საზოგადოება

შეცდომები მართვის მოწმობის საგამოცდო ტესტებში

25 იანვარი, 2012 • 4023
შეცდომები მართვის მოწმობის საგამოცდო ტესტებში

“ვინმე თუ ამიხსნის, რა საგზაო ნიშანი ხატია ამ ფოტოზე, მადლობელი ვიქნები. ხედავთ ნიშნებს? – ასეთი ნიშანი საერთოდ არ არსებობს,“ – ამბობს თბილისში, ერთ–ერთ ავტოსკოლაში, მომუშავე მასწავლებელი და სამეცადინო ოთახში, კედლებზე, საგზაო ნიშნებით გამოკრულ მუყაოს დაფებს გვიჩვენებს.

მსგავსი საგზაო ნიშანი არც შსს–ს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე მოიძებნა, იმის მიუხედავად, რომ ამავე გვერდზეც და სახელმძღვანელოების ბილეთებშიც, რომლითაც მართვის მოწმობის აღების მსურველები ემზადებიან, არსებობს.

„ასეთი ხარვეზები საგამოცდო ბილეთებში ერთი და ორი არაა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, გამოცდაზე არ ჩავიჭრებით, რადგან ასეთ ბილეთებს და სწორ პასუხებს, როგორც წესი, ვიზეპირებთ,” – ამბობს ავტოსკოლის მოსწავლე ნანა ბერიძე.

ამ ბილეთზე მოცემულ საგზაო ნიშანს “რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი” ჰქვია. აღნიშნული ნიშანი მძღოლებს უშლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელის შესახებ აფრთხილებს.

დაუსახლებელ პუნქტში აღნიშნული ნიშანი იდგმება გადასასვლელამდე ორჯერ: პირველად – 150-300 მ–ში და მეორედ – 50 მეტრში.

“ამ სურათზე მოცემული მანძილი კი აბსოლუტურად შეუსაბამოა ამ ნიშნის დადგმის წესთან,”–ამბობს ავტოსკოლის მასწავლებელი.

ილია მეკოკიშვილი საქართველოში პირველი საგამოცდო ტესტების შემდგენელია. რამდენიმე წლის წინ მის მიერ შედგენილ 500 ტესტს დაახლოებით ამდენივე დაემატა და დღეს მათი რაოდენობა 1000–ზე მეტია.

ილია მეკოკიშვილს დღეს საკუთარი ავტოსკოლა აქვს და მოსწავლეებს, როგორც სხვა ავტოსკოლებში, ისიც ორმაგი პრინციპით ასწავლის – მოსწავლეებს აფრთხილებს, რომ ზოგიერთი ტესტი არასწორადაა შედგენილი,ან პასუხი არ შეესაბამება რეალობას, თუმცა გასაგამოცდო ტესტებში მაინც უნდა შემოხაზონ ის პასუხი, რომელიც შსს–ს მომსახურების სააგენტოსა და საგამოცდო ტესტების სახელმძღვანელოს ავტორებს აქვთ მითითებული.

“დამატებული 620 ტესტის გასწორებას დღემდე ვუნდებით. ბევრი ხარვეზი გასწორდა, თუმცა დღესდღეობით მაინც რჩება დაახლოებით 30 ტესტი, რომელიც ისეა შედგენილი, ან მასში არასწორი პასუხია შემოსახაზი, რომ მოსწავლეებს დაზეპირების გარდა, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ რჩებათ,”– ამბობს ილია მეკოკიშვილი.

თეორიული გამოცდის ნაწილში გამსვლელი ვალდებულია 30 სხვადასხვა საკითხისგან შემდგარ ტესტს 30 წუთში უპასუხოს. 30 საკითხიდან გამსვლელს 4 შეცდომის დაშვების უფლება აქვს. გამოცდაზე გასვლის საფასური კი 40 ლარით განისაზღვრება.

კითხვით, რატომ არ სწორდება არსებული სასწავლო ტესტები, სახელმძღვანელოს ერთ–ერთ ავტორს, გურამ გახოკიძეს მივმართეთ, თუმცა წიგნის ავტორმა ტესტებში არსებულ შეცდომებზე საუბარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ სასწავლო ტესტები და საგამოცდო ტესტები სრულ შესაბამისობაშია.

“შსს–ს მომსახურების სააგენტომ შეისყიდა ეს ტესტები ჩვენგან, შესაბამისად, ხარვეზებზე საუბარიც არ ღირს,”–ამბობს სახელმძღვანელოს ერთ–ერთი ავტორი.

ის, რომ საგამოცდო ტესტებში ხარვეზები აქამდე არ შესწორებულა, ილია მეკოკიშვილს, პირველი საგამოცდო ტესტების შემდგენელს, საკუთარი მოსაზრება აქვს: “შსს–ს პატრონაჟით გაკეთდა ეს ტესტები, დიდი ტირაჟით იყო გამოცემული, რომელსაც ჭირდება რეალიზება.”

ავტოსკოლების მოსწავლეთა ნაწილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ საგამოცდო ტესტების ნაწილი გაუგებარია მათთვის და ძირითადად, გამოცდისთვის იზეპირებენ.

“ხშირია, როდესაც აზრზე არ ვარ, რას მეკითხება ტესტი, ან სურათია შეუსაბამო, ან პასუხია აბსურდული, მაგრამ მაინც ვიზეპირებ,” – ამბობს ავტოსკოლის მოსწავლე ლევან სამხარაძე.

ილია მეკოკიშვილის თქმით, ის აპირებს შსს–ს მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართოს, რომ არსებული ხარვეზები ტესტებში ჩასწორდეს.

“თუ მაშინაც არ იქნება რეაქცია, განცხადებას უკვე მინისტრის სახელზე დავწერ,”–ამბობს მეკოკიშვილი.

საგამოცდო ტესტების ხარვეზების აღმოფხვრის საკითხებთან დაკავშირებით ნეტგაზეთი შეეცადა შსს–სთან დაკავშირებას, თუმცა უწყების პრეს–სამსახურმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი