საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ ოფისის გახსნას ამ დრომდე ვერ ახერხებს: ოფისებისთვის შერჩეული სახლებისა და კომერციული ფართების მფლობელები კონტრაქტებს ცალმხრივად აუქმებენ, მიზეზებს კი მხოლოდ პირად საუბრებში განმარტავენ.
“ნეტგაზეთის” წყაროს ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა გიორგი ბეგიაშვილზეც იყო: ხელშეკრულების დადების შემდეგ მასთან სახლში გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები მივიდნენ, რომელთაც „ქართული ოცნებისთვის“ სახლის გაქირავებაზე უარის თქმა ურჩიეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უთხრეს, რომ მის ოჯახს პრობლემები შეექმნებოდა.
ამ ფაქტს “ნეტგაზეთთან” საუბარში არ ადასტურებს სახლის მეპატრონე.
„დაახლოებით სამი თვის მანძილზე ვეძებთ საოფისე ფართს და ყველგან იგივე სიტუაციას ვაწყდებით: ჯერ გვთანხმდებიან და რამდენიმე დღეში უარს გვეუბნებიან,“- ამბობს „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს შტაბის ხელმძღვანელი მიხეილ ჩომახაშვილი.
ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ ოფისი, თეთრიწყაროს გარდა, ქვემო ქართლისა და სამცხე– ჯავახეთის რამდენიმე ქალაქში არ გახსნილა.
ნინო ლომიძე, „ქართული ოცნების“ რუსთავის შტაბის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ რუსთავში უკანასკნელი ხელშეკრულება საოფისე ფართების მეპატრონეების მხრიდან ცალმხრივად, მათზე ზეწოლის გამო, 26 აპრილს დაირღვა.
„ჩვენ ვიცით, რომ მათზე სხვადასხვა სახის ზეწოლა ხორციელდება, თუმცა შევდივართ მათ მდგომარეობაში და გვესმის, რომ ზედმეტი პრობლემები არავის სჭირდება,“ – ამბობს ლომიძე.
როგორც „ქართული ოცნების“ რეგიონული ოფისების კოორდინატორი, გელა ხვედელიძე ამბობს, რუსთავისა და თეთრიწყაროს გარდა, „ქართული ოცნება“ ოფისს ამ დრომდე ვერ ხსნის გარდაბანში, წალკაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.
ახალციხეში კი, სადაც „რესპუბლიკელების“ ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ საოფისე ფართი ამავე პრობლემის გამო ვერ იპოვა, ოფისი თავად „რესპუბლიკელებმა“ დაუთმეს.
„თითქმის ყველგან იგივე სიტუაცია გვქონდა. ამ ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს დაჭერით ემუქრებიან. თუმცა არსებული 73 რაიონიდან ოფისები 60-მდე რაიონში უკვე გავხსენით. თვის ბოლოსთვის კი უკლებლივ ყველგან უნდა გვქონდეს ოფისი გახსნილი,“- ამბობს გელა ხვედელიძე.
ბესიკ დემეტრაშვილის განმარტებით, შპს „მენეჯმენტ სერვისს“ ხუთი შემთხვევა ჰქონდა, როდესაც სახლის ან კომერციული ფართის მეპატრონემ უკვე დადებული ხელშეკრულება ცალხმრივად გააუქმა და ამჟამად აღნიშნულ საკითხებზე სასამართლო პროცესები იმართება. დანარჩენ შემთხვევებში კი, როგორც იურისტი ამბობს, საოფისე ფართის მეპატრონეები „ქართულ ოცნებას“ უარს მოლაპარაკებიდან რამდენიმე დღეში, ხელშეკრულების გაფორმებამდე ეუბნებოდნენ.
იმის გამო, რომ რეგიონებში ამ დრომდე ბიძინა ივანიშვილის “მე-9 არხიც” ვერ შოულობს ოფისებს რეგიონული ბიუროებისთვის, როგორც ტელევიზიის ხელმძღვანელი, კახა ბექაური ამბობს, რეგიონებში მაუწყებლობა სრული დატვირთვით მოგვიანებით ამუშავდება.
„როდესაც ფართების გამქირავებლები რეგიონებში იგებენ, რომ “მე-9 არხისთვის” გვინდა ოფისი, უარს აცხადებენ და წყვეტენ მოლაპარაკებას. ეს პრობლემა თითქმის ყველა რეგიონში გვაქვს. ამ დროისთვის ოფისის დაქირავება მხოლოდ 5 რეგიონში მოვახერხეთ და ძირითადად მათი ფართები ვიქირავეთ მათგან, ვინც ამჟამად საქართველოში არ ცხოვრობს და მათზე ზეწოლის ნაკლები საშიშროებაა,“- ამბობს “მე-9 არხის” ხელმძღვანელი.
მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი. |