საზოგადოება

ერთჯერადი გამწვანება [VIdeo]

9 მარტი, 2012 •
ერთჯერადი გამწვანება [VIdeo]

ბოლო წლებში თბილისის მერიის, გარემოს დაცვის სამინისტროს თუ საპატრიარქოს ინიციატივით არაერთი გამწვანების აქცია გაიმართა.

გამწვანების აქციები ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე, მის შემოგარენში. ნეტგაზეთმა ეს ტერიტორიები მოინახულა, დარგული ხეების უმეტესობა ან აღარ არსებობს, ან მძიმე მდგომარეობაშია და როგორც მეტყევე ზაზა შავლიშვილი აცხადებს, მათი გადარჩენის შანსები მცირეა.

ერთ–ერთი ასეთი აქცია ორბელიანის (ყოფილი კოლემურნეობის) მოედანზე, პოლონეთის დაღუპული პრეზიდენტის ხსოვნას მიეძღვნა. გარემოს დაცვის მინისტრმა 2010 წლის 11 აპრილს ბავშვებთან ერთად თოჯინების სახელმწიფო მუზეუმის პირდაპირ რამდენიმე ათეული ძირი ნაძვი დარგო, თუმცა დღეს ამ ტერიტორიაზე ვერც ერთ ხეს ვეღარ შეხვდებით.

როგორც თოჯინების მუზეუმის ადმინისტრაციამ განაცხადა, სავარაუდოდ, ნაძვები იმის გამო გახმა, რომ მათ მოვლაზე არავინ ზრუნავდა:

“თუმცა ეს ტერიტორია მუზეუმს არ ეკუთვნის, შესაბამისად, ჩვენ მათი მოვლა არ გვევალებოდა და არც არაფერი გაგვიკეთებია იმისთვის, რომ ხეები შეგვენარჩუნებინა”, – განაცხადეს მუზეუმის ადმინისტრაციაში.

იგივე მდგომარეობაა გლდანის მე–6 მიკრორაიონში მდებარე #107 ბაგა–ბაღშიც, ბაღის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია 2009 წლის 10 ნოემბერს მოეწყო, გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ასანიძე მაშინ აცხადებდა, რომ “ახალი ხე ახალი სიცოცხლეა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის”, თუმცა, ისევე როგორც კოლმეურნეობის მოედანზე, #107 ბაგა–ბაღის ეზო დღეს ცარიელია და იქ მხოლოდ რამდენიმე გაცილებით ადრე დარგული ხე დგას.

ცოტათი განსხვავებული სიტუაცია დაგვხვდა გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე, ნაგავსაყრელის გაუქმების შემდეგ აქ ქალაქის მერმა გამწვანების აქცია სტუდენტებთან ერთად მოაწყო. ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ნაძვები, ფიჭვები და სხვა ჯიშის ხეები დაახლოებით 2 ჰექტარ ტერიტორიაზე დარგეს. მას შემდეგ 4 თვე გავიდა, ამჟამად ნერგების უმეტესობა გამხმარია, სარები კი წაქცეული, თუმცა, როგორც მეტყევე ზაზა შავლიშლიშვილი ამბობს, გარკვეული ღონისძიებების გატარების შედეგად ხეების გადარჩენა შესაძლებელია.

ზაზა შავლიაშვილი თვლის, რომ გამწვანების აქციების წარუმატებლობა შესაძლოა რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული:

“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგს, თუ სად დაირგება ხე და ასევე იმას, თუ რა ჯიშისაა ნარგავი. არის ხეები, რომლებიც, რამდენჯერაც გინდა დარგოთ, თბილისში მაინც არ გაიხარებს, მაგალითად, სოჭი. ამიტომ არ შეიძლება წინასწარი კარგი დაგეგმვის გარეშე გამწვანების აქცია მოეწყოს”, – აცხადებს ზაზა შავლიაშვილი.

მისი თქმით, თუ ამ კუთხით შევხედავთ, გლდანის ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორია არც თუ ისე კარგად არის შერჩეული:

“ეს არის მზის გული, აქ დარგულ ხეს გაცილებით მეტი მორწყვა დასჭირდება, ნიადაგი აქ გამომშრალია და ამას ერთი შეხედვითაც მიხვდება ადამიანი, რადგან გარშემო ხეები ძირითადად არ ხარობს”.

თუმცა, როგორც ზაზა შავლიაშვილი ამბობს, გარეუბნების გამწვანებისას წყლის ნაკლებობის გარდა, საფრთხეს წარმოადგენენ ცხოველებიც. მისი თქმით, თუკი ტერიტორია კარგად არ არის შემოღობილი, ცხოველებმა ის რამდენიმე საათში შეიძლება გაანადგურონ:

“მე არ მაქვს ლაპარაკი ცხოველების ჯოგზე, ორ სულ ძროხასაც კი შეუძლია ახლად დარგული ნერგები გაანადგუროს”, – აღნიშნა შავლიაშვილმა, – “გლდანის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე კი საქონელი ძალიან ბევრია, რადგან ამ ტერიტორიაზე კერძო დასახლებებში მცხოვრები ადამიანები, ძირითადად, მათი საშუალებით ირჩენენ თავს.”

დედაქალაქის გამწვანების პრიორიტეტების, პროგრამებისა და გეგმების შემუშავება ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს ევალება.

როგორც მერიის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მოვალეობაშია “ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული შემოსასვლელების, შემოგარენის, სანაპიროების, მწვანე საფარის, ბაღების, პარკების, სკვერების, მოედნების, გაზონების, ფერდობებისა და ყვავილნარებისთვის სარწყავ-სამელიორაციო სისტემების დაგეგმარება და მშენებლობა; არსებული სარწყავი ქსელების შესწავლა, მოწესრიგება და რეაბილიტაცია; ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებებში მონაწილეობა; ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული გაზონების, ფერდობებისა და ყვავილნარების მოვლა-პატრონობა” და ა.შ.

იმ შემთხვევაში, თუკი ზემოთაღნიშნული აქციები არაეფექტურად განხორციელდება, ზაზა შავლიაშვილის თქმით, გამწვანებას არანაირი აზრი არ აქვს. მსგავსი აქციები კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

“მაგალითად, თუკი ნაძვს და ფიჭვს ავიღებთ, ერთ ჰექტარზე დაახლოებით 3 000 – 3 300 ძირის დარგვა ხდება” , – აცხადებს ზაზა შავლიაშვილი, ამჟამად კი ბაზარზე ერთი ძირი ნერგის ფასი, ჯიშიდან გამომდინარე 1–დან 10 ლარამდე მერყეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი