საზოგადოება

ეკომიგრაცია – გამოწვევა საქართველოსთვის

19 იანვარი, 2012 • 7001
ეკომიგრაცია – გამოწვევა საქართველოსთვის
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემებით, 11 000-ზე მეტი ოჯახის სახლი დანგრეული ან საცხოვრებლად უვარგისია.

“ერთი მხრივ, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ამდენი ადამიანი ცხოვრობდეს დანგრეულ სახლში, მაგრამ მე მიწევდა 2-3 წლის მანძილზე სიარული სხვადასხვა ადგილზე და დავრწმუნდი, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია,” – ამბობს რეზო გეთიაშვილი, CENN-ის პროექტების კოორდინატორი, რომელიც კვლევის “ეკომიგრაცია – გამოწვევები და შესაძლებლობები გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებებისა და მიგრაციის კონტექსტში” – ავტორია.

ბუნებრივ კატასტროფებს ხშირად ახლავს მსხვერპლიც, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობამ ბოლო წლებში ოთხასს მიაღწია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში მეწყერმა სახლი დამარხა და შვიდწევრიანი ოჯახიდან 6 გარდაიცვალა, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი.

სპეციალისტები ეკომიგრაციის სფეროში ორ მთავარ პრობლემას გამოიყოფენ: პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფო სტრატეგიის არარსებობა პრობლემასთან საბრძოლველად და მეორე, იურიდიული ვაკუუმი – ეკომიგრანტს არ გააჩნია სამართლებრივი სტატუსი და სოციალური გარანტიების განმსაზღვრელი საკანონმდებლო რეგულაცია.

2004–10 წლების მონაცემებით, სახელმწიფო წელიწადში 100-მდე ოჯახის განსახლებას ახერხებდა, თუმცა ეკომიგრანტების რაოდენობა 2010–11 წლებში 9600–დან 11 000 ოჯახამდე გაიზარდა.

“ამიტომ სახელმწიფოს ჭირდება სწორი მიდგომა და სტრატეგია, როგორ შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესება,”- აღნიშნავს გეთიაშვილი.

კვლევის ჩატარების დროს, CENN-ისთვის ცნობილი გახდა ისეთი ოჯახების შესახებ, რომელთა საცხოვრებელ სახლებსაც ერთი და იგივე მდგომარეობა ჰქონდათ, თუმცა ერთ ოჯახს ზარალი 5000 ლარით აუნაზღაურდა, მეორეს კი – 23 000-ით, რაც, მკვლევარების შეფასებით, თანხების არაეფექტურ ხარჯვაზე მიუთითებს.

მთიანი აჭარიდან 40 000 ადამიანია განსახლებული, თუმცა, რეზო გეთიაშვილის თქმით, განსახლება არ ნიშნავს პრობლემის მოგვარებას, რადგან ადგილნაცვალი  პირები საზოგადოების უღარიბეს ფენად რჩებიან და 1990-ანი წლებიდან განსახლებული ოჯახები ორი ათწლეულის მერეც ვაგონებში ცხოვრობენ.

”ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენ ვიყავით აჭარის ერთ-ერთ სოფელში, რომელიც მთლიანად განსახლდა, მოგვიანებით კი 90% ისევ უკან დაბრუნდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ განსახლება არ  ნიშნავს პრობლემის გადაჭრას, სახელმწიფოს ჭირდება სტრატეგია, რომ განსაზღვროს, რა დროსაა საჭირო განსახლება და რა დროს დახმარება”.

მეორე მხრივ, ეკომიგრაცია არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, მსოფლიოში 25 000 000 ადამიანი ითვლება ეკომიგრანტად და ეს ციფრი ომისა და პოლიტიკური ძალადობის შედეგად გადაადგილებულ ადამიანთა რიცხვზე ორჯერ მეტია. გლობალური დათბობის გამო ამ ციფრის გაზრდას ვარაუდობს გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი, რომელთა განცხადებითაც, 2050 წლისათვის საცხოვრებელ სახლს მილიარდამდე ადამიანი დაკარგავს.

”ეს არის ახალი გამოწვევა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ეროვნული მთავრობებისთვის და ისინი უკვე იწყებენ მასობრივი მიგრაციების მოსალოდნელი შედეგებისთვის  მომზადებას,” – აღნიშნავს CENN-ის პროექტების კოორდინატორი.

მისივე განცხადებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან დიალოგისას მათი მხრიდან არგუმენტი იყო ის, რომ საქართველო არის სპეციფიკური ქვეყანა, მას აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ძალიან დიდი რაოდენობით დევნილები ჰყავს და ამიტომ შეიძლება იყოს განსხვავებული მიდგომა ეკომიგრანტების მიმართ:

”როცა ჩვენ ვსაუბრობთ 11 000 ოჯახზე, რომელიც სიცოცხლის რისკის ქვეშ ცხოვრობს, ამ მხრივაც საქართველო სპეციფიკური ქვეყანაა და აუცილებელია, ქვეყანამ  ზრუნვა და ფიქრი დაიწყოს პრობლემის  დასარეგულირებლად,” – აცხადებს რეზო გეთიაშვილი.

კვლევის პრეზენტაციას, რომელიც 18 იანვარს გაიმართა, ესწრებოდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი, განსახლების სამმართველოს უფროსი გიორგი მაზმიშვილი, რომელიც არ დაეთანხმა აღწერილ სიტუაციას და აღნიშნა, რომ საქმე არც ისე კატასტროფულადაა, როგორც ჩანს და ყველა ოჯახზე, რომელიც რისკის ზონაშია,  სახელმწიფო  ფიქრობს, რომ დაეხმაროს.

”ჩვენ ვცდილობთ, რომ ნაკლები გვქონდეს ასეთი ფაქტები. რა ვქნათ ახლა?! – კავკასია სეისმურად აქტიური ზონაა და ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რა იქნება და როგორ, სახელმწიფო შეძლებისდაგვარად აკეთებს იმას, რაც მას ევალება”,- აღნიშნა მაზმიშვილმა

გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებით იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი შემდეგნაირად განისაზღვრება:

”იძულებით გადაადგილებულ პირებად ითვლებიან ის პირები ან პირთა ჯგუფები, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ სახლი ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რათა გაქცეოდნენ შეიარაღებულ კონფლიქტს, საყოველთაო ძალადობას, ადამიანის უფლებათა ხელყოფას და სტიქიურ ან ადამიანის მიერ შექმნილ კატატროფებს”.

ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო დონეზე დევნილი და ეკომიგრანტი არის ერთი და იგივე კატეგორია. საქართველოში ამ საკითხს კანონი  „იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა შესახებ” არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, იძულებით გადაადგილებულ პირებად ითვლებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც დატოვეს საკუთარი სახლები მხოლოდ და მხოლოდ შეიარაღებული და სამხედრო კონფლიქტის შედეგად.

”კანონი არ იცავს პირთა ჯგუფს, რომელიც სტიქიური მოვლენის ან ადამიანის მიერ შექმნილი კატასტროფის შედეგად იძულებული გახდა, დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ხელისუფლებასაც მოხსნილი აქვს პასუხისმგებლობა და იძულებით გადაადგილებული პირებიც მოკლებულნი არიან კონსტიტუციით თუ საერთაშორისო პრინციპებით დადგენილი უფლებების განხორციელების შესაძლებლობებს,” – ნათქვამია CENN-ის მიერ განხორციელებულ კვლევაში.

ეს პრობლემა აღნიშნულია სახალხო დამცველის 2010 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც, სადაც ნათქვამია, რომ  სტიქიის მოვლენების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა ადეკვატური დაცვის რეალიზაციის არსებული სამართლებრივი რეგულაციები ძალზე ზოგადი, მწირი და არადამაკმაყოფილებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი