საზოგადოება

385 ადამიანი გამოსახლების მოლოდინში [Video]

27 თებერვალი, 2012 •
385 ადამიანი გამოსახლების მოლოდინში [Video]

სოფელ კრწანისში ჩასახლებული ეკომიგრანტები გამოსახლების შიშით ცხოვრობენ. მთავრობამ მათთვის დაპირებული სახლების მშენებლობა ვერ შეძლო. ეკომიგრანტებმა სარჩელით თბილისის სასამართლოს მიმართეს, თუმცა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აჭარელი ეკომიგრანტები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ  კრწანისში 1989 წელს ჩაასახლეს. ისინი დროებით სხვადასხვა კორპუსებში შეასახლეს და დაჰპირდნენ, რომ სახლებს აუშენებდნენ. მინისტრთა საბჭოს ბრძანების შედეგად, მშენებლობა დაიწყო კიდეც, მაგრამ მალევე შეჩერდა. აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორიაც მეწყერსაშიში იყო. თითქმის აშენებული სახლები ჩამოწერეს და დღეს ისინი უპატრონოდაა მიტოვებული.

ეკომიგრანტებისთვის აშენებული და შემდეგ ჩამოწერილი სახლები
ეკომიგრანტებისთვის აშენებული და შემდეგ ჩამოწერილი სახლები

1997 წელს, პრეზიდენტ შევარდნაძის ბრძანებით (N750),  ეკომიგრანტებს სახლების მშენებლობისთვის სხვა მიწა გამოუყვეს, 20 ჰექტარი რუსთავის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს. ამავე ბრძანებით, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს დაევალათ, ამ ტერიტორიაზე 75 ოჯახისთვის სოფელი აშენებულიყო.  ახალ ნაკვეთზე ერთი საძირკველიც არ გათხრილა.

ეკომიგრამტები დღემდე  იმ ბინებში რჩებიან, რომლებშიც აჭარიდან ჩამოსულები  დროებით შეასახლეს. ცხრასართულიანი კორპუსი მაშინდელი ზოოვეტერინარული ინსტიტუტის მეურნეობაში შედიოდა და მის ბალანსზე იმყოფებოდა. მოგვიანებით ინსტიტუტმა ბინები მისივე მეურნეობის წევრებსა და ინსტიტუტის თანამშრომლებზე გაანაწილა. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ ახლა ერთსა და იმავე ფართზე ორი მესაკუთრე აცხადებს პრტენზიას.

ეკომიგრანტები შესაძლოა გამოასახლონ ამ კორპუსიდან, სადაც დროებით უკვე 23 წელია ცხოვრობენ
ეკომიგრანტები შესაძლოა გამოასახლონ ამ კორპუსიდან, სადაც დროებით უკვე 23 წელია ცხოვრობენ

„აგვიშენონ სოფელი, ან მოგვცენ შესაბამისი კომპენსაცია, რომ სადმე ვიცხოვროთ. ამას ვდავობთ სასამართლოში. არავინ მოდის და არავინ გველაპარაკება“, – აცხადებს კრწანისში მცხოვრები ეკომიგრანტი ავთანდილ კოჩალაძე.

2007 წელს ეკომიგრანტების ნაწილმა, შვიდმა ოჯახმა, მოულოდნელად გაიგო, რომ ის ბინები, რომლებშიც თავად ცხოვრობენ, სხვებზეა პრივატიზებული. ამის შემდეგ სამი ოჯახი იძულების წესით გამოასახლეს.

„15 კაცი ქუჩაში დატოვეს, ახლა ზოგი სად არის და ზოგი – სად. ჩემი ძმაც გამოასახლეს. მისი ნივთები სათავსოში ლპება. მისი ბავშვები ერთი წელია ჩემთან ცხოვრობენ. გაანადგურეს კაცი“, – ამბობს  ნანული ხოზრევანიძე.

ნანული ხოზრევანიძის ძმა 4 წლის წინ გაასახლეს და მისი ნივთები სათავსოში ლპება
ნანული ხოზრევანიძის ძმა 4 წლის წინ გაასახლეს და მისი ნივთები სათავსოში ლპება

ავთანდილ კოჩალაძის თქმით, ერთ-ერთ გამოსახლებულს, ზია საღინაძეს, გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილება გამოსახლებიდან ორი თვის შემდეგ ჩაბარდა. მისივე თქმით, ზია საღინაძის საქმეზე გარდაბნის სასამართლომ დადებითი გადაწყვეტილება გამოიტანა, მაგრამ შემდეგ ეს გადაწყვეტილება რუსთავის სასამართლომ გააუქმა და  2007 წლის 26 ნოემბერს გამოსასახლებლად მიადგნენ კიდეც.

„ჯერ ის არის სასაცილო, რუსთავის სასამართლომ გარდაბნის სასამართლოს გადაწყვეტილება რომ გააუქმა. მეორეც, გამოსახლების შესახებ ინფორმაცია ოჯახს წინასწარ უნდა ეცნობოს. ზია საღინაძემ კი სასამართლოს გადაწყვეტილება, უკვე გამოსახლებულმა,  4 თებერვალს ჩაიბარა“, – ამბობს ავთანდილ კოჩალაძე.

მას შემდეგ, რაც სამი ოჯახი ქუჩაში დარჩა, ყველა დანარჩენიც გამოსახლების შიშით ცხოვრობს. მათ პროკურატურასაც მიმართეს, რომლისგანაც საბოლოო პასუხი ჯერ კიდევ არ მოსულა. მიმართეს სასამართლოსაც.

16 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკომიგრანტების სარჩელი არ დააკმაყოფილა. პროცესზე მოსამართლე ნინო შარაძემ მოსარჩელეებს შესთავაზა, მოპასუხე მხარედ არა მთავრობა, არამედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დაესახელებინათ. ეკომიგრანტებმა უარი თქვეს. ადვოკატმა ბეჟან ხიმშიაშვილმა უარი შემდეგნაირად დაასაბუთა:

„გადაწყვეტილება სოფლის მშენებლოს შესახებ მიიღო მინისტრთა საბჭომ და არა კონკრეტულმა სამინისტრომ, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ მთავრობა უნდა იყოს მხარე და არა – სხვა. თუმცა მთავრობას შეუძლია, ვისაც უნდა, მშენებლობა იმას დაავალოს“.

უარის კიდევ ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ამ სამინისტრომ ეკომიგრანტებს  ოფიციალურად მისწერა, რომ ამ კონკრეტული საქმის მოგვარება მისი პრეროგატივა არ იყო. იგივე ითქვა სასამართლო პროცესზეც. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ  განაცხადა, რომ ისინი ეკომიგრანტებისთვის სახლებს არ აშენებენ.

გაცილებით კატეგორიულები იყვნენ ფინანსთა  და ეკონომიკური განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები. მათი თქმით, ეს საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედის და სასამართლოში მხარედ ვერ ჩაერთვებიან.

რაც შეეხება თავად მთავრობის წარმომადგენელ თამაზ ბარაბაძეს, მან განაცხადა, რომ ეს საკითხი არა მთავრობას, არამედ სწორედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა დავალებოდა.

„სამინისტრო ამბობს, ამგვარ საქმესთან დაკავშირებით გამოცდილება არ გვაქვსო. ჯერ არ ჰქონიათ მსგავს შემთხვევასთან შეხება და ამიტომაც არა აქვთ. ვფიქრობ, თუ მომჩივანი მხარე არ დათანხმდება მოპასუხედ სწორედ ეს სამინისტრო ჩაერთოს, მას სარჩელზე უარი უნდა ეთქვას“, – განაცხადა თამაზ ბარაბაძემ.

მოსამართლემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მართლაც უარი თქვა.

ეკომიგრანტების საერთო აზრია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მათი პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებს.

„ეგენი გვეუბნებიან, სიაში ჩაგსვამთ, ორიათასმერამდენეღაცა იქნები და როცა მოგიწევს, წალკაში წახვალო. ჩვენ კიდევ გადასახლება გვინდა?!“ – ამბობს ავთანდილ კოჩალაძე.

ადვოკატ ბეჟან ხიმშიაშვილის თქმით, სამინისტროები ცდილობენ, ეს საქმე როგორმე ერთმანეთს გადააბარონ.

„ამიტომაც გვინდა, სახლების მშენებლობა მთავრობამ თავად დაავალოს კონკრეტულ უწყებას“, – ამბობს ის.

მანამდე კი 385 ადამიანი სრულ გაურკვევლობაში ცხოვრობს.

„30 წელია აქ ვართ. ბინებს ვერც ვიკანონებთ, ვერც სხვაგან გადავდივართ, ვერც ამას  ვარემონტებთ“, – ამბობს შუქრი ბათნიძე.

პრობლემას განსაკუთრებით ამძაფრებს ის ფაქტი, რომ საქართველოში არ არსებობს კანონი ეკომიგრანტების შესახებ. ამასთან, ეკომიგრანტი არ მოიხსენიება იძულებით გადაადგილებულ პირად, როგორც ეს საერთაშორისო კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.  შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობა ეკომიგრანტებს განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის. ყველაზე ხშირად სწორედ იმის დადგენაა პრობლემა, თუ რომელმა ორგანომ და რა რეგულაციების მეშვეობით უნდა გადაიჭრას მათი ესა თუ ის პრობლემა.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის, ნინო ანდრიაშვილის თქმით, უშუალოდ ამ კატეგორიის ადამინებისთვის კანონმდებლობა შემუშევებული არ არის. შესაბამისად, არც ერთი კონკრეტული უწყება მათზე პასუხისმგებელი არაა, თუმცა სტიქიის შედეგად დაზარალებულების საქმეები ყველაზე მეტად მაინც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შეიძლება გადაემისამართოს, რადგან, მიუხედავად იმისა. რომ  სტატუსი არა აქვთ, რეალურად ისინი მაინც დევნილები არიან.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი