე ეთერშია, თუმცა მას მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ უყურებს.
არხმა საცდელი მაუწყებლობა 30 აპრილს დაიწყო, არხის სრულად დატვირთვა კი ზაფხულიდან იგეგმება.
“მეცხრე არხის” ყურება მომხმარებელს სატელიტური ანტენების გამოყენებით, ინტერნეტით, ტელეკომპანიის ფეისბუქის გვერდზე და ვებგვერდზე – tv9.ge შეუძლია.
არხი საკაბელო მაუწყებლების საშუალებითაც გეგმავს მაუწყებლობას, თუმცა ამ დრომდე უცნობია, ჩართავენ თუ არა მეცხრე არხს მსხვილი საკაბელო მაუწყებლები.
არხის გენერალური დირექტორი კობა ბექაური აცხადებს, რომ მან ყველა საკაბელო მაუწყებელს მიმართა არხის მათ პაკეტში ჩართვის თხოვნით, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ ერთი, “გლობალ ტვ” დათანხმდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ძმის საკუთრებაა.
ერთ-ერთ მსხვილ საკაბელო მაუწყებელ “კავკასუს ტვ–ს” პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა რუსო კაპანაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მათთვის მეცხრე არხს საკაბელო ტელევიზიად დამატების ოფიციალური თხოვნით არ მიუმართავს.
ამ დრომდე უცნობია ისიც, გადასცემს თუ “მეცხრე არხს” “სილქ ტვ” და კომპანია ”მაგთისატი”.
ტელეკომპანია “მეცხრე არხის” გენერალური დირექტორი კახა ბექაური ამბობს, რომ მათ ოფიციალური წერილით სხვადასხვა საკაბელო ტელევიზიებს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მიმართეს. თუმცა უმეტესობისგან ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე პირდაპირი უარი მიიღეს. ბექაურის თქმით, საკაბელო ტელევიზიები ხელისუფლებისაგან ზეწოლასა და წნეხს განიცდიან:
“ საკაბელო ტელევიზიებში აგვიხსნეს, რომ მათ ხელისუფლებიდან პირდაპირი მითითება აქვთ, არ ჩართონ “მეცხრე არხი”. ჩართვის შემთხვევაში კი ემუქრებიან, რომ მათი სატელევიზიო პაკეტიდან სახელისუფლებო არხებს ამოიღებენ”,– განაცხადა ტელეკომპანია “მეცხრე არხის” გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა.
ვითარებაში გასარკვევად”ნეტგაზეთი” შეეცადა საკაბელო ტელევიზიებთან დაკავშირებას და მათგან ინფორმაციის მიღებას, მოსალოდნელია თუ არა უახლოეს მომავალში სხვა საკაბელო ტელევიზიბის ქსელში “მეცრე არხის” ნახვა.
GNN -ი საქართველოში ერთ–ერთი უსმხვილესი საკაბელო მაუწყებელია, თუმცა მის ქსელშ “მეცხრე არხის” მოძებნა მაყურებლისათვის შეუძლებელია. GNN-ში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია “მეცხრე არხის” ჩართვა მათ პაკეტში არსებული ტექნიკური პრობლემების გამო უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება.
“ჩვენს კომპანიას ტექნიკური პრობლემები აქვს, რის გამოც იძულებული გავხდით, გამოგვერთო ტელეარხი “ივერია”, ასევე გამოვრთეთ რამდენიმე სპოტული არხიც. ახლა სათაო ქსელის რეორგანიზაცია მიმდინარეობს, თუმცა მოხდება თუ არა “მეცხრე არხის” დამატება, ამას ზუსტად ვერ გეტყვით,”– განაცხადა საკაბელო ქსელის GNN-ის დირექტორმა მირიან კიკნაძემ. მირიან კიკნაძემ დასძინა, რომ ერთადერთო მიზეზი, რის გამოც “მეცრე არხს” ეთერი არ ეთმობა, ტექნიკური გაუმართაობაა და სხვა მხივ ზეწოლა არ ყოფილა.
საკაბელო კომპანია “VII არხის” მენეჯერმა ნატო კიკნაძემ ნეტგაზეთან საუბარში განაცხადა, რომ “მეცხრე არხთან” დაკავშირებული საკითხი გაურკვეველია, თუმცა აქვე დასძინა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ტელეკომპანიაში კომენტარს არ გააკეთებენ.
“სუპერ ტვ–ის” დირექტორის, გურამ ტაბატაძის განცხადებით, მოლაპარაკება ტელეკომპანია “მეცხრე არხთან” ერთი თვეა მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით გაურკველია, გახდება თუ არა “მეცხრე არხი“ საკაბელო კომპანია “სუპერ ტვ–ის” სატელევიზიო დამატება. კომპანიის დირექტორის განმარტებით, ამ ეტაბზე, მოლაპრაკებების პროცესში კონკრეტული პასუხის გაცემა შეუძლებელია.
“მეცხრე არხის” საკაბელო ტელევიზიებში ჩართვით არხის ადმინისტრაციის გარდა მოსახლეობაცაა დაინტერესებული.
“ნეტგაზეთის” მიერ გამოკითხული მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ “მეცხრე არხის” ნახვის საშუალება ექნებათ:
“აუცილებლად უნდა დაამატონ საკაბელოებმა. მე არ მაქვს საკაბელო, ამიტომ ვისურვებდი, რომ ისევე შემეძლოს ამ არხის ყურება, როგორც “იმედის” თუ რუსთავის 2–ის” – ამბობს რუსა პირტაია, რომელიც თბილისში ცხოვრობს.
თბილისის მცხოვრები ვახტანგ მელქაძის აზრით, “ მეცხრე არხი ნამდვილად უნდა იყოს საკაბელო ტელევიზების სიაში, აუცილებლად უნდა დაემატოს. მე მგონი, რომ თვითონ საკაბელოებიც უნდა იყვნენ დაინტერესებული მაგ საკითხით”.
“ უნდა ჩართონ საკაბელობმა, იქნებ რამე განსხვავებულის მოსმენა მაინც შევძლოთ. აუცილებელად უნდა დაემატოს “მეცხრე არხი” საკაბელო ტელევიზიებს”, – განმარტავს ნანა მელქაძე.
აქვთ თუ არა სამართლებრივად უფლება საკაბელო მაუწყებლებს, რომ უარი უთხრან “მეცხრე არხს” მაუწყებლობაზე?
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, იურისტ თამარ კორძაიას განმარტებით, თუკი საკაბელო კომპანიები უარს ეტყვიან “მეცხრე არხს” საკუთარ ქსელში ჩასმაზე, უკანონო არ არის, თუმცა რაღაც გაგებით შეიძლება დისკრიმინაციული იყოს:
“საბაზრო პრინციპიდან გამომდინარე, ასეთი გადაწყვეტილება უკანონო არ იქნება, ვინაიდან ეს საბაზრო რეგულაციას მინდობილი საკითხია. თუმცა უკვე მუშავდება ინიციატივა, რომლის თანახმადაც დამკვიდრდება რეგულაციები, როემლიც ასეთ საკითხებს გააკონტროლებს”.
მანამ, სანამ ტელეკომპანია “მეცხრე არხი” საკაბელო კომპანიებთან ურთიერთობას არკვევს, მოსახლეობას საცდელი მაუწყებლობისათვის თვალის დევნება “გლობალ ტვ”-ს, ინტერნეტის და სატელიტური ანტენების მეშვეობით შეუძლია.