საზოგადოება

ტელეიმედში “ქალური ლოგიკის” წინააღმდეგ საჩივარი შევიდა [Video]

26 მარტი, 2012 •
ტელეიმედში “ქალური ლოგიკის” წინააღმდეგ საჩივარი შევიდა [Video]

დღეს ტელეკომპანია “იმედთან “ გადაცემა “ქალური ლოგიკის” წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. დღესვე იმედის თვითრეგულირების ორგანოში საჩივარი შევიდა გადაცემის დახურვის ან მისის შინაარსისის მაუწყებელთა ქცევის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მოთხოვნით.

აქციაში დაახლოებით 40 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა საჩივარს, რომელიც მანამდე სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდებოდა, გაცილებით მეტი ხელმომწერი ჰყავს. 4 დღის მანძილზე საჩივარს 900–ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

აქციის მონაწილეთა პროტესტი გადაცემის სექსისტურ ხასიათს უკავშირდება და ისინი ერთხმად აღნიშნავენ, რომ “ქალური ლოგიკა” გენდერული სტერეოტიპების გამყარებას ემსახურება. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსპარანტები სხვადასხვა ლოზუნგით, მაგალითად, “გონებას სქესი არ აქვს” და სხვა.

საჩივრის ერთ–ერთმა ავტორმა თამარ გურჩიანმა საჩივარი იმედის კანცელარიაში შეიტანა, დაცვის თანამშრომლებმა მონაწილეებიდან მხოლოდ ერთ ადამიანს მისცეს შესვლის უფლება. გურჩიანის განცხადებით, ისინი დაელოდებიან გამოხმაურებას. საჩივრის ავტორთა მოთხოვნაა, მოხდეს ზეპირი განხილვა და ისინი უშუალოდ დაესწრონ ამ განხილვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი