საზოგადოება

ლეღვთახევის რეაბილიტაცია 2012 წლის ბოლომდე დასრულდება

21 იანვარი, 2012 • 2842
ლეღვთახევის რეაბილიტაცია 2012 წლის ბოლომდე დასრულდება

2012 წელს ძველი თბილისის კიდევ ერთი ნაწილის, ლეღვთახევის, რეაბილიტაცია დასრულდება.

ლეღვთახევი ძველი ქალაქის ცენტრში, ჭრელი აბანოების უკან მდებარეობს, ამ ადგილის რეკონსტრუქცია–რეაბილიტაციის პროექტი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. როგორც მერიის ვებ–გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, “ლეღვთახევის რეაბილიტაციის პროგრამის კონცეპტუალური იდეის მთავარი მიზანი ამ უნიკალური გარემოს ძველი ქალაქის განუყოფელ ნაწილად ქცევაა”.

პროექტის მიხედვით, რეაბილიტაციის მიზანი აღნიშნული ტერიტორიისთვის რეკრეაციული ხასიათის მინიჭებაა. პროექტზე “თბილისის განვითარების ფონდი” მუშაობს. ფონდის თავმჯდომარის, გიორგი საბანიძის განცხადებით, სამუშაოები რამდენიმე ეტაპად დაიყო:

“რეაბილიტაცია რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, ამ თვეების განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ხევი სავსე იყო წლების განმავლობაში მდინარის ჩამოტანილი ნაშალით, დაახლოებით 4–5 მეტრი მიწის მასა იქნა მოცილებული და ხევი იმ ნიშნულამდე დავიდა, სადამდეც მე–19 საუკუნეში იყო.”

გაწმენდითი სამუშაოების დროს აღმოჩენილია უძველესი თიხის მილები, საიდანაც აბანოთუბანი წყლით მარაგდებოდა, ასევე, აღმოაჩინეს ძველი საყრდენი კედლის ფრაგმენტები. საბანიძის განცხადებით, ყველაფერი, რაც გათხრებისას აღმოაჩინეს, ხელუხლებელი დარჩება და რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ნახვა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება.

ხევის გაწმენდის იდეას მიესალმება “ტფილისის ჰამქრის” დირექტორი ალექსანდრე ელისაშვილიც:

“ეს ხევი აუცილებლად უნდა გაწმენდილიყო, რადგან წლების მანძილზე სანაგვედ იყო ქცეული, ამიტომ გაწმენდით სამუშაოებს მივესალმები. ამ ადგილს მართლაც აქვს პოტენციალი, გახდეს კარგი ტურისტული ადგილი, მაგრამ მეორე საკითხია, როგორ განახორციელებს მერია პროექტს”.

ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, მან ეს ადგილები ადრეც მოინახულა, თუმცა რეაბილიტაციის პროექტი დღემდე არ უნახავს:

“მე ადრეც ვიყავი მისული ამ ადგილას, ვნახე, რომ ტრაქტორები მუშაობდნენ და პირადად გავაფრთხილე იქ მყოფი ხელმძღვანელი, რომ ამ ადგილებში ნანგრევებია და არ დაეზიანებინათ. დამპირდნენ, რომ სიფრთხილეს გამოიჩენდნენ მუშაობისას, მაგრამ დარწმუნებით იმის თქმა, თუ რამდენად ხარისხიანად კეთდება რეაბილიტაცია, ჯერ არ შემიძლია”.

“ტფილისის ჰამქარმა” პროექტის დოკუმენტების მოთხოვნით თბილისის მერიას მხოლოდ ახლა მიმართა. ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, სრულ შეფასებებს პროექტის ნახვის შემდეგ გააკეთებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში, უკვე მოხდა 1950–ან წლებში აშენებული კოლექტორის დემონტაჟი. იგეგმება, ასევე, ფასადური სამუშაოების ჩატარება იმ სახლებზე, რომლებიც ხევის მხარეს გამოდის, პარალელურად მიმდინარეობს ბოტანიკურის ქუჩის რეაბილიტაციაც.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “ჯორჯიან ინჟინერინგი” ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი