საზოგადოება

გაძვირდება თუ არა სახელმძღვანელოები

16 იანვარი, 2012 • 1278
გაძვირდება თუ არა სახელმძღვანელოები

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების მიხედვით, გამომცემლობებს, რომლებიც სასკოლო სახელმძღვანელოებს დაბეჭდავენ, დაახლოებით სამჯერ მეტი საფასურის გადახდა მოუწევთ. ახალი სასწავლო წლიდან საგამომცემლო ხარჯებმა, შესაძლოა, სახელმძღვანელოების საფასურიც გაზარდოს.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანებაში ცვლილება რამდენიმე დღის წინ შევიდა.

ცვლილების შესაბამისად, გამომცემლობებს, რომლებიც ერთი სასკოლო სახელმძღვანელოში, გრიფირების კონკურსში წარსადგენად, ბრძანებით დადგენილ 500 ლარს იხდიდნენ, ცვლილების შესვლის შემდეგ 1600 ლარის გადახდა მოუწევთ.

შარშან გამომცემლობა „ბაკურ სულაკაურს“ ექვსი კლასის სახელმძღვანელოს კონკურსში მონაწილეობა 3000 ლარი დაუჯდა. წელს იმავე ექვს წიგნში 9600 ლარის გადახდა მოუწევს. ვინაიდან სახელმძღვანელოებზე მუშაობა გამომცემლობას აღნიშნულ ცვლილებამდე დაწყებული ჰქონდა, როგორც გამომცემლობაში ამბობენ, ხარჯების მომატების მიუხედავად, მათ გამოცემას ვეღარ შეწყვეტენ.

გამომცემლობებისთვის ხარჯთა გაზრდის მიუხედავად, დაგეგმილ პროექტებზე უარს ვერც გამომცემლობა „დიოგენეში“ ამბობენ.

“ძალიან გვიჭირს შუა გზაზე თავი შევიკავოთ მათი გამოცემისგან. ჩვენ ვალდებულება გაგვაჩნია ავტორების წინაშე, თუმცა ძალიან დიდ ტვირთად დაგვაწვება ეს ხარჯი. ეს გამომცემლობებს დააზარალებს გარკვეულწილად. ეს რომ გვცოდნოდა, ამდენ პროექტს აღარ დავგეგმავდით,“–ამბობს „დიოგენეს“ რედაქტორი ლალი ბაქრაძე.

სახელმძღვანელოების თვითღირებულების ზრდა, გამომცემლების ნაწილის თქმით, მათ საბაზრო ღირებულებსაც გაზრდის.

„ნებისმიერ სარედაქტორო, ილუსტრაციის თუ სხვა ხარჯს ვანაწილებთ და შეგვაქვს წიგნის თვითღირებულებაში. შესაბამისად, ფასზე მოახდენს გავლენას, თუმცა დიდი ცვლილება, ვფქირობ, არ იქნება. ზუსტად არ ვიცით, რა გავლენას მოახდენს საბოლოო საფასურზე,“–ამბობს თინათინ კუხიანიძე, გამომცემლობა  „ბაკურ სულაკაურის“ პროექტების მენეჯერი.

„ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულები არ ვართ. უამრავი კითხვა გვაქვს ჩვენც. წიგნები მზადების პროცესშია და მარტში არის კონკურსი, იქამდე ჩამოვყალიბდებით,“–ამბობს გამომცემლობა „ინტელექტის“ წარმომადგენელი.

ის, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ინიციატივა საკონკურსო ფასებთან დაკავშირებით სახელმძღვანელოს გასაყიდ ფასზე აისახება, არ ეთანხმება კახაბერ რუსაძე, გამომცემლობა „მერიდიანის“ ხელმძღვანელი.

„ეს დამატებით ხარჯები თვითონ საგამომცემლო, შიდა რეზერვებიდან იქნება მოძიებული. მართალია, ზედმეტი ხარჯების გაწევა არავისთვის სასიამოვნო არ არის, მაგრამ სახელმძღვანელოზე ფასი დარჩება იგივე,“–ამბობს „მერიდიანის“ ხელმძღვანელი.

სიმონ ჯანაშია, ექსპერტი განათლების საკითხებში, სახელმძღვანელოებზე ფასების ზრდას გარდაუვლად მიიჩნევს.

„ნებისმიერ შემთხვევაში მოსწავლეს მოუწევს ამ ფულის გადახდა და არა გამომცემლობას. გასაგები იქნებოდა წიგნზე ფასების ზრდა სამინისტროს ბიუჯეტის შემცირების ხარჯზე, თუმცა ასე არ არის, სამინისტროს ბიუჟეტი უცვლელია. ბიუროკრატიაში ხარჯავს იგივეს და დამატებით კიდევ მოქალაქეებს ახდევინებს,“–ამბობს ჯანაშია.

გამომცემლებს, რომლებისთვისაც ახალი ტარიფები სიურპრიზი აღმოჩნდა, საფასურის ზრდის მიზეზების შესახებაც  არ აქვთ ინფორმაცია. სამინისტროს მათთვის გადაწყვეტილების მიზეზები არ უცნობებია.

ნეტგაზეთის კითხვას, რა მიზეზით მოხდა საფასურის ზრდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ ეტაპზე არ უპასუხა. სამინისტრომ კითხვის წერილობით გადაგზავნა ითხოვა.

სომონ ჯანაშიას ფიქრობს, რომ ვინაიდან ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი გაუქმდა, გრიფირების საკითხთა ნაწილი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში გადავიდა, რამაც მეტი ექსპერტის დაქირავება და, შესაბამისად, ხარჯების ზრდა გამოიწვია.

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი სამინისტრომ 2010 წელს გამოაცხადა. გრიფის მისანიჭებლად სახელმძღვანელო ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგად დადგენილ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.

მაშინ, როდესაც „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ” ბრძანება შევიდა, გრიფირების კონკურსში მონაწილეობისთვის გამომცემლობას ერთი კონკრეტული სახელმძღვანელოს წარსადგენად დღევანდელი ტარიფებისგან განსხვავებით 500 ლარი უნდა გადაეხადა.

რამდენიმე დღის წინ შესული ცვლილების მიხედვით, მასწავლებლის წიგნის გრიფის მინიჭების საფასურიც შეიცვალა,– ის 100 ლარიდან 300 ლარამდე გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი