პირველმა კვლევამ ბავშვზე ზრუნვის სამივე სახის ალტერნატიულ მომსახურებაზე პრობლემები გამოავლინა.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “ევრიჩაილდმა” და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა, ევროკავშირის დაფინანსებით, ბავშვზე სახელმწიფო ზრუნვის ალერნატიული სერვისების – მინდობით აღზრდის, მცირე ტიპის საოჯახო სახლებისა და დღის ცენტრების საჭიროებათა კვლევის შედეგები დღეს, 27 აპრილს წარმოადგინეს.
შეფასებამ აჩვენა, რომ მომსახურების მიმწოდებლები და მომხმარებლები, ზოგადად, კმაყოფილები არიან არსებული მომსახურებით და მხარს უჭერენ ქვეყანაში მათ არსებობას.
თუმცა, კვლევის შედეგად გამოვლენილ საჭიროებებზე დაყრდნობით, პროექტის 11-მა პარტნიორმა ორგანიზაციამ ერთობლივად შეიმუშავა რიგი რეკომენდაციები, რომელიც სისტემურ, ადმინისტრაციულ, ჯანდაცვის, განათლების, დაფინანსებისა და შესაძლებლობების განვითარების სფეროებს ეხება.
კვლევის ფარგლებში შემუშავებული 70 რეკომენდაციიდან 20 შესრულების პროცესშია, ხოლო 49 რეკომენდაცია აუცილებელ ყურადღებას საჭიროებს.
კვლევამ აჩვენა, თუ რა ძირითადი პრობლემები იკვეთება თითოეული სახის მომსახურების დროს.
მინდობით აღზრდა
100 მიმღებ მშობელთან და 59 მინდობით აღსაზრდელთან ჩატარებული ინტერვიუების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ სოციალურ მუშაკებს, რომელთაც აქტიური როლი უკავიათ ბავშვების მიმღებ ოჯახებში გადაყვანისას, სახეზეა მათი არასათანადოდ მუშაობის შემთხვევები, რაც გამოიხატება, მაგალითად, იმაში, რომ ისინი სრულ ინფორმაციას არ აწვდიან მიმღებ ოჯახებს ბავშვის შესახებ; სათანადო გულისყურით არ ეკიდებიან მიმღები მშობლის მიერ დასახელებულ საჭიროებას, დადგენილი სიხშირით არ ახორციელებენ მონიტორინგის ვიზიტებს. შედეგების მიხედვით, ზოგ შემთხვევაში არ ხდება ბავშვების ინფორმირებაც.
კვლევის მიხედვით, ზოგიერთი მშობლის თქმით, წამყვანი მოტივაცია ფინანსური დაინტერესებაა, მშობელთა ნაწილი კი ბენეფიციარს უმალავს მის წარმომავლობას და ეუბნება, რომ ის მისი ბიოლოგიური შვილია.
კვლევამ აჩვენა, რომ მიმღებ მშობელთა მხრიდან ბავშვების ქცევის მართვისას ოჯახის წევრების მხრიდან ადგილი ჰქონდა ჩხუბსა და ფიზიკურ შეხებას (მირტყმა, ყურის აწევა, თმის მოწიწკვნა), ქცევის მართვის მიზნით.
მცირე საოჯახო ტიპის სახლების ფუნქციონირებისას, ძირითადად, ფინანსური პრობლემები გამოიკვეთა. სახელმწიფოსგან მიღებული ვაუჩერული დაფინანსება ვერ ფარავს არსებულ საჭიროებებს და დაფინანსება დონორი ორგანიზაციების მხრიდანაც ხდება.
კვლევაში აღნიშნულია, რომ დაფინანსების სიმცირე აისახება როგორც თანამშრომელთა ხელფასებზე, ასევე მომსახურების მრავალფეროვნებასა და ხარისხზე, მაგალითად, ვერ ხერხდება ბავშვების მათთვის სასურველ წრეებზე ტარება, საჭირო ნივთების შეძენა და ა.შ.
დღის ცენტრები
კვლევამ აჩვენა, რომ დღეისათვის მოქმედი დღის ცენტრების რესურსი მთლიანად ვერ ფარავს ქვეყანაში არსებულ საჭიროებას. იმის გამო, რომ დღის ცენტრში ჩასარიცხად რიგი დოკუმენტაციაა საჭირო, ზოგიერთი ამ მომსახურების გარეშე რჩება.
კვლევის შედეგების მიხედვით, დღის ცენტრების ზოგიერთი აღმზრდელი და პედაგოგი ქცევის მართვის არაადექვატურ სტრატეგიებს იყენებს, მაგალითად, დასჯის სხვადასხვა მეთოდს.
აღნიშნული კვლევა ორგანიზაციამ “საქართველოს ბავშვები” 2011 წლის აპრილიდან სექტემბრის თვის ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში ინტერვიუები და ფოკუსჯგუფების დისკუსიები ჩატარდა, სადაც ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობას 344 ადამიანი იღებდა. მათ შორის იყვნენ მშობლები და მინდობით აღსაზრდელები, მცირე საოჯახო ტიპის სახლის მენეჯერები, აღმზრდელები და ბენეფიციარები, ასევე, დღის ცენტრების მენეჯერები, პედაგოგები და მშობლები.
დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმა საქართველოში 1999 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს დიდი ზომის, საბჭოური ინსტიტუციების, ე.წ. “ბავშვთა სახლების” დახურვა წარმოადგენს. რეფორმის დასაწყისისთვის ბავშვთა სახლებში და სკოლა-ინტერნატებში 5.500-მდე ბავშვი ცხოვრობდა. რეფორმის ფარგლებში მათი ნაწილი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა, ნაწილი მიმღებ ოჯახებში ცხოვრობს, ხოლო ზოგი მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადავიდა.
ამჟამად მხოლოდ 387 ბავშვი დარჩა 9 სახელმწიფო ბავშვთა სახლში (რომლებიც ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსაც ემსახურება). რეფორმის დასრულება 2012 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
აღნიშნული შეფასების სრულყოფილი ვერსია everychild.ge-ზე გამოქვეყნდება.
ამავე თემაზე: ბავშთა სახლების პრობლემები სახალხო დამცველის აპარატის კვლევაში