საზოგადოება

აქცია გუდიაშვილის მოედნის დასაცავად

24 დეკემბერი, 2011 •
აქცია გუდიაშვილის მოედნის დასაცავად

დღეს, 24 დეკემბერს, თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე, ამავე მოედნის გადასარჩენად აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 100-მდე ადამიანმა მიიღო. ისინი დედაქალაქის მერიისგან მოედნის  მიმდებარე სახლების გამაგრებასა და განახლების პროექტის საჯარო განხილვას მოითხოვენ.

”ტფილისის ჰამქრის” წევრმა და აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ალექსანდრე ელისაშვილმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ისინი მერიისგან ითხოვენ, საჯაროდ მოხდეს გუდიაშვილის რესტავრაციისა და განახლების პროექტის განხილვა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დაიწყოს გუდიაშვილის მოედანზე არსებული სახლების გამაგრებითი სამუშაოები. ელისაშვილის თქმით, უკვე რამდენიმე წელია, აღნიშნული სახლების მეპატრონეებს კომპენსაცია გადაუხადეს და გამოასახლეს. იმის გამო, რომ შენობების რესტავრაცია არავის დაუწყია, მათი დიდი ნაწილი დაზიანდა – ზოგს ფანჯარა არა აქვს, ზოგს კი სახურავი დაუზიანდა და აწვიმს.

აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ იმ პროექტს, რომლის მიხედვითაც ავსტრიული კომპანია აპირებს მოედნის განახლებას. მათი თქმით, გუდიაშვილის მოედანზე თანამედროვე სავაჭრო ცენტრების განთავსება მოედანს ისტორიულ ღირებულებას დაუკარგავს.

კომპანიის საწესდებო კაპიტალი, რომელმაც ავსტრიულ  Zechner & Zechner-ს გუდიაშვილის მოედნის პროექტი შეუკვეთა, 200 ლარია. გუდიაშვილის ქუჩაზე მულტიფუნქციური პროექტის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. პროექტის კონკურსში ავსტრიული კომპანიის გამარჯვების შესახებ ინფორმაცია   worldarchitecturenews.com გაავრცელა, რომელმაც “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ინფორმაცია Zechner & Zechner -ის პრესრელიზის მიხედვით მოამზადეს. პროექტს “გუდიაშვილის სკვერის ახალი ცხოვრება” ჰქვია.

გუდიაშვილის მოედნის პროექტის რამდენიმე ფოტომ, რომელიც worldarchitecturenews.com -მა გამოაქვეყნა, თბილისის ისტორიული იერსახის შეანარჩუნებით დაინტერესებული მოქალაქეების და სპეციალისტების აღშფოთება გამოიწვია. facebook -ზე შეიქმნა ჯგუფი “გუდიაშვილის მოედანი”, რომლის წევრებიც პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას აგროვებენ.

ამავე თემაზე:

რატომ გამოაცხადეს კონკურსი გუდიაშვილის მოედნის პროექტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი