საზოგადოება

თბილისის ცირკში ცხოველებს ელოდებიან

15 იანვარი, 2012 • 4754
თბილისის ცირკში ცხოველებს ელოდებიან

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ თბილისის ცირკი ცხოველების გარეშე დაბრუნდა.

 

თბილისის ცირკის ხალხით სავსე დარბაზში ჯამბაზების დანახვაზე ბავშვების ოვაციები და შეძახილები არ წყდება. მშობლების მოლოდინი, რომ ცირკში ცხოველებსაც იხილავდნენ, არ გამართლდა.

 

როგორც თბილისის ცირკის ფინანსური დირექტორი, ლევან გაგვიშვილი ამბობს, ცხოველების ჩამოყვანას დრო ჭირდებოდა, რაც ცირკის გახნას იანვარში ხელს შეუშლიდა.

”ცხოველების ჩამოყვანაზე საკარანტინო სამსახურებმა შეფერხებები შეგვიქმნეს პერიოდთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავდა, რომ  ცირკს ამ პერიოდში ვერ გავხსნიდით, ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, ჯერ ცირკი გაგვეხსნა და სხვადასხვა კოლექტივები ჩამოგვეყვანა. სხვადასხვა ქვეყნიდან  ცხოველების ჩამოყვანა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თითოეული ცხოველის ჩამოყვანა დაახლოებით 8000 აშშ დოლარი ჯდება” – ამბობს ცირკის ფინანსური დირექტორი.

თბილისის ცირკი თებერვალში რუსეთიდან და უკრაინიდან დათვებისა და მაიმუნების, მონღოლეთიდან კი აქლემების ჩამოყვანას  გეგმავს.

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, 5 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით, თბილისის ცირკში წარმოდგენები ყოველდღე გაიმართება.

საცირკო წარმოდგენის პირველ ნაწილს თეატრალური სპეკტალის სახე აქვს, სადაც ქართველი მსახიობები მონაწილეობენ, მეორე ნაწილში კი მთლიანად საცირკო ნომრებია წარმოდგენილი, სადაც მხოლოდ მოწვეული სტუმრები იღებენ მონაწილეობას.

მოწვეულ სტუმრებს შორის რუსი, უკრაინელი და ფრანგი მსახიობები აირიან.

”წარმოუდგენელია ქალაქი უცირკოდ, თითქმის 5 წელი დახურული იყო ცირკი და აუცილებელობად მიგვაჩნდა მისი აღდგენა, ამიტომ, როგორც კი იურიდიულად და ფინანსურად მოგვეცა საშუალება, დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები,” – ამბობს ცირკის ფინანსური დირექტორი.

გაგვიშვილის თქმით, ცირკის აღდგენა და სარეკონსტრუქციო სამუშაოები ნახევარი მილიონი ლარი დაჯდა.

თბილისის ცირკი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრებაშია, შესაბამისად, ცირკს ფინანსურად მისი ოჯახი უზრუნველყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი