საზოგადოება

“აგვისტოს ომის განაჩენის” ევროპული ჩვენებები

12 იანვარი, 2012 • 1853
“აგვისტოს ომის განაჩენის” ევროპული ჩვენებები

სტუდია რე-ში მომზადებული  ახალი დოკუმენტური ფილმის – “აგვისტოს ომის განაჩენის” ევროპული ჩვენებები დეკემბერში მოეწყო.

ეს ფილმი მომზადებულია ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის მხარდაჭერით (USIP).  ფილმის რეჟისორმა – მამუკა ყუფარაძემ, ევროპის ოთხ ქვეანაში მაყურებელს ექვსჯერ წარუდგინა ფილმი.  ფილმის ევროპული ჩვენების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც „აგვისტოს ომის განაჩენი“ ვენის ადამიანის უფლებათა დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალზე მოხვდა.  ფილმის, რომელიც საქართველოს ნაციონალურ არხებს ჯერ არ უჩვენებიათ, ფესტივალ „This Human World-ზე“ ჩვენების შემდეგ, 9 დეკემბერს,  სპეციალური დისკუსია დაეთმო. დისკუსიას მოდერაციას უწევდა ევროპის უსაფრხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) მედიაანალიტიკოსი ზიგფრიდ ვებერი (Siegfried Woeber).   კინოდოკუმენტალისტებმა და უფლებათადამცველებმა, ფილმის გარდა,  საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებაც ისაუბრეს.   მამუკა ყუფარაძესთან ერთად დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდა შერიგების რესურსების (Conciliation Resources) კავკასიის პროგრამის პროექტის მენეჯერი (Caucasus Programme Projects menejeri) მირა სოვაკარი ( Mira Sovakar).


ფოტოზე
: მირა სოვაკარი, მამუკა ყუფარაძე და ზიგფრიდ ვებერი

ვენის კინოფესტივალამდე  კი ფილმის პირველი ორი ჩვენება 5 და 6 დეკემბერს პრაღაში გაიმართა. პირველად ფილმი, ცნობილი ჩეხი ადამიანის უფლებათა დამცველის, ჟურნალისტისა და კინო დოკუმენტალისტის, პეტრუშკა შუსტროვას (Petrushka Shustrova) ორგანიზებით, უფლებათადამცველებმა და ჟურნალისტებმა იხილეს. ქართული ფილმთან ერთად მაყურებელმა ქართულ – აფხაზურ კონფლიქტზე გადაღებული შუსტროვას ახალი ფილმი – “იმპერიის საზღვარზე” (On the bordersnof the Empire) იხილა. ორივე ფილმი ერთი და იგივე თემას – საქართველოში არსებული კონფლიქტებს -ეხებოდა, თუმცა პრობლემის აღქმის რაკურსი რეჟისორებმა განსხვავებულად წარმოადგინეს.

პრაღაში ფილმი მეორედ „რადიო თავისუფალი ევროპის“ ოფისში სხვადასხვა რედაქციების ჟურნალისტებისთვის უჩვენეს.  ფილმის შემდგომ დისკუსიას  რადიო “თავისუფლების” ქართული რედაქციის ხელმძღვანელი დავით კაკაბაძე გაუძღვა.

პრაღისა და ვენის შემდეგ ფილმი 12 დეკემბერს გერმანიაში,  ქალაქ მიუხენგლადბახში, „მიუხენგლადბახის სამშვიდობო ფორუმზე“ აჩვენეს. ფილმის პრეზენტაციას ამავე ორგანიზაციის წევრი  – ბერჰარდ კლასენი (Bernhard Clasen) გაუძღვა.  ფილმის ჩვენებასა და განხილვას ადგილობრივი  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და  დასავლეთ გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც დაესწრნენ.

შემდეგი ჩვენებები და დისკუსიები ჰოლანდიის ორ ქალაქში– ჰააგასა და უტრეხტში– გაიმართა. ჰააგაში 14 დეკემბერს ფილმის პრეზენტაცია სოციალური კვლევების საერთაშორისო უნივერსტეტში (International Institute of Social Studies)  სასწავლებლად მყოფი, საჯარო პოლიტიკის მკვლევარის –  პაატა გურგენიძის ორგანიზებით მოეწყო. ფილმის შემდგომმა დისკუსიამ საქართველოსა და საქართველოში არსებული ქონფლიქტების შესახებ გაცნობითი ხასიათი მიიღო. კონფლიქტის შესახებ მრავალი კითხვა დასვეს მსოფლიოს ხსვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა  სტუდენტებმა.

ფილმის ბოლო ევროპული პრეზენტაცია კი  ქალაქ უტრეხტში, რელიგიური ნიშნით შექმნილსა და ახლა უკვე ჰუმანიტარული პროფილით მომუშავე ორგანიზაცია IKV Pax Christi-ის ოფისში, 15 დეკემბერს გაიმართა. ეს ორგანიზაცია კავკასიური კონფლიქტების თემაზე უკვე ათზე მეტი წელია მუშაობს. ფილმის ჩვენებამდე შეხვედრის ორგანიზატორმა, IKV Pax Christi-ის, კავკასიის პროგრამების უფროსმა ოფიცერმა,  გვიდო დე გრაფ ბიერბრაუერმა (Guido de Graaf Bierbrauwer )  საქართველოსა და მასში განვითარებულ კონფლიქტებზე მცირე მოხსენება წაიკითხა. ფილმის შემდგომი დისკუსიის მოდერატორი ამავე ორგანიზაციის თანამშრომელი სინტა დეპონდტი (Cinta Depondt)  გახლავთ. პანელზე კი მამუკა ყუფარაძესთან ერთად   Amnesty International -ს ამსტერდამის ოფისის, სამხრეთ კავკასიის კორდინატორი – ულა პაპე (Ulla Pape) წარსდგნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი