საზოგადოება

როგორი იქნება თბილისის განახლებული ბოტანიკური ბაღი [Video]

20 იანვარი, 2012 • 3682
როგორი იქნება თბილისის განახლებული ბოტანიკური ბაღი [Video]

თბილისის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იწყება. პროექტი სახელწოდებით “ბოტანიკური ბაღის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციია” ბაღის დაახლოებით მეხუთედის განახლებას და საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებას გულისხმობს.

წლების მანძილზე ბოტანიკურ ბაღს უამრავი პრობლემა ჰქონდა, მათი ნაწილი დღემდე მოსაგვარებელია. 

ბოტანიკური ბაღის სახელი ამ ადგილს 1845 წელს წელს მიენიჭა, შესაბამისად, ბაღი ერთ–ერთი უძველესია მთელ კავკასიაში. მთლიანი ტერიტორია 98 ჰექტარია.

ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, ეს არის– ინფრასტრუქტურა, ბაღის ისტორიული ნაწილის კეთილმოწყობა და ისტორიული ძეგლების რესტავრაცია.

ბოტანიკურ ბაღში რამდენიმე ტურისტული ბილიკია, შესაბამისად, ბაღის დასათვალიერებლად რამდენიმე ტურის არჩევაა შესაძლებელი, მათ შორის ყველაზე მოკლე ტურის გასავლელად მინიმუმ სამსაათნახევარი დაგჭირდებათ.

ბილიკების საერთო სიგრძე დაახლოებით 27 კილომეტრია. ბილიკების მოკირწყვლასთან ერთად სკამების დამატებაც იგეგმება, რადგან ამ მანძილზე დღესდღეობით დასასვენებლად მხოლოდ  15–მდე სკამია განლაგებული.

როგორც ბოტანიკური ბაღის დირექტორი მაია თავართქილაძე ამბობს, პროექტის იმ ვარიანტში, რომელიც დღეს არსებობს, არა მარტო სკამების, არამედ სხვა დასასვენებელი ადგილების მოწყობაცაა გათვალისწინებული:

“ჩვენ დღესაც საკმაო რაოდენობის ვიზიტორები გვყავს, თუმცა, ტურის განმავლობაში განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებს და ბავშვებს დასვენების საშუალება ნაკლებად აქვთ. დამთვალიერებელი ბაღში გაცილებით მეტხანს დარჩება, დასვენების და ელემენტარული ჩაის ან ყავის დალევის საშუალებაც რომ ჰქონდეს, სწორედ ამიტომ ბაღში ვიზიტორთა ცენტრი გაკეთდება”.

ვიზიტორთა ცენტრი ბოტანიკური ბაღის შესასვლელში იქნება განთავსებული. აქ დამთვალიერებელს, გარდა იმისა, რომ სეზონების მიხედვით საინტერესო ტურების შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლება, ასევე, ექნება საშუალება რომ მიიღოს ბაღის რუკა, დაისვენოს კაფეში, ისარგებლოს წიგნის მაღაზიით, რომელიც აქვე განთავსდება, შეიძინოს სუვენირები და მცენარეები.

ბაღში რამდენიმე ადგილზე მოედნები მოეწყობა, რომლებსაც სხვადასხვა მცენარის ფოთლის ფორმა ექნება და შესაძლოა ამ ფოთლის სახელწოდებაც დაერქვას. ასევე, გაკეთდება საბავშვო მოედანი, თუმცა არა ისეთი, როგორიც სკვერში კეთდება:

“ბოტანიკური ბაღი განსხვავდება ბაღისგან და სკვერისგან. ნებისმიერი დეტალის გაკეთებისას ჩვენ შევეცდებით, აქცენტირება გაკეთდეს ბუნებრივი მასალების გამოყენებაზე”, – ამბობს მაია თავართქილაძე.

ბაღის ტერიტორიაზე ამოქმედდება მუზეუმიც.

“ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა ბოტანიკური მუზეუმი, სადაც ბოტანიკური ექსპოზიციები იყო წარმოდგენილი. სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდის მანძილზე მუზეუმი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ერთი პერიოდი ლტოლვილებიც კი ცხოვრობდნენ. შენობა მე–20 საუკუნის დასაწყისით თარიღდება და თავდაპირველად ბაღის ადმინისტრაცია სწორედ იქ იყო განლაგებული. მოხდება შენობის რეაბილიტაციაც და გათვალისწინებული იქნება ბოტანიკური ექსპოზიციებისთვის საჭირო საგამოფენო სივრცის შექმნა. გარდა ამისა, აქ შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციების და სემინარების ჩატარება.”

რაც შეეხება ბაღის ისტორიულ ნაწილს და ძეგლების რეაბილიტაციას, ბოტანიკური ბაღის დირექტორის განცხადებით, აქ საქმეში ძეგლთა დაცვის სპეციალისტები და ხელოვნებათმცოდნეებიც ჩაერთვებიან.

ბოტანიკურ ბაღში მდებარეობს უძველესი თაღოვანი ხიდი, რომელსაც “თამარის ხიდი” ჰქვია. ხიდი დღეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და შეკეთებას საჭიროებს. ასევე, ბაღის ცენტრალური შესასვლელიდან ბილიკის დასაწყისში ნარიყალას ფრაგმენტი შემოდის, რომელიც დროდადრო ინგრევა. გალავნის გამაგრების საკითხზე ბაღის ადმინისტრაციამ ერთხელ უკვე მიმართა მერიას, თუმცა მაშინ კედლის შეკეთება ვერ მოხერხდა.

როგორც მაია თავართქილაძემ აღნიშნა, ამ და სხვა ისტორიული ძეგლების აღსადგენად სპეციალური პროექტები ცალკე დგება და ძეგლების სიძველე და ავთენტიკურობა შენარჩუნებული რომ იყოს, გაკონტროლდება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი კომპანია განახორციელებს ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტს, ასევე, უცნობია სამუშაოებს დაწყების და დასრულების ვადები, თუმცა, თავართქილაძის განცხადებით, სავარაუდოდ, რამდენიმე კონტრაქტორთან მუშაობა მოუწევთ, რადგან არსებული სამუშაოების შესრულებას მხოლოდ ერთი კომპანია ვერ მოახერხებს.

მას შემდეგ, რაც ბოტანიკურ ბაღში ასვლა საბაგიროთი იქნება შესაძლებელი (საბაგიროს გახსნა 26 მაისსაა დაგეგმილი), ბაღის მთავარი შესასვლელი სწორედ ზემოდან იქნება. აქ განთავსდება საინფორმაციო სტენდიც. რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ ბაღში შესასვლელი თანხა, სავარაუდოდ, არ შეიცვლება და სკოლის მოსწავლეებისთვის 50 თეთრი, ხოლო უფროსებისთვის 1 ლარი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი