საზოგადოება

საქართველო ევროკავშირის ვიზაზე უარით რეგიონის ლიდერია

27 აპრილი, 2012 •
საქართველო ევროკავშირის ვიზაზე უარით რეგიონის ლიდერია

საქართველოს, აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებსა და რუსეთთან შედარებით, ევროკავშირის ვიზაზე უარის თქმის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

ასეთი შედეგი აჩვენა კვლევამ, რომელიც “ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისის” მიერ განხორციელდა, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.

2010 წლის მონაცემებით, ევროკავშირის ვიზაზე უარი საქართველოში აპლიკანტების 15,1%–ს ეთქვათ. მაშინ, როდესაც, “ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორის, ქეთი ციხელაშვილის განმარტებით, ნორმად დაახლოებით 3% ითვლება.

“ვიზებზე უარის მაღალი მაჩვენებელია ისეთ ქვეყნებთანაც, რომლებთანაც საქართველოს დადებითი პოლიტიკა აქვს”, – აღნიშნავს ქეთევან ციხელაშვილი. მისივე განმარტებით, ამის სავარაუდო მიზეზად რამდენიმე ფაქტი სახელდება, მათ შორის ის, რომ ასეთ ქვეყნებს საქართველოს მოქალაქეები სატრანზიტოდ იყენებენ სხვა ქვეყანაში გადასასვლელად. ასევე ის ფაქტი, რომ იმ ადამიანების მაჩვენებელი, ვინც საზღვარგარეთ თავშესაფარს ითხოვს, ძალიან მაღალია. ერთ–ერთ მიზეზად კი ანტიკრიმინალური ღონისძიებებიც სახელდება. კვლევაში მოყვანილი არაა ვიზაზე უარის შემთხვევების 2011 წლის მონაცემები.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მიგრაციის ზუსტი მაჩვენებელი, კვლევის ავტორების განმარტებით, საქართველოს არც ამ კუთხით აქვს სახარბიელო მდგომარეობა:
 
“საქართველოდან ემიგრირებული მოსახლეობის 80% არალეგალური შრომითი მიგრანტია”, – აღნიშნულია კვლევაში, თუმცა ციფრი “მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის” 2003 წლის მონაცემებზე დაყრდნობითაა მოყვანილი. 

2010 წლის შავი ზღვის აუზის შრომითი ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ემიგრანტების 60%  20–დან 39–წლამდე ასაკის ადამიანები არიან, მათი უმეტესობა საზღვარგარეთ ისე მიდის, რომ იქ  წინასწარ მოძებნილი სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილი არ აქვს.

 
“შრომითი მიგრანტების უდიდესი ნაწილი დასაქმებულია სამშენებლო სამუშაოებზე, საოჯახო საქმეებზე, ბავშვის მომვლელებად, ვაჭრობასა და მცირე ბიზნესში”, – აღნიშნულია კვლევაში ასევე 2003 წლის მოაცემებზე დაყრდნობით.
 
კვლევის ფარგლებში ჩატარდა დაკვირვება საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკონსულოებზეც 2011 წლის თებერვალი–აპრილის პერიოდში. შესწავლილი იქნა საელჩოების ვებ–გვერდები, სატელეფონო მომსახურება, მდგომარეობა ადგილზე, ასევე, ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები და გამოკითხვები.

“აღმოჩნდა, რომ საელჩოებს არასრულფასოვანი ვებ–გვერდები აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ მსგავსი მომსახურება. იგივე შეიძლება ითქვას სატელეფონო მომსაზურებაზე, რაც განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს რეგიონში მცხოვრებთათვის, მათ დედაქალაქში ჩამოსვლა და ინფორმაციის მისაღებად რიგში დგომა უწევთ. ხშირ შემთხვევაში საელჩოებში არც საინფორმაციო დაფაზეა მოცემული სრულყოფილი ინფორმაცია, რამდენიმე შემთხვევაში კი საინფორმაციო დაფა საერთოდ არ აქვთ”, – ამბობს ქეთევან ციხელაშვილი.

 
კვლევის თანახმად, ვებ–გვერდი არ აქვთ ბულგარეთის, რუმინეთის და ლატვიის საელჩოებს, საინფორმაციო დაფა არ არის საფრანგეთის საელჩოში და საჭირო ინფორმაციას მოქალაქეებს დაცვის თანამშრომელი აწვდის.
“საქართველოში არ არის ინტერნეტის წვდომა იმ დონეზე, რომ ამან საქმე გაგვიადვილოს, ამიტომ ელექტრონულ განაცხადებზე გადასვლა ჯერ არ იგეგმება”, – აცხადებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის სამსახურის უფროსი არჩილ ყარაულაშვილი.
 
ონლაინ-ანკეტის შევსება მხოლოდ საქართველოში არსებული ევროკავშირის ქვეყნის სამი საელჩოს ვებ–გვერდზეა შესძლებელი (პოლონეთი, ლიტვა, ესტონეთი).
 
2011 წლის აგვისტო–სექტემბრის პერიოდში ჩატარებული კვლევის მიხედვით, თუ 6 საკონსულოში საბუთების შეტანისას ცოცხალი რიგი იყო, ყველა დანარჩენ საკონსულოში საბუთების შეტანის შემდეგ ლოდინის პერიოდი 3–დან 8 კვირამდე მერყეობდა.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში დაფაზე არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ვიზაზე უარი ეთქვა, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია. მისი თქმით, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ გერმანიის და ესტონეთის საელჩოებში.

 
კვლევა – “ვიზის ფასილიტაცია და რეადმისია: უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები”, რომლის შედეგების პრეზენტაციაც დღეს შედგა, მიზნად ისახავდა, შეეფასებინა პროგრესი საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2011 წლის პირველ მარტს ამოქმედებული ხელშეკრულებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, ასევე, დაესახა პრიორიტეტები, რომლის განხორციელებაც აუცილებელია.
 
კვლევა ვიზის ფასილიტაციის, ანუ სავიზო პროცედურების გამარტივების, რეადმისიის, რომელიც საკუთარი მოქალაქეების უკან დაბრუნების პასუხისმგებლობას გულისხმობს, და ვიზის აღების ლიბერალიზაციის კუთხით მოხდა.

სამივე მიმართულებით გამოვლინდა როგორც პროგრესი, ასევე კონკრეტულ საკითხებში უარყოფითი მდგომარეობა:

 
“ყველაზე მნიშვნელოვანია ვიზაზე უარის მაღალი სტატისტიკა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის მშობლიურ ენაზე მომსახურების არარსებობაა. ასევე, პრობლემები, რომლებიც გამოიკვეთა, ეს გახლდათ ხელშეკრულების პუნქტების შეუსრულებლობა და ევროპის სავიზო კოდექსის დარღვევა. ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს კოდექსის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, რადგან კოდექსი შიდა დოკუმენტია. რაც შეეხება ხელშეკრულებას, ეს არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება და იქ არის კომისია, სადაც საქართველოს, როგორც მხარეს, შეუძლია დააყენოს ესა თუ ის საკითხი”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
 
კვლევის დასკვნით ნაწილში მოცემულია მოლდოვასა და უკრაინის მაგალითი, რადგან, კვლევის ავტორთა აზრით, ამ ქვეყნების გამოცდილება საქართველოსთვის საინტერესოა. მოლდოვას გააჩნია 2011–2014 წლევის სამოქმედო გეგმა “ევროპული ინტეგრაცია: თავისუფლება, დემოკრატია, კეთილდღეობა”. ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო უკრაინამაც 2010 წლის 22 ნოემბერს.

არჩილ ყარაულაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან აქტიურ მოლაპარაკებებს ვიზებისგან თავისუფალი რეჟიმის შესახებ საქართველო ამ ზაფხულს გეგმავს:

“დიალოგი, რომელიც, სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება, მიზნად ისახავს სამოქმედო გეგმის შემუშავებას. გეგმა თავის მხრივ გაწერს რეფორმებს, ეს იქნება დამატებითი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადადგას საქართველომ უვიზო მიმოსვლის მისაღწევად. კონკრეტული პრიორიტეტების დასახვა შეთანხმების საგანი იქნება. მხოლოდ რეფორმები საკმარისი არაა, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ რეფორმები ერთ–ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება”, – განაცხადა არჩილ ყარაულაშვილმა.

 
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის ე.წ. “შავი სიიდან” “თეთრ სიაში” გადაინაცვლოს და იმ ქვეყნების რიცხვში შევიდეს, რომელთაც ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლა, სამი თვით დარჩენის და თავისუფლად გადაადგილების უფლება აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი