საზოგადოება

რვა ტუალეტი მილიონნახევრიან თბილისში

13 იანვარი, 2012 • 4047
რვა ტუალეტი მილიონნახევრიან თბილისში
თბილისში, სადაც, ბოლო მონაცემებით, დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანი ცხოვრობს, მხოლოდ 8 საზოგადოებრივი ტუალეტი ფუნქციონირებს. ტუალეტები განთავსებულია ვაკის პარკში, ვერის ბაღში, 9 აპრილის ბაღში, ვარკეთილის მე–3 მ/რ–ში, ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღში, პარკ „მზიურში“ და დაბა კოჯორში.

გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი მარინა გიორგობიანი ამბობს, რომ თბილისის საზოგადოებრივ ტუალეტებში შექმნილმა ანტისანიტარიამ შესაძლოა, უამრავი დაავადება გამოიწვიოს:

“მათ შორის ისეთი განსაკუთრებით საშიში დაავადებები, როგორებიცაა– დიზენტერია, მუცლის ტიფი, არ არის გამორიცხული ქოლერა და ჰეპატიტიც”

როგორც მარინა გიორგობიანი ამბობს, ინფექციების გავრცელება განსაკუთრებით საშიშია ბავშვებში, რადგან მათ შედარებით სუსტი იმუნური სისტემა აქვთ. საზოგადოებრივი ტუალეტები კი სწორედ ისეთ ადგილებშია განთავსებული, სადაც ბავშვებს ხშირად უწევთ ყოფნა:

“ტუალეტები უამრავი ნორმის გათვალისწინებით უნდა იყოს მოწყობილი. ნორმალურ პირობებში აუცილებელია, რომ ბავშვებისა და დიდების ტუალეტი გამოყოფილი იყოს ერთმანეთისგან. თუმცა ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან ხშირად ელემენტარული პირობებიც კი არ არის მოწესრიგებული, ისეთი, როგორიცაა სველი წერტილები, რომ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, დაიბანოს ხელი”.

მარინა გიორგობიანის თქმით, საფრთხის თავიდან ასაცილებლად ჰიგიენის დაცვის უამრავი მეთოდი არსებობს:

“21–ე საუკუნეში ნამდვილად არის საშუალება და აუცილებელია, გამოყენებული იყოს უნიტაზი, რომელზეც დამონტაჟებული იქნება ის მოწყობილობა, რომელიც ყოველი მოხმარების შემდეგ პოლიეთილენის პარკს ცვლის. თუმცა, თუკი ამის გაკეთება არ ხერხდება, ნაკლები საფრთხის შემცველია ე.წ. აზიური ტიპის ტუალეტი. ჩვენ არ ჩაგვიტარებია კვლევა, თუმცა ნორმების დაცვით გაკეთებული ტუალეტი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 4 და 5– ვარსკვლავიან სასტუმროებში ან კერძო დაწესებულებებში თუ შეგხვდებათ”.

ჰიგიენისა და სანიტერიის ინსტიტუტში მოსახლეობას ურჩევენ, რაც შეიძლება ნაკლებად ისარგებლონ საზოგადოებრივი ტუალეტით, სარგებლობის შემთხვევაში კი აუცილებლად დაიბანონ ან დაიმუშაონ ხელები სველი ხელსახოცით.

საზოგადოებრივი ტუალეტების თემით საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატის მუდმივი წარმომადგენელი ბერლინში, მიხეილ ჯაფარიძე რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა:

“იმ დროს დაიწყო საქართველოში ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება და, სამწუხაროდ, არავის მოფიქრებია ელემენტარული და უმთავრესი ატრიბუტიკის განვითარება, როგორიცაა საზოგადოებრივი ტუალეტის სისტემა”, – ამბობს მიხეილ ჯაფარიძე.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ტუალეტებს ადგილობრივი მოსახლეობა მოიხმარს, აუცილებელია ფიქრი ტურისტულ განვითარებაზეც, რადგან ტურისტი, რომელსაც ქვეყანაში მსგავსი სიტუაცია დახვდება, აქ ჩამოსვლას მეორედ აღარ მოინდომებს.

მიხეილ ჯაფარიძე, რომელიც 14 წელია გერმანიაში ცხოვრობს, საკუთარი ინიციატივით და ხარჯებით დაუკავშირდა წამყვან კომპანიებს და ერთ–ერთი შვედური ფირმა danfo ამოარჩია საქართველოში საზოგადოებრივი ტუალატების მოსაწყობად მათი პირობების გაცნობის შემდეგ კი მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან დაიწყო:

“პირადად დავუკავშირდი საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, ვერა ქობალიას, რადგან ტურიზმის დეპარტამენტი არ იყო ბოლომდე ჩამოყალიბებული და ის განაგებდა დროებით ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებს”, – ამბობს მიხეილ ჯაფარიძე. ამის შემდეგ ის თბილისის მერიასთან და ეკონომიკის სამინისტროს ერთ–ერთ განყოფილებასთან დააკავშირეს, თუმცა ფირმა danfo–სთან დაწყებული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

როგორც მიხეილ ჯაფარიძე აცხადებს, საზოგადოებრივი ტუალეტები ეკონომიკურად მომგებიანი არაა, ამიტომ ფირმა, რომელიც ტუალეტებს აკეთებს, სხვა შეთავაზებებს იღებს:

“მაგალითად, ბერლინში საზოგადოებრივი ტუალეტების სისტემის განვითარება საკუთარ თავზე აიღო სარეკლამო ფირმა Wall–მა. სამაგიეროდ ამ ფირმამ მიიღო ექკლუზიური უფლება მთელი ქალაქის ქუჩებში საზოგადებრივ ტრანსპორტზე, მეტროს გაჩერებებზე სპეციალური სარეკლამო ბანერების დასაყენებლად და დამატებით, მუნიციპალიტეტისაგან სარეკლამო გადასახადშიც შეღავათებით სარგებლობს”.

თუმცა ქართულ მხარესთან მსგავსი შეთანხმების დადება შეუძლებელი აღმოჩნდა. როგორც მიხეილ ჯაფარიძე აცხადებს, საბოლოოდ საქართველოს ხელისუფლებამ ტუალეტების გაკეთებაზე შვედურ ფირმას უარი განუცხადა და გასული წლის დასაწყისში “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას” დაავალა.

“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” მართლაც ახორციელებს ტუალეტების მშენებლობას, თუმცა არა თბილისში, არამედ – რეგიონებში. როგორც კომპანიის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ჯილდა მაჭავარიანმა განაცხადა, პროექტის მიხედვით, 2012 წელს საზოგადოებრივი ტუალეტები 50 მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს. პირველი ეტაპისთვის ტუალეტები აშენდება– აბასთუმანში, ანანურში, ახალ შუამთაში, ბაკურიანში, ბეთანიაში, დავით გარეჯში, დმანისში, ყვარელში, ნიკორწმინდაში, ნოქალაქევში, ონში, შოვში, შროშაში, უფლისციხეში, ზემო ვარძიასა და ამბროლაურსი.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აშენებს ტუალატებს ქუთაისშიც – წითელ ხიდთან, ავტომშენებლის ქუჩაზე (პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია), ცისფერყანწელების ქუჩაზე (რეაბილიტირებულ უბანში), ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყინულის მოედანთან).

“ტუალეტების მშენებლობა არ ყოფილა წყალმომარაგების კომპანიის ინტერესი, ტუალეტები მთავრობის დავალებით კეთდება. დაგვევალა ჩვენ, რადგან წყალი და საკანალიზაციო პრობლემები ჩვენი მოსაგვარებელი თემაა. ტექნიკურ საკითხებს – ფილების დაგება იქნება ეს თუ სხვა, მერია და გამგეობა  უზრუნველყოფენ”, – ამბობს ჯილდა მაჭავარიანი.

თბილისის მერიამ ჯერ კიდევ 2007 წლის იანვარში გააფორმა ხელშეკრულება შპს “ბიოკომთან” იჯარით გადაცემულ ნაკვეთებზე ტუალატების მოსაწყობად. ხელშეკრულების ვადა 2017 წლამდე განისაზღვრა, თუმცა, როგორც ირკვევა, მერიამ შპს “ბიოკომთან” კონტრაქტი გაწყვიტა.

ამ დროისთვის თბილისში არსებული საზოგადოებრივი ტუალეტები ისევ მერიის საკუთრებაშია.

“ნეტგაზეთის” შეკითხვებს – იგეგმება თუ არა საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობა თბილისში და რომელი კომპანია ააშენებს მათ, თბილისის მერიამ არ უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი