საზოგადოება

გარიცხული მოსწავლის მიღების მსურველი კიდევ ორი სკოლა გამოჩნდა

2 მარტი, 2012 •
გარიცხული მოსწავლის მიღების მსურველი კიდევ ორი სკოლა გამოჩნდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის ანა ქებაძის თქმით, 53-ე სკოლიდან გარიცხული მოსწავლის მისაღებად, 77-ე სკოლის გარდა, სადაც სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრირებულია მიხეილ ალექსიძე, კიდევ ორი სკოლა გამოთქვამს მზადყოფნას, ესენია– მე-20 და 122-ე სკოლები.

მიხეილ ალექსიძის მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამს 24–ე სკოლაც, თუმცა, დირექტორის თქმით, ამისათვის, სკოლის შინაგანაწესიდან გამომდინარე, აუცილებელია, მოსწავლემ გაიაროს გასაუბრება.

სამინისტროს ცნობით, მიხეილ ალექსიძე უკვე ერთი თვეა რეგისტრირებულია თბილისის 77–ე საჯარო სკოლაში, თუმცა მოსწავლე სკოლაში არ ცხადდება.

მიხეილ ალექსიძის დედა ლალი ლეკიშვილი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია გუშინ ჟურნალისტებისგან შეიტყო და ამის სათქმელად მას ოფიციალურად არავინ დაკავშირებია:

“მე ექსტერნად სწავლასთან დაკავშირებით მივმართე რესურს-ცენტრს, რომ ბავშვს გამოცდები ჩაებარებინა 53–ე სკოლაში, ისინი დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ექსტერნის გამოცდებს ბავშვი ჩააბარებდა #77 სკოლაში. ამის მიზეზი არ აუხსნიათ,  დოკუმენტიც მაქვს რესურს–ცენტრისგან, რომ მხოლოდ გამოცდები გადაგვიტანეს, ბავშვი იმ სკოლაში ჯერ არ მისულა და არც გამოცდები ჩაუბარებია. დღეს კი გავიგე, რომ უკვე აღადგინეს. მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ დირექტორს, რომელიც, როგორც პრეზიდენტი და 53–ე სკოლის დირექტორი ამბობენ, “ქურდული მენტალიტეტის მქონე ბავშვის” სკოლაში მიღებას დათანხმდა,” – განაცხადა მიხეილ ალექსიძის დედამ.

მიხეილ ალექსიძე 53–ე საჯარო სკოლიდან 2011 წლის 13 ოქტომბერს გაირიცხა. ასევე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 53–ე სკოლის დირექტორის ტარას შავშიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ხულიგნობის მუხლით, ალექსიძე მოწმის სტატუსით დაიკითხა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

ლალი ლეკიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მზადაა შვილი ნებისმიერ საჯარო სკოლაში მიიყვანოს, მას შემდეგ, რაც უკანონოდ გამოცემული დისციპლინარული კომიტეტის ოქმი და დირექტორის ბრძანება სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდება:

“მე დავთანხმდები ყველა საჯარო სკოლას, რომელსაც  ჩემი შვილი აირჩევს, მხოლოდ ერთი პირობით, თუკი ჩემი სარჩელი, რომელიც მოითხოვს უკანონო გარიცხვის ბრძანების ბათილად ცნობას, დაკმაყოფილდება და ჩემს შვილზე ამ ბინძური ბრალდების მოხსნას მივაღწევ. რად მინდა მე პირადი საქმე  ბინძური და ცრუ ბრალდებით, მე ჩემს შვილს კანონიერად უნდა მოვუხსნა უკანონო გარიცხვის ბრძანება და როცა 53– სკოლაში აღვადგენ, ჩემმა შვილმა უნდა გადაწყვიტოს, რომელ სკოლაში მოინდომებს სწავლას. სიამოვნებით წავიყვან მიხეილს 77–ე სკოლაში.”

შეგახსენებთ, რომ ალექსიძის მშობელმა, ლალი ლეკიშვილმა ამ ხნის მანძილზე წერილობით რამდენიმე სკოლას (49-ე, 183-ე, 55-ე, 24-ე და 51-ე სკოლებს) მიმართა შვილის მიღების თხოვნით. მშობელი აღნიშნავს, რომ წერილობითი პასუხი არავისგან მიუღია, თუმცა პირად საუბრებში დირექტორები თანაუგრძნობდნენ. 24-ე სკოლის დირექტორმა, გია მურღულიამ კი უთხრა, რომ რამდენიმე საგანში გასაუბრების შემდეგ სკოლაში მიიღებდა ბავშვს.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა აღნიშნულ სკოლებს. დირექტორებმა გვითხრეს, რომ მოსწავლის აღდგენა ან ექსტერნად ჩაბარებული გამოცდის შემდეგ, ან გასაუბრების შემთხვევაში მოხდება, რათა სკოლამ მოსწავლე შესაფერის კლასში მიიღოს. მხოლოდ ერთმა, 49-ე სკოლის დირექტორმა დავით ბიწაძემ, აღნიშნა, რომ სკოლიდან გარიცხული მოსწავლის მიღება არც ერთ დირექტორს არ სურს, თუმცა ისიც დაამატა, რომ მოსწავლეს შეფასება არ ჰქონდა და სკოლაში ამის გამო ვერ მიიღებდა.

გარდა ამისა, შაშკინს პირადად შეხვდა ალექსიძის დედა, რომელსაც მინისტრმა უთხრა, რომ იმ ვიდეომასალას აჩვენებდა, რომელზეც მისი შვილის ქცევა იყო დაფიქსირებული, თუმცა ლალი ლეკიშვილისთვის მსგავსი ვიდეომასალა ამ დრომდე არ უჩვენებიათ.

სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ გამართულ დებატებში პრეზიდენტმა მოსწავლეს ხულიგანი უწოდა.

”თქვენ ახსენეთ აქ ერთი ხულიგანი, რომელიც გარიცხეს 53–ე სკოლიდან იმისთვის, რომ დირექტორზე გაიქაჩა და მერე თქვა, რომ ვაკეში თუ არ ვისწავლი, ისე არსად არ ვისწავლიო. მე კარგად მახსოვს ეს ისტორია და მახსოვს იმიტომ, რომ ეს არის გამონაკლისი. 10 წლის წინ ასეთი ხულიგნები მართავდნენ სკოლებსა და კლასებს. ჩემი და თქვენი შვილები დადიან სკოლაში და არ გვეშინია, რომ ვინმე დანას და “სპიცს” გაუყრის და ეს იმიტომ, რომ ასეთი ხულიგნები აღარ არიან. ჩემი მიზანია, რომ სანამ ეს მე მომეკითხება, კრიმინალი არასდროს დაბრუნდეს საქართველოში და არასდროს დაბრუნდეს სკოლებში, ჩვენი სკოლები იყოს 100%–ით უსაფრთხო,” – ეს იყო პრეზიდენტის პასუხი უმცირესობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მიხეილ ალექსიძეს სახელმწიფომ განათლების უფლება წაართვა.

პრეზიდენტის ამ განცხადებას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, ლევან ვეფხვაძის მხრიდან დარბაზშივე მოჰყვა გამოხმაურება:

“ნებისმიერ ქვეყანაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგებოდა, როცა ის ბავშვს ხულიგანს უწოდებს,”–აღნიშნა ვეფხვაძემ.

სააკაშვილის შეფასებას გამოეხმაურა საია, რომელიც განცხადებაში წერს, რომ პრეზიდენტმა უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია:

“ხულიგნობა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, ხოლო პირის დამნაშავედ ცნობის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სასამართლოს. პირი დამნაშავედ ითვლება მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიხეილ ალექსიძის ხულიგნად მოხსენიებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით აღიარებულ უდანაშაულობის პრეზუმფცია და უხეშად შეილახა არასრულწლოვნის უფლებები” , – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი