საზოგადოება

სომეხი მწერლის სახლ–მუზეუმის ქართულ-თურქულ კომპანიაზე მიყიდვას აპროტესტებენ

17 იანვარი, 2012 • • 1260
სომეხი მწერლის სახლ–მუზეუმის ქართულ-თურქულ კომპანიაზე მიყიდვას აპროტესტებენ

თბილისში სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ოვანეს თუმანიანის სახლ–მუზეუმი ქართულ-თურქულმა კომპანიამ იყიდა.

ამის თაობაზე ინფორმაციას თავდაპირველად სომხურმა სააგენტო news.am -მა გაავრცელა.

სააგენტოს ინფორმაციით, სახლ–მუზეუმის ნაწილი 1990–იან წლებში ბიზნესმენმა შეიძინა, რომელმაც ახლა გადაწყვეტა, რომ ეს სახლ–მუზეუმი ქართულ–თურქულ კომპანია “გეო ტურან”–ს მიყიდოს.

სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიამ სხვა ფართი შესთავაზა მწერლის შვილიშვილს, რაზეც მისგან უარი მიიღო.

შენობის ახალმა მფლობელმა, ქართულ–თურქული კომპანია “გეო–ტურანის” ხელმზრვანელობამ, “ნეტგაზეთთან” საუბარში დაადასტურა, რომ მათ აღნიშნული ფართი შეიძინეს კერძო პირისგან: “ სხვა კომპანიის სახელით ვყიდილობთ ამ ფართს. პარტნიორების გადაწყვეტილებაა ასეთი. იქ მალე დაიწყება სარემონტო სამუშაოები”.

news.am -ს ცნობით, სომხეთის კულტურის სამინისტრო ქართულ მხარეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სიტუაციაში გარკვევას და საპასუხო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

როგორც საქართველოს კულტურის სამინისტროს პრესსამსახურმა აღნიშნა “ნეტგაზეთთან” საუბარში, აღნიშნული სახლ–მუზეუმი სამინისტროს დაქვემდებარებაში არ არის:

“ ზოგადად, ამ შენობას მინიჭებული აქვს სახლ–მუზეუმის სტატუსი, ძველი შენობაა, ნაავარიევი. ძეგლის სტატუსიც აქვს ამ შენობას, გასხვისებაც დასაშვებია, მაგრამ მერიის ბალანსზეა. ანუ ჩვენს დაქვემდებარებაში არ არის. თუმცა, შესაძლოა, ის ახლა კერძო პირის საკუთრებაა”.

ხოლო თბილისის მერიაში აღნიშნეს, რომ მერიის დაქვემდებარებაში არ არის ოვანეს თუმანიანის სახლ–მუზეუმი და საერთოდ არც არავისზე გაუყიდიათ.

შენობა, რომელიც თბილისში, სოლოლაკში, ამაღლების 18–ში მდებარეობს, ავარიულია. ადგილობრივი მაცხოვრებლის თქმით, ამჟამად ზედა სართულზე არავინ ცხოვრობს, ეს სახლი დიდი ხანია, უკვე გაყიდულია. აქ აღარ არის თუმანიანის სახლ–მუზეუმი, ახლა ვინ იყიდა, ეგ არ იცის.

მასალების გადაბეჭდვის წესი