საზოგადოება

დასაქმება სქესობრივი ნიშნით

16 თებერვალი, 2012 • 3305
დასაქმება სქესობრივი ნიშნით

“საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის” მიერ “ელექტორატის პროფილის” კვლევის დროს გამოკითხულთა 86.1% საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების აქტიური ჩართვის მომხრეა. თუმცა 35%–ს მიაჩნია, რომ სამუშაო ადგილების სიმცირის შემთხვევაში სამსახურში აყვანისას უპირატესობა კაცებს უნდა მიენიჭოთ, 54.8% კი ფიქრობს, რომ ყველასთვის უკეთესია, როდესაც კაცი მუშაობს, ქალი კი ოჯახს უვლის.

გენდერის სპეციალისტის, ეკატერინე აღდგომელაშვილის თქმით, “როცა სამუშაო ბაზარზე ადგილები მცირდება, ისევ და ისევ უბრუნდებიან ტრადიციულ შეხედულებებს, რომ  მამაკაცი უნდა იყოს ოჯახის მარჩენალი და ამის საფუძველზე გამართლებულად მიიჩნევენ მამაკაცისთვის უპირატესობის მინიჭებას”.

არიან თუ არა მამაკაცები პრიორიტეტულ სიტუაციაში დასაქმების დროს საქართველოში? – “ქალთა საინფორმაციო ცენტრში” აცხადებენ, რომ ხშირია ამ კუთხით ქალების დისკრიმინაცია. ქალებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სამსახურში სწორედ მათი სქესის გამო არ აიყვანეს, ასევე, ხშირად მიუმართავთ გაერთიანებული პროფკავშირებისთვის.

“მოგვმართავენ ქალბატონები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სამსახურში ფეხმძიმობის გამო არ აიყვანეს, ან ინტერვიუს დროს უკითხავთ ოჯახური მდგომარეობის შესახებ. მათი აზრით, ეს გახდა დაბრკოლება, ვინაიდან ოჯახის გამო შეიძლება ვერ შეძლონ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება, ან დამატებითი სამუშაოსთვის შაბათ–კვირას მუშაობა,” – ამბობს გაერთიანებული პროფკავშირების იურიდიული სამსახურის უფროსი რაისა ლიპარტელიანი.

არცთუ იშვიათია ისეთი შემთხვევებიც, როცა დამსაქმებლები პირდაპირ მიუთითებენ სქესის შესახებ ვაკანსიების გამოცხადების დროს მოთხოვნებში.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ერთ–ერთ კომპანიას, რომელიც დანების მაღაზიაში კონსულტანტის თანამდებობაზე მამაკაცის კანდიდატურას ეძებს. კომპანიაში განგვიცხადეს, რომ ვინაიდან დანების მაღაზიაა, სწორედ ამიტომ ანიჭებენ უპირატესობას მამაკაცს.

ვაკანსიის მიხედვით, დასაქმებული შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: სასურველია პრესტიჟულ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება, ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა, სასიამოვნი გარეგნული და პიროვნული თვისებები, კომუნიკაბელურობა.

“ნეტგაზეთის” შეკითხვას, თუ რატომ სურთ მამაკაცის აყვანა, როცა აღნიშნულ კრიტერიუმებს ქალბატონიც შესაძლებელია თავისუფლად აკმაყოფილებდეს, კომპანიის მენეჯერმა შემდეგნაირად უპასუხა:

“იცით, ახლა დაკავებული ვარ და მოგვიანებით დამირეკეთ”.

jobs.ge ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდია საქართველოში, სადაც ვაკანსიების შესახებ განცხადებები თავსდება. ვებ-გვერდზე ამ დროისთვის დაახლოებით 11 ვაკანსია იძებნება, სადაც მამრობითი სქესი დამსაქმებლის მიერ აუცილებელ ან სასურველ მოთხოვნადაა მიჩნეული. აღნიშნული ვაკანსიები გამოცხადებულია ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა: რეალიზაციის მენეჯერი, შესყიდვების მენეჯერი, გაყიდვების ასისტენტი, კოსულტანტი და სხვა.

“მართლა გაუგებარია, რატომ უნდა იყოს შესყიდვების მენეჯერი მამაკაცი. მართალია, წერია, რომ სასურველია, მაგრამ მაინც,”– ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში jobs.ge-ს რედაქტორი ლექსო ხუბულავა. მისივე თქმით, ძირითადად, გავრცელებული სტერეოტიპების გამო ხდება სქესის კრიტერიუმის გაჩენა ვაკანსიაში:

“როდესაც საუბარია პრომო პერსონალზე, ოფისის მენეჯერზე ან დამლაგებელზე, დამსაქმებლები მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ანიჭებენ უპირატესობას, ხოლო როდესაც საუბარია ტექნიკურ ან ლოჯისტიკურ პოზიციაზე – პირიქით”.

ხუბულავას თქმით, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი თვითნებურად იღებდნენ ვაკანსიებიდან სქესის კრიტერიუმს, თუმცა მოგვიანებით კრიტერიუმი კვლავ დააბრუნეს, რადგან ამან განმცხადებლების მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია, რომ მათ დროის ხარჯვა უწევდათ ისეთ კანდიდატებზე, რომელიც მათ სქესს არ ითვალისწინებდა.

“ახლა იძულებული ვართ, ეს მოთხოვნა გავუშვათ, ჩვენ არ  გვაქვს პოზიციური ფუნქციები, თუკი სამუშაოს მძებნელს გაუჩნდება პრეტენზია, მას პრეტენზია უნდა ჰქონეს დამქირავებლის მიმართ და არა ინფორმაციის გამავრცელებლის მიმართ,“ – ამბობს ლექსო ხუბულავა.

დამქირავებლის მიმართ პრეტენზიის გამოხატვა და სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვა თითქმის შეუძლებელია საქართველოში მოქმედი შრომითი კანონმდებლობით.

“შრომის კოდექსის მიხედვით, წინასახელშეკრულებო ურთიერთობებისას, როცა გამოცხადებულია ვაკანსია, კონკურსი თუ გასაუბრება, ამ შემთხვევაში, როდესაც კანდიდატებს უარს ეუბნებიან, დამსაქმებელს არ აქვს უარის დასაბუთების ვალდებულება, შესაბამისად, არ ვიცით, რის გამო გვეუბნება უარს, თავისუფლად შეიძლება სქესობრივი დისკრიმინაციის ფაქტებს ჰქონდეთ ადგილი,“ – ამბობს გაერთიანებული პროფკავშირების იურიდიული სამსახურის უფროსი.

რაისა ლიპარტელიანის თქმით, თუკი დამსაქმებელს კანონმდებლობით ექნება ვალდებულება, დაასაბუთოს უარის მიზეზი, ეს ხელს შეუწყობს დასაქმების დროს გენდერული დისკრიმიანციის შემთხვევების გამოვლენას:

“ამ ვალდებულების გაჩენით საკითხი სასამართლოში დავის საგანი შეიძლება გახდეს, ხოლო თუ დამსაქმებელი ვერ დაადასტურებს იმას, რაც სამსახურში დაუქირავებლობის მიზეზად დაასახელა, ამ შემთხვევაში ქალბატონი შეძლებს ამტკიცოს, რომ მის მიმართ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი.”

“საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა
97.1% მიიჩნევს, რომ ოჯახი არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, 67.2%-ის აზრით, საბოლოო სიტყვა ოჯახში მამაკაცს უნდა ეკუთვნოდეს, 49.1% თვლის, რომ გათხოვების შემდეგ ქალმა ნაკლები დრო უნდა დაუთმოს სამახურს.

გამოკითხვა ჩატარდა 2011 წლის ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე საქართველოს ყველა რეგიონში. შემთხვევითი შერჩევისა და პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხნენ 18-24 წლის, 40-50 წლისა და 60-70 წლის მოქალაქეები, სულ 1058 ადამიანი. გამოკითხულთაგან 479 მამაკაცია, ხოლო -579 ქალი. 

“როდესაც ვსაუბრობთ კულტურასა და სტერეოტიპებზე, ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილი ატარებს ამ სტერეოტიპებს, ამ საზოგადების ნაწილი თანაბრად არიან ქალები და მამაკაცები. ის, რომ ის სტერეოტიპი ქალის მიმართ დისკრიმინაციულია, მას არ ათავისუფლებს ამ სტერეოტიპისაგან”, – აცხადებს ეკატერინე აღდგომელაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი