საზოგადოება

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძეგლთა დაცვის პოლიტიკა

20 იანვარი, 2012 • 1633
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძეგლთა დაცვის პოლიტიკა

ილორის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია
ილორის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია

 

რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად და რატომ ადანაშაულებს “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი მას ამ კუთხით უმოქმედობასა და უპასუხისმგებლობაში?

 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული კულტურულ-ისტორიული და რელიგიური მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობისა და მათი დაცვის ღონისძიებების შესახებ გაიმართა მსჯელობა დღეს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე.

კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას განცხადებით, ბოლო დროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ეკლესია–მონასტრებსა და სხვა კულტურულ–ისტორიულ ძეგლებზე ქართული კვალის მიზანმიმართული წაშლის პროცესმა ინტენსიური ხასიათი მიიღო და ამის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით, აღარ არსებობს ბაგრატ მესამის ერთადერთი ფრესკული გამოსახულება, რომელიც ბედიის ტაძარში იყო. ქართული კვალი მიზანმიმართულად წაშლილია ილორში, ვანდალიზმის ფაქტებია დაფიქსირებული სვიმონ კანანელის, დრანდის, გაგრის ეკლესიებში. მათი თქმით, ფაქტები ბევრია, როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური წყაროებიდან მიღებული.

კულტურის სამინისტროს ცნობით, ილორის ეკლესიაში “ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოიწვია ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი თავისებურებების მოშლა. ტაძარს დააშენეს რუსული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი ე.წ. “ხახვისთავიანი” გუმბათი. გარე ფასადი, მათ შორის აღმოსავლეთ კედელი, სადაც განთავსებული ქართული დამწერლობით შესრულებული ხუთი ლაპიდარული წარწერა თეთრადაა გადაღებილი, თაღები კი წითლადაა შეღებილი. ტაძარს დამატებული აქვს ქართული არქიტექტურისთვის სრულიად უცხო სხვადასხვა რელიეფური ელემენტები.”

დღესვე ამ საკითხებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, აფხაზეთში მდებარე XI საუკუნის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე, რის შედეგადაც ძეგლის ავთენტიკურობა დაირღვა, ის რუსეთის პატრიარქ კირილს ჯერ კიდევ 2010 წლის 23 დეკემბერს შეხვდა და ესაუბრა.

“რუსეთის პატრიარქმა დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარის ინფორმაცია დადასტურდა, რუსეთის საპატრიარქო აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად დაგმობს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ტაძარს პირვანდელი სახე დაუბრუნდეს”, – ნათქვამია “დემოკრატიული მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2010 წლის 28 დეკემბერს „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ გამოაქვეყნა ღია წერილი, სადაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმართა. მიმართვაში ნათქვამია:

„ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ, უმოკლეს ვადაში მედიის საშუალებით საჯარო გახადოთ, ან საქართველოს საპატრიარქოს მიაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია იმ სავალალო სახეცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც აფხაზეთში არსებულ XI საუკუნის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამ ე.წ. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შედეგად განიცადა, რათა აღნიშნულ საკითხზე რუსეთის პატრიარქის პოზიციამ ხელი შეუწყოს პრობლემის მოგვარებას“.

ბურჯანაძის პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დღემდე არც საქართველოს და არც რუსეთის საპატრიარქოსათვის არ მიუწოდებია არანაირი ინფორმაცია ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის იმ სახეცვლილებების შესახებ, რომელიც მან არასწორად ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად განიცადა.

ამ განცხადებას დღეს საქართველოს კულტურის სამინისტრო გამოეხმაურა. მათი თქმით, მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ 2010 წლის 2 დეკემბერს გამართა ბრიფინგი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე განხორციელებული ვანდალური აქტის გამო, ხოლო სამინისტრომ ოფიციალური წერილით მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო საზოგადოებას, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრს, ICCROM-ს (საერთაშორისო სარესტავრაციო ცენტრი), ICOMOS-ს (ძეგლების და ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო ცენტრი), ICOM-ს (მუზეუმის საერთაშორისო ორგანიზაცია), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობას, EUMM-ს (ევროკავშირის მონიტორინგის მისია), გეტისა და კრესის ფონდებს, ბრიტანეთის საკონსულოს, სრულიად დიპლომატიურ კორპუსს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა გამოეყენებინათ მათ ხელთ არსებული საშუალებები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართული განადგურების შესაჩერებლად.

„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მიიღო წერილი რუსეთის საპატრიარქოდან, სადაც რუსეთის მხარე ბოდიშს იხდის დაპირების შეუსრულებლობის  გამო და სინანულით აღნიშნავს, რომ ქართული მხარის პასიურობისა და დაუინტერესებლობის მიზეზით დღემდე ვერ მოხერხდა აღნიშნული საკითხის დარეგულირება”, – ნათქვამია “დემოკრატიული მოძრაობის” განცხადებაში.

კულტურის სამინისტროს ცნობით, მათი უწყების გარდა, 2010 წლიდან აღნიშნულ საკითხზე სისტემატურად მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო საფრანგეთში.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით იუნესკოსთან, რომელიც კულტურულ–ისტორიული მემკვიდრეობის დაცვაზე ზრუნავს. მან იმედი გამოთქვა, რომ იუნესკოს მისია შეძლებს აფხაზეთში შესვლას, იქ არსებული ვითარების შესწავლას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.

“რომ იყოს რეალური სურვილი და ნება საქართველოს ხელისუფლებისა ილორის სახელობის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის პირვანდელი სახის აღდგენისა, ქართული მხარე რუსეთის პატრიარქის დაპირებას დიდი ხნის წინ გამოეხმაურებოდა, ვინაიდან ყველასათვის ნათელია, რომ აღნიშნული საკითხის დარეგულირებას ვერც იუნესკო და ვერც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ მოახერხებს, უშუალოდ რუსეთის საპატრიარქოს გარეშე”, – ნათქვამია “დემოკრატიული მოძრაობის” განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი