ქალთა სამშვიდობო მოძრაობამ ქალთა საერთაშორისო დღე და 5 წლის იუბილე გორში აღნიშნა. მოძრაობა „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ 2007 წლის 8 მარტს დაფუძნდა. ანალოგიური ორგანიზაცია ცხინვალშიც მოქმედებს, რომლის ლიდერია ლირა ცხოვრებოვა. ქართველი და ოსი ქალები წელიწადში რამდენჯერმე ერთმანეთს საზღვარგარეთ ხვდებიან ხოლმე და ერთობლივ სამშვიდობო პროექტებზე მუშაობენ.
ქალთა სამშვიდობო მოძრაობის ლიდერი მანანა მებუკე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ წელს სამი შეხვედრის გამართვაა დაგეგმილი, სადაც ორგანიზაციის მომავალი მოქმედების სტრატეგია განისაზღვრება და სამშვიდობო მიმართულების და სახალხო დიპლომატიის განვითარებისთვის ახალი პროექტები მომზადდება. ამჟამად ქალთა სამშვიდობო მოძრაობა დაახლოებით 1500 ქალს აწევრიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მოძრაობის ძირითად აქტივს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები და დევნილი ქალები შეადგენენ. გორის პარალელურად ანალოგიური ღონისძიება ცხინვალშიც მიმდინარეობდა. ქალებმა ერთმანეთს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და აღნიშნეს, რომ მშვიდობის მშენებლობას ალტერნატივა არ გააჩნია.
მოძრაობის ერთ–ერთი წევრის ნაზი ბარუაშვილის განცხადებით, პირველი შეხვედრები ოს ქალბატონებთან ემოციური იყო და ხშირად ურთიერთბრალდებებიც ისმოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ემოციებმა გვერდზე გადაიწია და დაიწყო მეტად რთული პროცესი სახალხო დიპლომატიის მშენებლობისა. მისი აზრით, ჯერ პოლიტიკოსებს მოლაპარაკების პროცესში წარმატებები არა აქვთ, ამიტომ ამ პროცესში ქალთა მოძრაობის წარმომადგენლების ჩართვა აუცილებელია.
ქალთა მოძრაობის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქალების ჩართულობას სამშვიდობო პროცესებში და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე.
შეხვედრის ბოლოს შეკრებილმა ქალებმა გაიხსენეს ცხინვალში და ლიახვის ხეობაში გატარებული წლები, მოგონებებს ცრემლიც თან ახლდა. გორიდან სამშვიდობო მოძრაობის წევრებმა პოლიტიკოსებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდეს, რომ მშვიდობის მშენებლობისთვის და ნდობის აღდგენნისთვის ყველა რესურსის გამოყენება მოხდეს.