“ნუ მოჭრი ტოტს, რომელზეც ზიხარ” – ამ და სხვა ლოზუნგებით ორგანიზაციებმა – “ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” და “საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები” – დღეს საკრებულოს შენობასთან საზოგადოებასთან ერთად აქცია გამართეს და სარეკრეაციო ზონების გაუქმება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა საკრებულოს წინ აბრები მოიტანეს, რომელზეც ბოლო დროს გაჩეხილი ტერიტორიების ამსახველი ფოტოები იყო გაკრული.
მათი განცხადებით, “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” რეკომენდაციით, ერთ სულ მოსახლეზე 50 კვადრატული მეტრი გამწვანებული ფართი უნდა მოდიოდეს, საქართველოში კი თითო ადამიანზე სამ კვადრატულზე ნაკლები მოდის:
“სიტუაცია დღითიდღე მძიმდება, განსაკუთრებით სავალალოა მდგომარეობა თბილისში, რადგან სისტემატურად უქმდება სარეკრეაციო ზონები და ამაში წვლილი დედაქალაქის საკრებულოსაც შეაქვს”, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათი თქმით, 2009 წლის სექტემბერში საკრებულომ 23 ერთეული სარეკრეაციო ზონა საცხოვრებელ ფუნქციურ ზონად აქცია და ეს პროცესი დღემდე მიმდინარეობს.
ორგანიზაციებმა დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს მიღებული აქტების დაცვისკენ და “თბილისის მერიის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების” წინააღმდეგ ხმის ამაღლებისკენ მოუწოდეს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რეაგირება არ მოხდება, ისინი კვლავაც გააგრძელებენ აქციების გამართვას.
ქალაქ თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.