საზოგადოება

არავინ დაუსჯიათ მოსწავლეების იძულებისთვის, “მოსწონდეთ ბაქრაძე”

28 თებერვალი, 2012 •
არავინ დაუსჯიათ მოსწავლეების იძულებისთვის, “მოსწონდეთ ბაქრაძე”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის facebook-ის  გვერდზე გამართული ვირტუალური არჩევნების მონაწილე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ არჩევნებიდან მისი კანდიდატურა დავით ბაქარაძემ კი არა, თავადვე მოხსნა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე შაბათ საღამოს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ  ვირტუალური არჩევნებიდან მოხსნილია კანდიდატი, რომელზეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისანი-სამგორის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს ადმინისტრაციული წესით აიძულებდნენ, ხმა მიეცათ ვირტუალურ არჩევნებში მისთვის.

“გაცნობებთ, რომ აღნიშნული კანდიდატი უკვე მოხსნილია არჩევნებიდან, ხოლო მისი მხარდამჭერი ხმები გაუქმებულია”, – წერია ბაქრაძის გვერდზე.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისან-სამგორის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს აიძულებდნენ, “დაელაიქებინათ” ბაქრაძის ფეისბუქის გვერდი და ხმა მიეცათ ვირტუალურ არჩევნებში კანდიდატისათვის, “ნეტგაზეთმა” 22 თებერვალს გამოაქვეყნა.

ნეტგაზეთის რესპოდენტი, თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ყვებოდა, რომ  მთელი მისი კლასი ინფორმატიკის ოთახში ჩაიყვანეს და მათ პარლამენტის თავმჯდომარის Facebook-ის გვერდზე არსებულ აპლიკაცია “არჩევნები” მონაწილეობის მიღება თხოვეს. აპლიკაციის გამოსაყენებლად აუცილებელია, გვერდი მოიწონო, ამიტომ მოსწავლეები იძულებული გახდნენ, გვერდიც მოეწონებინათ.  იმავეს აცხადებდნენ 117–ე სკოლის მოსწავლეებიც.

შაბათს პარლამენტის თავმჯდომარე ფეისბუქის სტატუსში აცხადებდა: “ძალიან მკაცრი ზომები იქნება მიღებული ამ ინციდენტში მონაწილე ყველა ადამიანის მიმართ. თუ რომელიმე თქვენგანი მომავალში კიდევ გაიგებს ასეთი ტიპის პრობლემის შესახებ, გთხოვთ, მაშინვე მაცნობოთ. ბოდიშს ვუხდი მოხსნილი კანდიდატის ყველა მხარდამჭერს, ვისი ხმებიც ამ სამწუხარო ფაქტის გამო გაუუქმდა. მაგრამ ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მკაცრი ზომების მიღება აუცილებელია, ვინაიდან მე ძალიან ვუფრთხილდები ჩვენს ურთიერთობას და ნებისმიერ ფაქტს, რომელიც ვინმეს აფიქრებინებს, რომ აქ მყოფი ადამიანები იძულებით და არა პირადი სიმპათიით არიან გაერთიანებული, მივიჩნევ თითოეული თქვენგანის და ჩემს შეურაცხყოფად. იმედია, თქვენც ჩემსავით ფიქრობთ!”

ვირტუალური არჩევნებიდან მოხსნილმა კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს ნეტგაზეთს  განუცხადა, რომ მან თავად გადაწყვიტა მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა, მას შემდეგ, რაც  წაიკითხა , რომ ისანი–სამგორის რაიონის სკოლებში მოსწავლეებს დავით ბაქრაძის გვერდი დაალაიქებინეს და ვირტუალურ არჩევნებში ერთ–ერთი კანდიდატისთვის მიაცემინეს ხმა:

“საუბარი იყო, თითქოსდა ჩემი მხარდამჭერები დადიოდნენ და ხმებს აგროვებდნენ.  ზედმეტი კითხვები რომ არ ყოფილიყო, ამიტომ მე ჩემი ნებით მოვხსენი კანდიდატურა, მაგრამ შემდეგ ბატონმა დავითმა სტატუსი დადო, რომ ჩემი ხმები მაინც ანულირებული იქნებოდა. ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. მე ვერც ერთი ადამიანი ვერ მეტყვის, რომ პირადად მნახა სკოლაში მისული, ასევე არ მისულან ჩემი მეგობრები. მაგრამ დაიწერა და ფაქტი თვითონ ცუდი იყო,  ჩემთვის, პირადად, ჩემი რეპუტაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვირტუალური არჩევნები, ამიტომაც მოვხსენი კანდიდატურა”, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ლევან ხაბეიშვილი ისანი–სამგორის რაიონის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელია. მოსწავლეების განცხადებით, სკოლაში სწორედ გამგეობის წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა ხაბეიშვილი ამ ფაქტს უარყოფს.

პარლამენტის პრესსამსახურის უფროსის მაკა გიგაურის განცხადებით კი, კანდიდატი წესების დარღვევის გამო მოიხსნა:

“მე ზუსტად არ ვიცი, მართლა ეს ადამიანი იყო ჩართული ამ პროცესში, თუ ვინმემ მის მაგივრად გააკეთა, ეს არის თამაში და ზედმეტი გამოძიება არ არის საჭირო. ჩავთვალეთ, რომ ეს იყო თამაშის წესების დარღვევა და მოვხსენით კანდიდატი”, – განაცხადა მაკა გიგაურმა.

რაც შეეხება კონკრეტულ პირებს, რომლებიც აიძულებდნენ მოსწავლეებს ვირტუალურ არჩევნებში მონაწილეობას, ჯერ არავის გამოუვლენია და დაუსჯია. გიგაურის განცხადებით,  ამ საკითხთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.

ნეტგაზეთი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, ნინო პოტრჟებსკაიას დაუკავშირდა, თუმცა მან ტელეფონი გაგვითიშა, შემდეგ კი ზარებისთვის მთელი დღის განმავლობაში აღარ უპასუხია.

მასალების გადაბეჭდვის წესი