“მე–9 არხის” ეთერში გასვლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით კვლავ უცნობია.
როგორც არხის დირექტორი კახა ბექაური აცხადებს, ზუსტი თარიღი საცდელი მაუწყებლობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აუცილებლად გამოცხადდება, ამჟამად კი სხვადასხვა სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორის გადაცემებზე მუშაობა და საინფორმაციო სამსახურის დაკომპლექტება.
საინფორმაციო სამსახურისთვის დაახლოებით 15 ჯგუფი იმუშავებს:
“საინფორმაციო სამსახურის დაკომპლექტება თითქმის დავასრულეთ, რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი საცდელ ვადაზე გვყავს, 2–3 კვირაში სრულად დაკომპლექტდება”, – ამბობს კახა ბექაური. მისივე თქმით, ამჟამად ყურადღება რეგიონული ბიუროების დაკომპლექტებაზეა გადატანილი.
საცდელი მაუწყებლობის გასვლის შემდეგ ეთერში, სავარაუდოდ, დღეში ორჯერ საინფორმაციო გამოშვება გავა, ასევე იქნება პოლიტიკური თოქშოუ, რომელსაც გოგი ახალკაცი წაიყვანს, შალვა რამიშვილის სტუდიასთან ერთად კი თოჯინური პოლიტიკური სატირის სტილის გადაცემა მზადდება.
“სრულყოფილ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ გადაცემები დაემატება, ამაზე უკვე მოგვიანებით გესაუბრებით” , – განაცხადა კახა ბექაურმა.
ბექაურის განცხადებით, ტელეკომპანიისთვის ტექნიკის შემოტანასთან დაკავშირებით პრობლემები გრძელდება:
“დღემდე დიდი პრობლემებია ტექნიკის საბაჟოზე გადატანასთან დაკავშირებით, ახლა ვაპირებთ ისევ შემოტანას, შევიმუშავეთ გარკვეული მექანიზმები და ვნახოთ”.
ბექაური არ აკონკრეტებს, რა მექანიზმებზეა საუბარი.
დაახლოებით ერთი თვის წინ არხმა გააკეთა განცხადება, რომ ტექნიკის საბაჟოზე გადმოტანის შემდეგ ტვირთი დაზიანებული აღმოჩნდა და გამოთქვა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ტვირთის დაზიანება ხელოვნურად ხდებოდა.
ტვირთის ხელოვნურად დაზიანება უარყო შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.